XIX საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის შესახებ ისტორიული წყაროები მწირია. მოზაურთა ცნობებით, ამ დროისათვის, იგი ვრცელ სოფელს უფრო ჰგავს ვიდრე პატარა ქალაქს. თურქული წყაროების მიხედვით XIX საუკუნის შუა წლებში, ოსმალეთის ხელისუფლების მიერ, დაიგეგმა ქალაქის ახალი უბანი „აზიზიე“, აიგო საკულტო ნაგებობები აბდულ აზიზის მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია, მოგვიანებით კი სიმაგრეები სარი-სუ და ბურნ-თაბიე. XIX საუკუნის 70-იანი წლების ბათუმის ურბანული განვითარების შესახებ წარმოდგენას გვიქმნის დიმიტრი ბაქარძის, ნიკო ნიკოლაძის ალექსანდრე ფრენკელის, ევგენი ვეიდენბაუმის და სხვათა ჩანაწერები. ურბანული წინსვლის მიუხედავად, 1860-1870-იან წლებში ბათუმი პატარა, პროვინციულ ოსმალურ ქალაქად რჩება. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, რუსეთის იმპერიის მიერ ბათუმის მიერთებისა და მზარდი ეკონომიკური პროცესების შედეგად, ქალაქის ურბანული სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა. შემუშავდა სამშენებლო საქმიანობის წესები. რეგულარული განაშენიანების პრინციპით გაშენდა ახალი უბნები, აიგო მულტიკულტურული რელიგური შენობები, პარკი, ბულვარი, ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლები, სასწავლებლები, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სამეურნეო ტიპის შენობები. XIX-XX საუკუნეების მიჯნის ბათუმის არქიტექტურაში თავს იჩენს მზარდი კაპიტალისტური ქალაქებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა.
უკან |