ეთნოგრაფიული ეტიუდები კონსტანტინე ოდიშარიას ჩანაწერების მიხედვით
„სტამბოლის ქართულის სავანის” მეორე ტომში, რომელიც სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული ეპისტოლური და მემუარული მასალების საფუძველზე გამოიცა, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწიგნობრისა და მეცნიერის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრის კონსტანტინე ოდიშარიას (მარტვილელი) მოღვაწეობის დღემდე ნაკლებად ცნობილ საკითხებს.
არტაანის მხარეში მოღვაწეობის პერიოდში, 1914-1915 წლებში, კონსტანტინე ოდიშარიამ არტაანის მხარის მცხოვრებ მაჰმადიან ქართველთა გამოკითხვისას შედეგად შედგენილ სიძველეთა სიაში, აღნუსხა ქართველებით დასახლებული მრავალი სოფელი, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქართველთა ეთნოგრაფიული ყოფის არაერთი საინტერესო ელემენტი. გამორჩეულია კ. ოდიშარიას ცნობა პერგამენტზე დაწერილი 1435 წლით დათარიღებული „ვეფხისტყაოსანი“-ს ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერის შესახებ, რომელიც სოფელ ორკიზში მცხოვრებ ვინმე ოთარ-ბეგ შერვაშიძის საოჯახო რელიქვიას წარმოადგენდა.
იმ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლებს შორის, რომელიც კ. ოდიშარიამ აღწერა, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ბანას ძელი ცხოველის (ძელისა ჭეშმარიტისა) სახელობის ტაძარი და მის მიდამოებში უცნობი სასულიერო პირის უხრწნელი სხეულის შემონახულობის ფაქტი. აღნიშნული ადგილი წარმოადგენდა მეფეთა განსასვენებელს, სადაც, ასევე, დაუკრძალავთ ბანას პირველი ეპისკოპოსი კვირიკე ბანელი.
კულტურულ მემკვიდრეობაში ასახული წარსულის ფურცლები არტაანელთა მეხსიერებაში ფრიად მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს წარმოადგენს შემდგომი კვლევებისათვის.
უკან |