11 დეკემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა ერთობლივად იმუშავეს ევროკავშირის ფორმატში, დელეგატებმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით დებატები გამართეს, ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებები ჩაატარეს, კოალიციები შექმნეს და შემუშავებული რეზოლუციები კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს. ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი ითვალისწინებდა ევროკავშირის მოდელირებასა და იმ პროცესების განხორციელებას, რომელსაც ევროკავშირი ბრიუსელში, 15 დეკემბერს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩაატარებს. ღონისძიების დასასრულს, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ სალომე კარალიძემ ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის.
ევროკავშირის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილოის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებმა.
ბსუ-ს სტუდენტური პროექტი „ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი" მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებულობას, გადამზადებას, დატრენინგებას, რეზოლუციის შექმნასა და მის ჩვენებას ფართო საზოგადოებისათვის.
სტუდენტური პროექტის ხელმძღვანელია ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გოგა ბაუჟაძე.