გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს აკადემიური სივრციდან პროფესიულ მიზნებამდე: სალომე გოგიტიძის გზა ქიმიის სწავლებაში

სურათი

სალომე გოგიტიძე მომავალი ქიმიკოსია, მან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წელს წარმატებით დაასრულა. მისი სამომავლო გეგმებიც ქიმიის დარგს უკავშირდება. ის ამბობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან საკუთარ შესაძლებლობებს ამ პროფესიაში ხედავს. სალომე თავის სტუდენტურ გამოცდილებას და პროფესიულ მისწრაფებებს გაზეთ ,,ბათუმის უნივერსიტეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გვიზიარებს.  აქვე, გვიყვება თუ როგორ აპირებს  დაგროვილი ცოდნის რეალიზებას მეცნიერებისა და განათლების სფეროში.

_  მე ვარ სალომე გოგიტიძე 21 წლის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ქიმიის სპეციალობის კურსდამთავრებული. დავიბადე და გავიზარდე ქედაში, სოფელ ცხმორისში. სოფელი ის ადგილია, რომელიც ბავშვობის ტკბილ მოგონებებს მახსენებს. ვცდილობ, თავისუფალი დრო  ჩემს საყვარელ სოფელში გავატარო.

_  სალომე, როგორ გახსენდება სკოლაში გატარებული დრო?

_  სკოლაში გატარებული წლები  ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილია. სკოლა დამეხმარა  როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ ზრდაში. გზა სკოლის მერხიდან უნივერსიტეტამდე საკმაოდ რთული იყო, რადგან აბიტურიენტი სწორედ კოვიდ პანდემიის დროს ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფერს  დიდი გავლენა არ მოუხდენია, საბოლოოდ შრომამ შედეგი გამოიღო.

რაც შეეხება უნივერსიტეტს, ოთხი წლის განმავლობაში ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებში, რადგან სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამხდარიყო. 2021 წლიდან დღემდე ვიყავი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი და სხვადასხვა სპეციალობის აქტიურ სტუდენტებთან ერთად ვახორციელებდი სამეცნიერო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს. ასევე გახლდით  სტუდენტურ კლუბ „რუსთაველის“ წევრი, რომელმაც როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა.  პროექტებიდან გამოვარჩევ „თავისუფალ მსმენელს“, რომლის თანაორგანიზატორიც თავად გახლდით. ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებშიც, სადაც ჩემი მიმართულებით წარვადგინე სამეცნიერო  ნაშრომები და ორჯერ საპრიზო  ადგილიც მოვიპოვე.

  ვფიქრობ, რომ არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტები ლექციების და სემინარების პარალელურად აუცილებელია როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე სტუდენტებისთვის.

_ სალომე,  როგორ შეაფასებთ ბსუ-ში თქვენს განვლილ ოთხ წელს?

_ განვლილი ოთხი წელი საკმაოდ ნაყოფიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რის გამოც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  ჩემს ლექტორებს, ადმინისტრაციას და თითოეულ აკადემიურ პერსონალს გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის.

_  რატომ აირჩიეთ ქიმიის სპეციალობა?

_ პროფესიის არჩევა ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა გადაწყვეტილი  თუ რა პროფესიას დავუკავშირებდი ჩემს მომავალს, რამდენჯერმე შევცვალე  არჩეული პროფესიაც, ბოლოს კი ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა  ქიმიის გაკვეთილებმა და ოჯახმა მოახდინა. საბოლოოდ კი ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან საკუთარ შესაძლებლობებს  ამ პროფესიაში ვხედავ.

_ უნივერსიტეტში პროფესიული განვითარების რა შესაძლებლობები გამოიყენეთ  უნარების გასაუმჯობესებლად ?

_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, მათ შორის არის  დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი, სადაც ხორციელდება საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები. სწორედ, ამ ცენტრის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ საგრანტო პროექტში ვარ  ჩართული და დასაქმებული დამხმარე პერსონალის - ტექნოლოგიის პოზიციაზე. სადაც მივიღე დიდი გამოცდილება ჩემი მიმართულებით, რამაც ვფიქრობ, ხელი შემიწყო და მომავალშიც შემიწყობს სამეცნიერო და კვლევითი უნარების განვითარებაში.

_  ქიმიის რომელი სფეროებით ხართ ყველაზე მეტად გატაცებული და რატომ?

_ ქიმის ყველა სფერო თავისებურად საინტერესოა, მაგრამ გამოვარჩევდი ორგანულ და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიას, რადგან ამ მიმართულებით საინტერესო კვლევები მიმდინარეობს და  ეს სფერო კვლევასა და განვითარების დიდი პოტენციალით გამოირჩევა.

_ ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ მოგიწიათ რთული ქიმიური ცნებების ახსნა არაკომპეტენტურ აუდიტორიისთვის?

_ რთული ქიმიური ცნებების ახსნა არაკომპეტენტურ აუდიტორიისათვის და სკოლის მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს მარტივად და გასაგებად კომუნიკაციის უნარს. კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება,  მაგრამ ვცდილობ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო პრაქტიკული მაგალითები.

_ სად გეგმავთ პროფესიული საქმიანობას?

_ პროფესიულ საქმიანობას ვგეგმავ ქიმიის ლაბორატორიაში,  კერძოდ, ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის მიმართულებით. კონკრეტულად არ მაქვს გადაწყვეტილი, რადგან ასევე  განვიხილავ პედაგოგობასაც.

_ როგორც მომავალი ქიმიის მასწავლებელი, სასწავლო პროცესში  როგორ ჩართავთ მოსწავლეებს რომლებსაც ქიმია რთულად ან უინტერესოდ ეჩვენებათ?

_ იმისათვის, რომ გაკვეთილის პროცესი საინტერესო და სახალისო გახდეს მოსწავლეებისათვის და არ იყოს უინტერესო, მხოლოდ ქიმიის სახელმძღვანელოთი არ შემოვიფარგლები, გამოვიყენებ თემის შესაბამისად პრაქტიკულ მაგალითებს და ექსპერიმენტებს, ვირტუალურ ლაბორატორიას. გაკვეთილი რომ  ინტერაქტიული  გახდეს გამოვიყენებ ისეთ აქტივობებს როგორებიცაა:  ქიმიური მოდელების შექმნა და კლასში ექსპერიმენტები, სახალისო ქიმიური ცდები. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და მათ ინტერესის გაღვივებას.

_ რა სტრატეგიებს გამოიყენებთ, რომ ქიმიაში აბსტრაქტული ცნებები უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოთ?

_ ქიმიაში აბსტრაქტული ცნებები უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები რომ გახდეს გამოვიყენებ მულტიმედიურ და ინტერნეტ რესურსებს, ვირტუალურ ლაბორატორიას, ვიდეოებს და ანიმაციებს, ისინი ადვილად ასახავენ და განმარტავენ აბსტრაქტულ ცნებებს.

_ როგორ გააერთიანებთ პრაქტიკულ ექსპერიმენტებს და ლაბორატორიულ სამუშაოებს თქვენს სასწავლო გეგმაში?

_ დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკული ექსპერიმენტების და ლაბორატორიული სამუშაოების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.  ლაბორატორიული სამუშაოები ქიმიის სწავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან  მოსწავლეებს საშუალებას აძლევს პრაქტიკული გამოცდილება მოიპოვონ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადონ. ჩემი სასწავლო გეგმის დიდი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ ექსპერიმენტებზე და ლაბორატორიულ სამუშაოებზე იქნება აგებული.

_  დღეს, მოსწავლეთა უმრავლესობა ქიმიის სპეციალობას არ ირჩევს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საგნის სწავლება მოსწავლეებისთვის სკოლიდანვე უინტერესოა?

