გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ“

სურათი

მარი ყულჯანიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტია. ფაქტობრივად, მარიმ სტერეოტიპები დაარღვია და პირველი კურსის პირველივე სემესტრიდან სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა. ამბობს, რომ დასახულ მიზანს წინ შრომა უძღვის და შესაბამისად, არც შედეგი აყოვნებს. გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აბიტურიენტი იყო, დღეს მომავალ სტუდენტებს ურჩევს - კარგად განსაზღვრონ რა უნდათ ცხოვრებისგან...

_ 2023 წელს ვერცხლის მედალზე დავასრულე ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“.  სკოლის პერიოდში, მეცხრე კლასიდან, მყავდა მოსწავლეები, რომლებსაც ვამეცადინებდი. ეს საქმიანობა ისე მომწონდა, საკუთარ თავს ამ პროფესიაში ვხედავდი. ჩემთვის ყველაზე ბედნიერება ის იყო, რომ ბავშვები ჩემს ახსნილ მასალას მარტივად და სწრაფად ითვისებდნენ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამომავლოდ ამ პროფესიას გავყოლოდი. რაც შეეხება ჩემს პიროვნულობას, ვარ ზეკომუნიკაბელური და ვერგები ყველანაირ სიტუაციას. თავისუფალ დროსაც სწავლა-განათლებაში ვატარებ, რადგან ცნობისმოყვარე ვარ ყველაფრის მიმართ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ყოველი დღე იყოს სიახლის მომცემი და არა ფუჭი, რომლისგანაც დღის ბოლოს „არაფერი“ დამრჩება. ვცდილობ, მქონდეს აქტიური და სიცოცხლით სავსე ცხოვრება. მიყვარს როცა ახალ საქმეს ვეჭიდები და მინდა მაქსიმალური შედეგები დავდო. დიახ, მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის,  ყველა სიტუაციაში, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვავლენ.

_ მარი, როგორია შენი საუნივერსიტეტო ცხოვრება და რა წარმატებებს მოიცავს თითქმის ერთწლიანი ქრონიკა?

_ მოგეხსენებათ, სკოლა 1 წლის წინ დავასრულე და თითქმის ერთი წელია სტუდენტი ვარ. უნივერსიტეტში სანამ ფეხს შევდგამდი, ყოველთვის ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ „მარი რაც არ უნდა მოხდეს, რა წინაღობაც არ უნდა შეგხვდეს, რამაც არ უნდა დაგაბრკოლოს, მუდამ წინ იარე, რადგან ეს შენი ცხოვრების ახალი გამოწვევაა და მაქსიმალური შრომა და ძალისხმევა დაგჭირდება.“ შევდგი თუ არა უნივერსიტეტში ფეხი, ყველანაირ საუნივერსიტეტო ჯგუფში გავწევრიანდი სიახლეების მოსაძიებლად და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად. გავწევრიანდი ერთ-ერთ ჯგუფში „სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება,“ ასევე რეგისტრაცია იყო გასავლელი, სადაც შემეძლო ამ საზოგადოების ოფიციალური წევრი გავმხდარიყავი. ყველაფერი კი აქედან დაიწყო.  არც კი ველოდი, რომ იმდენ ადამიანს გავუწევდი კონკურენციას და ჩემი სამოტივაციო წერილი იმდენად მოეწონებოდათ, რომ მეც მომცემდნენ შანსს მათი წევრი ვყოფილიყავი. უნივერსიტეტში სულ რაღაც ერთი თვის მისული ვიყავი და მირეკავენ და მილოცავენ, რომ მათი წევრი გავხდი და რეგისტრაცია წარმატებით გავიარე. „სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება“ არის საზოგადოება, რომელიც გაძლევს შანსს განავითარო საკუთარი თავი. ატარებდნენ სხვადასხვა აქტივობებს, რომელშიც საშუალება მქონოდა გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები. მათ მიერ ჩატარებულ ყველანაირ აქტივობაში ვიყავი ჩართული. ეს არის ჩემი სტიპენდიის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საერთო ჯამური ქულა იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე წარმომედგინა. მივიღე კონფერენციაში მონაწილეობა, ასევე სხვადასხვა პრეზენტაციების წარდგენის საშუალება გვქონდა და რა თქმა უნდა, არც იქ გამოვკლებივარ. კარგად ვსწავლობდი და არ ვაცდენდი არცერთ ლექცია-სემინარს, ვღებულობდი შესაბამის შეფასებებს. პარალელურად. ამ აქტივობებით ვიყავი დაკავებული. თითქმის ერთი წელია სტუდენტი ვარ და ჩემთვის იმდენად საინტერესო გახადა ამ აქტივობებმა   სტუდენტური ცხოვრება, რომ ამის აღწერა შეუძლებელია თუ არ გამოსცადე ადამიანმა. ამჟამადაც ვაგრძელებ სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას.

_  როგორ აღმოჩნდი სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში?

_ სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში სტუდენტობამდე მქონდა გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია. ყოველთვის მეუბნებოდნენ იმას, რომ პირველი კურსელი ხარ, ჯერ უნდა მიეჩვიო სტუდენტურ ცხოვრებას და შემდეგ თუ ისწავლი, აიღებ სტიპენდიასო. მსგავს შეხედულებებს რომ ვისმენდი, სწორედ ამ სტერეოტიპების გამო მინდოდა დამემსხვრია ეს წარმოდგენა და თურმე შესაძლებელია პირველი კურსის პირველი სემესტრიდან იყო წარმატებული და ამავდროულად სტიპენდიატი სტუდენტი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოვჩნდი სახელმწუფო სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში, ვიცოდი რომ ყველაფერში მაქსიმალისტობა იყო საჭირო და მეც შესაბამისად ვმოქმედებდი. დავაკმაყოფილე ყველა კრიტერიუმი, რასაც მოითხოვდა სახელმწიფო სტიპენდია.

_ რამდენად დიდი სტიმული მოგცა ამ სტიპენდიამ?

_ როდესაც ხარ პირველკურსელი, იწყებ სტუდენტურ ცხოვრებას და პირველივე კურსიდან ამხელა წარმატებას აღწევ საკუთარი შრომით, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემთვის უდიდესი სტიმულია სტიპენდიის მოპოვება. ახლა უფრო მომეცა  თავდაუზოგავი შრომის მოტივაცია, იმედი საკუთარი თავისა და დარწმუნება იმაში, რომ „რაც მეტს მოინდომებ, მით მეტად დაგიფასდება“, „შრომას ყოველთვის აქვს აზრი.“ ვფიქრობ, ეს სტიპენდია მართლაც მოტივაციის წყაროა, მითუმეტეს, ახალბედა სტუდენტებისთვის, რადგან მათ უჩნდებათ უფრო მეტის გაკეთების სურვილი და ხალისი. ჩემი აზრით, დიდ როლს თამაშობს სტიპენდია სტუდენტისთვის. ეს არ არის სწავლა და ცოდნის მიღება რაღაც მატერიალობისთვის, ეს არის  თავდაუზოგავი შრომის შედეგი.

_ მარი, უკვე ერთი წლის შემდეგ, რას ურჩევ  თანატოლებსა და აბიტურიენტებს?

_ რჩევა ჩემგან აბიტურიენტებს: არ ისწავლოთ ან ჩააბაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა. მოუსმინეთ თქვენს გულსა და გონებას - რა გინდათ ცხოვრებისგან? აბიტურიენტობის პერიოდი შრომატევადი და გონებით დატვირთული პერიოდია. არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობის. ბრძოლას, შრომას ყოველთვის აქვს აზრი. რასაც ხელს მოჰკიდებთ, მაქსიმალურად ეცადეთ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, რადგან თქვენი მიზანი და მომავლის მისწრაფება ჭეშმარიტი და წარმატებული იყოს. არც კი იფიქროთ ის, რომ „მე ამას ვერ შევძლებ, ჩავიჭრები, ბარიერს ვერ გადავლახავ, დაბალ ქულებს ავიღებ და  ა.შ.“ თქვენი მონდომების ხარისხი შედეგის ხარისხის ტოლია. ხელი არ ჩაიქნიოთ და რაც მთავარია, რწმენა არ დაკარგოთ საკუთარი თავისა. როცა სტუდენტები გახდებით, მაქსიმალურად წარმოაჩინეთ საკუთარი თავი ნებისმიერ აქტივობაში.  სტუდენტური ცხოვრება იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მხოლოდ ლექცია-სემინარებით თუ შემოიფარგლებით, წარმოდგენაც არ გექნებათ რა ტკბილ მომენტებს დაკარგავთ.   წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს.

_ მე 10 წლის შემდეგ...

_ რთული წარმოსადგენია  საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ... აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რისი სურვილიც მაქვს რომ მოხდეს და თუ ამაზე დაყრდნობით ვიმსჯელებ, ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ შემდგარი და ჩამოყალიბებული პროფესიულად ვიქნები. მეცოდინება ის ფაქტი, „რა  მინდოდა და რა მივიღე ცხოვრებისგან“...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა