ბსუ-ში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში, „იდეატორთა კლუბების“ ჩამოყალიბების მიზნით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ წარმომადგენლებთან ერთად, ბსუ-ს პარტნიორმა ბიზნეს-ლიდერებმა - კლინიკა „ჰელსის“, ბაზისბანკის, სამშენებლო კომპანიების: „ჰორიზონ ჯგუფის“, „ანაგის“, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის, აჭარის საექთნო ასოციაციის და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
იდეატორთა კლუბები განხორციელდება ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში: ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა იდეატორთა კლუბების ჩამოყალიბების დეტალები განიხილეს.
იდეატორთა კლუბი მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა. იდეატორთა კლუბები ხელს შეუწყობს ინოვაციებს და უბიძგებს ბავშვს, საკუთარი იდეები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოს.
კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატია გუნდური პროექტის განხორციელება. მოსწავლეები ერთად შეარჩევენ ამა თუ იმ პრობლემას და აქტიურად ითანამშრომლებენ მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იდეების გენერირებაა. კლუბები სკოლის ბაზაზე ფუძნდება და მათში მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მსურველი მოსწავლეები ერთიანდებიან. კლუბების ამოქმედებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს უძღვებიან ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები/პროგრამის ტრენერები და მოხალისე სტუდენტები ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
დასკვნით ეტაპზე ბსუ-ს მიერ ჩამოყალიბებული ჟიური განიხილავს მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჟიურის დასკვნის საფუძველზე, დააჯილდოვდება გამორჩეული ნამუშევრები.
უკან |