ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას აჭარის რეგიონში.
პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ბსუ-ს გარდა, პროექტში ჩართულია სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ - კოლეჯი „ბლექსი“ და სსიპ - კოლეჯი „ახალი ტალღა“. პროექტის რეგიონული პარტნიორი და განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი LINKS არის მასშტაბური პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ნაწილი და ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ. აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა, საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა. ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.
პროექტში ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესიულ სტუდენტებთან ერთად, ჩაერთვებიან პროფესიული პროგრამის მასწავლებლები, რაც გულისხმობს მათ მონაწილეობას პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის - დამხმარე ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი - ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის დელეგაციის, „საქართველოს გაეროს ასოციაციის“, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, კოლეჯების: „ბლექსი“ და „ახალი ტალღა“, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
უკან |