განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს, ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
უმაღლესი განათლების მიმართულების სესიებს, კონფერენციის ორი დღე დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი ძირითად თემები: ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი მიმართულებები რომის მინისტერიალის შემდეგ; ბოლონიის პროცესის გავლენა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე; უმაღლეს განათლებაში მიკრო კრედიტების აღიარების ევროპული და ეროვნული გამოცდილება; სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) განახლებული მოთხოვნების შესაბამისად; უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; ევროპის უნივერსიტეტები Covid-19 პანდემიის დროს, სტუდენტთა როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში.
ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა მოკლედ შეაჯამა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით 2016-2020 წლებში განხორციელებული ძირითადი აქტივობები და მიღწეული შედეგები. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) დირექტორმა, მარია კელომ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა 2020 წლის რომის მინისტერიალის შედეგებსა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად ხედვებზე.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, თავისი მოხსენების ფარგლებში, ისაუბრა ბოლონიის პროცესის გავლენაზე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე.
ცალკე მოხსენება დაეთმო ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ქვეყნებში მიკრო კრედიტების, მოკლევადიანი კურსების რეგულირების საკითხებს. აღნიშნულ თემაზე ისაუბრა ბელგიის სამეფოს ფლამანდრიის მთავრობის განათლებისა და ტრენინგის სამინისტროს მრჩეველმა, მაგალი სოენენმა.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა, მადონა მიქელაძემ, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა კორძაძემ და შპს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მაია მუშკუდიანმა სასერტიფიკატო და მოკლევადიან კურსების განხორციელების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ინსტიტუციებში დიდი ხანია ხორციელდება სასერტიფიკატო კურსები და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ასევე, ყურადღება გაამახვილეს არსებულ გამოწვევებზე.
უკან |