პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერთა ტრენინგი დაიწყო

სურათი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციების - რვა უნივერსიტეტისა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის 115 ტრენერისთვის ონლაინ ტრენინგი მიმდინარეობს. 8-დღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტრენერები პროფესიული განვითარების მრავალფეროვან აქტივობებს ჩაატარებენ საქართველოს 2075 საჯარო დაწყებით სკოლაში დირექტორებისა და 23 064 მასწავლებლისათვის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნობიან ახალი სკოლის მოდელს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ძირითად საკითხებსა და სხვა აქტუალურ სიახლეებს. ტრენერთა ტრენინგი ონლაინ რეჟიმში ტარდება და მასში პროგრამის მონაწილე ყველა ტრენერია ჩართული.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით აჭარისა და გურიის რეგიონის სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები დაინერგება. სკოლის მოქმედი მასწავლებლები და დირექტორები შეძლებენ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების წარმართვას, ხოლო ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალს, მომავალ მასწავლებლებს და განათლების სფეროს მომავალ ლიდერებს გამოუმუშავდებათ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების და ლიდერობის უნარები. ბსუ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის გადამუშავების საფუძველზე უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული სტრატეგიების, დიფერენცირებული მიდგომების, განმავითარებელი შეფასების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისწინებას პროგრამის ყველა კომპონენტში.

პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს პერსონალის მონაწილეობით ტრენინგები ჩაუტარდება აჭარის რეგიონის 229 და გურიის რეგიონის  97 საჯარო სკოლის ყველა დირექტორს (სულ 326 დირექტორს) და თითოეული სკოლის დაწყებითი კლასების ლიდერ მასწავლებლებს (სულ 978 მასწავლებელს). სკოლებისთვის ონლაინ ტრენინგები ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ძირითადი მიზანია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში. რვა უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროგრამის ექსპერტული მხარდაჭერით,  მომავალი 4 წლის განმავლობაში, შექმნიან და დაამუშავებენ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა მოსამზადებელ და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მომზადდება ტრენერთა გუნდები, რომლებიც თავიანთ რეგიონებში შექმნიან  ადამიანური რესურსების ძლიერ ბაზას.  პარტნიორი უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყველა სკოლაში ჩაატარებენ  ტრენინგებსა და ვებინარებს, ქოუჩინგს გაუწევენ სკოლის დირექტორებსა და ლიდერ მასწავლებლებს ახალი სკოლის მოდელის დანერგვასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიკასა და მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე. მის ფარგლებში შემუშავებული მრავალფეროვანი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე სომხური და აზერბაიჯანული საჯარო სკოლებისთვის, ახალი სკოლის მოდელის სასწავლო ერთეულები მოერგება მოსწავლეთა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რის შედეგადაც ყველა მოსწავლეს შეეძლება, სრულფასოვნად ჩაერთოს გაკვეთილებსა და სხვა სასკოლო აქტივობებში.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიან პროგრამას სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) ახორციელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა