პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-მ „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ში სამუშაო ვიზიტით „USAID-ის საბაზისო განათლების  პროგრამის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრა პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და სამომავლო გეგმების დასახვას ეხებოდა. შეხვედრაში ბსუ-დან „USAID-ის საბაზისო განათლების  პროგრამის“ განმახორციელებელი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროგრამის განხორციელების მესამე ეტაპის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, გამოკვეთეს სკოლებისა და ლიდერი მასწავლებლების კონკრეტული საჭიროებები, რაც შეიძლება გათვალისწინებული იქნას პროგრამის მეოთხე ეტაპის დაგეგმვის დროს. შუალედური შეხვედრა მონაწილე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთი მხრივ პროგრამის წარმომადგენლები გაეცნენ პროგრამის მიმდინარეობის ყველა დეტალს, ხოლო მეორე მხრივ მათ მოისმინეს ტრენერების მოსაზრებები და დამოკიდებულებები პროგრამის თითოეული კომპონენტის მიმართ.

„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა“ დაფინანსებულია ამერიკის  შეერთებული  შტატების საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს  (USAID) მიერ  და  ხორციელდება RTI  International-ის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან ერთად. პროგრამის  მიზანია  მოსწავლეზე  ორიენტირებული სწავლების  ხელშეწყობა  მომავალ  და  უკვე  მომუშავე  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების  გრძელვადიანი  სისტემური  რეფორმის  გზით  და  კვლევისა  და მონაცემების  გამოყენება  პოლიტიკისა  და  საგაკვეთილო  პრაქტიკის  ინფორმაციით მოსამარაგებლად.

პროგრამის ფარგლებში ბსუ აჭარისა და გურიის 326 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს. საანგარიშო პერიოდში, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ჩატარდა 18-საათიანი ონლაინ ტრენინგები, მცირე ჯგუფების ქოუჩინგის სესიები, განხორციელდა საკლასო დაკვირვება აჭარისა და გურიის საჯარო სკოლების 377 მასწავლებელთან, ბსუ-ს აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და სკოლის წარმომადგენლების ჩართულობით ბათუმის №15 საჯარო სკოლაში განხორციელდა პრაქტიკის კვლევა, ბათუმის 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა იდეატორთა 6 კლუბი. ასევე პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს ცვლილებების შეტანა ბსუ-ს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში.

ბსუ „USAID-ის საბაზისო განათლების  პროგრამის“ განხორციელებას 2022-2023 სასწავლო წელსაც გააგრძელებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა