ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრში, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა გაცილების და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სამთვიანი პროგრამის პირველ ნაკადში გადამზადდა 14 სტუდენტი, რომლებმაც მიიღეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება რეგიონში კონკრეტულ აგრარულ კულტურებში გავრცელებული ყველა დაავადებისა და მავნებლის, მათი მართვისა და პრევენციის შესახებ. პროგრამა განკუთვნილია დარგში ჩართული პირებისათვის, არსებული სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის.
ღონისძიება გახსნეს და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA წარმომადგენლებმა საქართველოსა და ვაშინგტონში: დემნა ძირკვაძემ, გოჩა შაინიძემ, ალექსის ჰეზერმა, ბრენდტ სიგელმა.
პროფესიული პროგრამა შემუშავდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით, ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი". პროგრამის პირველი ნაკადის მიღებისთვის დაფინანსება გამოყო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ.
პროგრამის შემუშავების წინაპირობა იყო აგრარულ სპეციალისტებში დაავადებების შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე მაღალი მოთხოვნა. პროგრამის მომზადებაში ჩართული იყვნენ განათლების ექსპერტები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპეციალისტები აშშ-დან.
შრომის ბაზარზე აღნიშნული პროგრამით გადამზადებულ პირთა მიმართ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბსუ უახლოეს პერიოდში გეგმავს ახალი ნაკადისთვის მიღების გამოცხადებას.
ღონისძიების ფარგლებში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი და სამუშაო პირობებს გაეცნენ.
პროგრამის კურსდამთავრებულთა გაცილების და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის და პროგრამის ინსტრუქტორები, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები.
უკან |