სემინარები

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი 2024 წლის 30 აპრილს, 17 საათზე, 45-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სემინარს თემაზე: "Nonfiction ჟანრის თავისებურებანი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედებაში (ნიაზ ზოსიძისა და სანდრო ბერიძის ტექსტების მიხედვით)"

პროფ. შორენა მახაჭაძე

სემინარი თემაზე:

"Nonfiction" ჟანრის  თავისებურებანი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედებაში


/ნიაზ ზოსიძისა და სანდრო ბერიძის ტექსტების მიხედვით/

დრო: 30.04.2024; 17:00 საათი, 45-ე ა

 

აბსტრაქტი
 

“Nonfiction” – (ინგ.) - „არა-გამონაგონს“ ნიშნავს. მასში შედის მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

“Nonfiction”  ჟანრის ტექსტების მიზანი ყოველთვის არის ობიექტური სინამდვილის ჩვენება, მაგრამ ეს სინამდვილე ნაჩვენებია ისე, როგორც ის აღიქვა, დააფიქსირა და შემოინახა  ავტორის მეხსიერებამ. იგი ეყრდნობა მწერლის საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ესაა ტექსტი, რომელშიც  მწერალი აცხადებს პრეტენზიას მოცემული მასალის ობიექტურებაზე და აგროვებს მტკიცებულებებს, თავისი არგუმენტების გასამყარებლად.

ასე რომ, “Nonfiction” ჟანრის უმთავრესი თავისებურება არის ფაქტის, მოვლენის, ამბის მხატვრულ-ესთეტიკურ მოვლენად გარდაქმნა ისე, რომ მკითხველს ეჭვი არ შეეპაროს მის რეალურობაში, ამასთან, მკაფიოდ იგრძნოს ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. ეს ამბები ამოღებულია ხალხის (ნიაზ ზოსიძის ტექსტების  შემთხვევაში - ფერეიდნელებისა თუ მუჰაჯირების) კოლექტიური მახსოვრობის ყულაბიდან და მხატვრულად სახეცვლილნი, გრძნობად-კონკრეტული მომენტებით გამდიდრებულნი ისევ  უბრუნდებიან საზოგადოების არქეტიპთა განძთსაცავს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გააქტიურდნენ და ჩაერთონ ეროვნული იდენტობისათვის ბრძოლაში. სწორედ ამიტომ აქვს “Nonfiction” ჟანრის ნაწარმოებებს, კერძოდ, ნიაზ ზოსიძის ჩვენ მიერ გაანალიზებულ ტექსტებს, არა მარტო მხატვრული, არამედ დიდი შემეცნებით-მეცნიერული ღირებულება და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,  ნაციონალურ-პოლიტიკური დანიშნულებაც.

ნიაზ ზოსიძის “Nonfiction”  ჟანრის ტექსტების დამახასიათებელია: ფაქტის ობიექტურობა პლუს ხაზგასმული სუბიექტური პოზიცია ავტორისა; „დროში მოგზაურობა“ - ერთმანეთზე „წაფენილი“ ამბები; შიგაჟანრული ეკლექტიზმი;

პოსტმოდერნისტული მეტაპროზისთვის  დამახასიათებელი თვითრეფლექსია;

რეალური ისტორიის, ამბის, ფაქტის გამოყენება მწვავე სოციალურ-პოლიტიკური, ეთიკური პრობლემების საჩვენებლად.

 

სანდრო ბერიძის „აზღარბული წელიწადიც“ “Nonfiction”  ჟანრის ტექსტია. მისთვის დამახასიათებელია მკაცრად რეალისტური მიდგომა აღწერილი ამბებისადმი, ფაქტების ობიექტურობა და მის მიმართ ავტორის  მოურიდებელი შეფასება;

შიგაჟანრული და სტილური ეკლექტიზმი; ინტროსპექცია; რეტროსპექცია;

პოსტმოდერნისტული „ავტორიტეტთა კრიზისი“.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა