წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული თქმულებები აჭარაში მეტად მრავალფეროვანი და უნიკალურია. აჭარული ფოლკლორი და ტრადიციული სულიერება წმინდა გიორგის სახელს მფარველად და ძლიერ ძალად აღიარებს, რომელიც იცავდა აჭარას მომხვდურისაგან. ძირითადი თქმულებები და ლეგენდები მოიცავს წმინდა გიორგის მიერ განსაცდელში მყოფთა გადარჩენას, მტრისგან დაცვას და მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას. ეს ლეგენდები ხშირად აღწერენ მის ბრძოლას ბოროტ ძალებთან და ხალხის ცხოვრებაში სასწაულებრივ ჩარევას. მაგალითად, ზოგიერთი თქმულება გვიამბობს, რომ წმინდა გიორგი აჭარაში განსაცდელში ჩავარდნილ მწყემსებს დახმარებია, წყლის უხვი მარაგი მიუწვდია ან მინდვრები მოსავლიანი გაუხდია. ყურადსაღებია, ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის სასწაული. კერძოდ, ქედის რაიონის სოფელ ცხმორისში დღესაცაა ადგილი_ ,,ნაოშვარი//ნასაყდრალი“, რომლის ეტიმოლოგიას წმ. გიორგის სასწაულსა და ოსმალურ აგრესიას უკავსირებენ. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, XVI s-ში ჩვენმა წინაპრებმა სძლიეს ოსმალებს. მათი შთამაგონებელი ძალა კი წმ. გიორგი ყოფილა. მომხვდურებმა გაიგეს ქართველი ვაჟკაცების ,,საიდუმლოება“, რის გამოც მიწასთან გაასწორეს ეკლესია და საყდარი, ნანგრევები ღელეში გადაყარეს. ამ ადგილს ახლაც ნასაყდრალი ჰქვია(გაზეთი ,,კოლმეურნე“, ქედა, ანანიძე 24.5.1977 წ. )
ამგვარი თქმულებები ასახავს ხალხის რწმენასა და პატივისცემას წმინდა გიორგის მიმართ, რაც დღემდე ცოცხლობს აჭარაში და ქმნის მდიდარ, მნიშვნელოვან ფოლკლორულ ფენომენს. აღნიშნული კი ყურადსაღებია სულიერი კულტურის კვლევის თვალსაზრისით.
უკან |