
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგების, სტუდენტებისა და კლინიცისტი ექიმებისთვის სკოლა-ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია“. ცენტრის საგრანტო პროექტის მონაწილეა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ტრენინგზე მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, მოხსენება წარადგინეს ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორებმა: ლეილა ახვლედიანმა და თეა ქოიავამ.
ტრენინგზე იმუნოლოგიის აქტუალური საკითხები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და მასთან ბრძოლის გზები, ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპიის მიღწევები განიხილეს. გაიმართა დისკუსიები თემებზე: ნეონატალური იმუნიტეტი და ვაქცინაცია; იმუნური სისტემის კრიტიკული პერიოდები და დაბერება; როგორ ვებრძოლოთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას; ფაგების სინერგია ანტიბიოტიკებთან და სხვა.
ტრენინგს, დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ბესარიონ ლასარეიშვილი უძღვებოდა, რომელმაც 2024 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა.
პროექტი - „ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია.
კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ფარგლებში ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს სამედიცინო და ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლებში ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ფაგოთერაპიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას ფაგების კვლევის სფეროში.
პროექტის მიმდინარეობისას, ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სხვა წამყვანი ინსტიტუციების სპეციალისტები ტრენინგებს თბილისის ჰოსპიტლებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებენ.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეგიდით, გაიმართება საერთაშორისო კონგრესი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები მიჩიგანის (აშშ), ჰანოვერის (გერმანია) და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტებიდან.

უკან |