ეკოლოგიური განათლება მსოფლიოში აღიარებულია პრიორიტეტულ მიმართულებად. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მსოფლმხედველობის, ეკოლოგიური ცნობიერების, კულტურული, რელიგიური და ესთეტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაში, დედამიწის ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვასა და მათდამი პატივისცემის გრძნობის გაძლიერებაში. იგი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ სწავლებას, რომელიც აყალიბებს გარემოს დაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს, რომელთა საშუალებით ადამიანი და საზოგადოება მონაწილეობს გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესების საქმეში; იგი არის უმნიშვნელოვანესი სოციალური სტრატეგია, რომელიც თავის საბოლოო მიზნად ისახავს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა საკუთარი საარსებო გარემოს შესახებ, აქვს შეფასების უნარი, ფლობს გარემოსთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გამომუშავებული აქვს გარემოსდაცვითი განწყობა-დამოკიდებულებები. გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება ეფუძნება ფორმალური განათლების სექტორის გაუმჯობესებას, არაფორმალური განათლების საშულებათა გაძლიერებას და მიზანმიმართული საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას. ამასთან, ეკოლოგიური განათლება არ არის გამიჯნული სხვა სოციალური სტრატეგიებისაგან. პირიქით, იგი მათთან კომპლექსში არის გააზრებული, დაგეგმილი და ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც კომუნიკაცია, ეკონომიკა, პოლიტიკა, კანონმდებლობა, ეკოლოგიური მონიტორინგი, დაგეგმარება და სხვ. ეკოლოგიური განათლების პროცესში აუცილებელია განიხილებოდეს ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს ყველა ასპექტი: ეკოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნიკური, სოციალური, საკანონმდებლო, კულტურული, რელიგიური და ესთეტიკური. ეკოლოგიური განათლების განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი გარემოს დაცვისა და მდგრადი მენეჯმენტის საქმეში საყოველთაოდაა აღიარებული. მისი კრიტიკული როლი ნათლად არის ჩამოყალიბებული მსოფლიოს კონსერვაციის კავშირის (IUCN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 1980 წელს განცხადებულ „კონსერვაციის მსოფლიო სტრატეგიაში“. ეს მნიშვნელობა ასევე ხაზგასმით აღინიშნა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე („აჯენდა-21“), რომელიც გარემოს დაცვით ქმედებათა გლობალურ ჩარჩოს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში ეკოლოგიური განათლების განსაკუთრებული როლი კიდევ ერთხელ 1997 წელს აღინიშნა UNESCO-ს დოკუმენტში „განათლება მდგრადი მომავლისათვის“, რომელიც აერთიანებს ხარისხიანი სწავლა-სწავლებისა და ცნობიერების დონის ამაღლების პროცესებს და რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, ინტერდისციპლინური მიდგომითა და შესაბამისი საერთო სასკოლო კულტურის, ერთიანი ინსტიტუციური მიდგომის ჩამოყალიბებით.
„განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს გამოავლინოს ძალა თავისი იდეების განსახორციელებლად, აყალიბებს ფასეულობებს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პასუხისმგებლობის გრძნობას და ცხოვრების წესს მდგრადი მომავლისთვის.
საქართველოს 2012-14 წ.წ. ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მოცემულია, რომ „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ მხარს უჭერს გარემოს დაცვითი განათლების დანერგვას. გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსწავლეებში ეკოლოგიური კომპეტენციის განვითარებას, რომელთა შედეგებიც დიდი ხნის შემდეგ ეკონომიკური და ეკოლოგიური თანასწორობით წარმოჩნდება; აუცილებელია შევუსაბამოთ ჩვენი ცხოვრება მომავალი თაობების მოთხოვნილებებსა და უფლებებს; გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი დღევანდელი ქმედება გავლენას ახდენს იმაზე, როგორი იქნება სიცოცხლე მომავალში; გავიგოთ, რამდენად ფასეულია ჩვენი სამყაროს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და ბიოლოგიური მრავალფეროვნება; მიუხედავად ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში სხვაობისა, ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს მდგრად სამყაროში; არამდგრადი ზრდა იწვევს გარემოს დეგრადაციას. ეკოლოგიური განათლების პროცესში აუცილებლად უნდა განიხილებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპები, ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები), დაცული ტერიტორიები და მათი შექმნის აუცილებლობა, წითელი წიგნი, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების შედეგები (ხეების ჭრა, ბრაკონიერობა). ენერგიის დაზოგვისა და ბუნებრივი რესურსები რაციონალური გამოყენების მნიშვნელობები. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა საჭიროა ყველა სასწავლო პროგრამასა და გეგმაში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებსა და გეგმებში. მდგრადი განვითარებისათვის განათლება სწავლებისა და სწავლის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც არსებული სასწავლო პროგრამებისა და გეგმების დანამატი. მდგრადი განვითარებისათვის განათლების მიცემა საჭიროებს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული თემების ჩართვას სასწავლო პროგრამებში და ასევე მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სწავლის შედეგების ჩამოყალიბებას. “სასწავლო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ბავშვის, მოზარდის და ახალგაზრდის აღჭურვას არა მხოლოდ საბაზისო უნარებით, არამედ ასევე უნარებით, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენება და როგორიცაა კრიტიკული აზროვნების უნარი, კვლევა-ძიების, პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი, ადვოკატირებისა და კონფლიქტის მოგვარების უნარები, რაც უზრუნველყოფს მათ პასუხისმგებლიან გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“. ეკოლოგიურ განათლების როლი, მნიშვნელობა და სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „გარემოს დაცვის შესახებ“, რომელშიც მითითებულია, რომ ქვეყანაში აუცილებელია შეიქმნას ეკოლოგიური განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც „მოიცავს საგანმანათლებლო სასწავლებლების, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს“, აგრეთვე „სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებს“.
სკოლებში ეკოლოგიურ აღზრდას საფუძველი დაწყებით საფეხურზე ეყრება და ძირითადად ეკოლოგიური თამაშების სახით ხდება. გარემოს დაცვის და მისი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ სავალდებულო ცოდნის მინიმუმის დაუფლება უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამით. საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულია გარემოს დაცვის მართვის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი პროფილის სხვა საგნების სპეციალური კურსით სწავლება. ახალგაზრდობა საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. მას ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით უფრო მეტი კავშირი და ზემოქმედების არეალი გააჩნია, ის სხვებზე უკეთ ფლობს და იყენებს სოციალურ მედიას. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები კი თავისი დანიშნულებით ცოდნის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და პროგრესული ღირებულებების ფორპოსტს წარმოადგენს. სწორედ უნივერსიტეტებშია ახალგაზრდობის დიდი კონცენტრაცია. ამდენად, აუცილებელია უნივერსიტეტების გააქტიურება გარემოსდაცვით საკითხებში. საქართველოს უნივერსიტეტების უმრავლესობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი თაობის ეკოგანათლების უზრუნველყოფისთვის. ამ მხრივ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც უკავია მნიშვნელოვანი ადგილი. ეკოგანათლების სწორი მიმართულებით წარმართვაში მნიშვნელოვანია სტუდენტთა აქტიური ჩართულობა. ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით განხორციელდა „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" აჭარის ა/რ საჯარო სკოლებისთვის. პროექტის ფარგლებში დღეს აჭარაში მოქმედებს 15 აგროკლუბი ბათუმში, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებში.

უკან |