_ დიახ, მოსწავლეების უმრავლესობისათვის  ქიმიის საგანი სკოლიდანვე უინტერესო და რთულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ისეთი მიდგომები რითაც  დააინტერესებს მოსწავლეებს. თეორიულ მეცადინეობებთან  ერთად გაკვეთილზე უნდა გამოიყენოს პრაქტიკული, ლაბორატორიული სამუშაოები. ბსუ-ს უნივერსიტეტი, კერძოდ ქიმიის დეპარტამენტი ხელს უწყობს  სკოლებში ქიმიის საგნის პოპულარიზაციას  და ამ მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა, სადაც ქიმიის მიმართულების სტუდენტები მოსწავლეებს ვაჩვენებდით სახალისო ცდებს.

_ როგორია თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული რესურსები ქიმიის, როგორც მეცნიერების შესწავლაში?

_ თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქიმიის, როგორც მეცნიერების შესწავლაში, ასევე დარგის სწავლების პროცესში. ვფიქრობ, მათი გამოყენება ხელს უწყობს ეფექტური სწავლებისა და კვლევის განხორციელებას.

_ როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს არაფორმალური სასწავლო აქტივობები სტუდენტების განათლებაში?

_ არაფორმალური სასწავლო აქტივობები  მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტუდენტების განათლებაში და ქიმიის შესწავლაში. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ინტერესის გაღვივებას და სწავლის პროცესის საინტერესოდ წარმართვას.

_ რა არის თქვენი კარიერული მიზნები?

_ ბევრი მიზანი და ამბიცია მაქვს. ყოველთვის ვეცდები, რომ მოვინდომო, ვისწავლო და ვიშრომო. რა თქმა უნდა,  კარიერული მიზნები ჩემს სპეციალობას უკავშირდება. მსურს ამ მიმართულებით კარგი სპეციალისტი ვიყო, საფუძვლიანად ვიცოდე ჩემი სპეციალობა.  მიმაჩნია, რომ თუ გიყვარს შენი პროფესია და გაქვს მოტივაცია, ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავ და მიაღწევ დასახულ მიზანს.

_ როგორ გეგმავთ თქვენი უნარების განვითარებას?

_ ჩემი უნარების განვითარების მიზნით მინდა ჩავერთო სხვადასხვა კვლევით პროექტებში, აქტივობებში, კონფერენციებში, ყოველივე ეს დამეხმარება ჩემი უნარების უკეთ განვითარებაში. მიმაჩნია, რომ  კარიერული მიზნების მიღწევა და უნარების განვითარება მოითხოვს მუდმივ სწავლას, პრაქტიკას, ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობას და აქტიურ მონაწილეობას პროფესიულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

_  როგორია ქიმიის დარგის მომავალი?

_ ქიმიკოსები  მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მრავალი სფეროს განვითარებაში და გლობალური გამოწვევების გადაჭრაში. ქიმიის გავლენა მასშტაბური და მრავალფეროვანია სხვადსხვა სფეროში.

_ და ბოლოს, რჩევები აბიტურიენტებს - რატომ აირჩიონ ბსუ და ქიმიის სპეციალობა?

_ აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევთ, როცა ირჩევენ სწავლისთვის შესაფერის გარემოს, სადაც უნდა მიიღონ კარგი განათლება და ჩემი აზრით, ბსუ იძლევა ამის საშუალებას. ბსუ-ს აქვს საგანმანათლებლო პროგრამები სრული სახელმწიფო დაფინანსებით, რითაც საშუალება ეძლევათ სტუდენტებს ცხოვრება გაიმარტივონ. ბსუ-ს აქვს საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, კონკურსები, პროექტები, სტიპენდიები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, გაცვლითი პროგრამები, რითაც შეგიძლია უცხოეთში გაიღრმავო ცოდნა.

აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ქიმია მომავლის პროფესიაა და ერთ-ერთი ყველაზე ფართო მეცნიერებაა. ქიმიის სპეციალობა მათ სთავაზობს ბევრ კარიერულ მიმართულებას სამეცნიერო კვლევებში, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, გარემოს დაცვისა და მრეწველობის სფეროებში. ქიმია  მეტად საინტერესო და გამოყენებად დარგია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა