გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

აბიტურიენტის მიზნები

სურათი

„მე ვარ ანნა ბერიძე. მიმდინარე წელს დავამთავრე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა. ამჟამად ვარ აბიტურიენტი და ფაქტობრივად, ცხოვრებისეულ გზის გასაყარზე ვდგავარ. 12 წლის განმავლობაში სამი სკოლა გამოვიცვალე და აღსანიშნავია, რომ თითოეულიდან ბევრი დადებითი და საჭირო რამ ვისწავლე. მე-7 კლასამდე ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ ვსწავლობდი. ამ პერიოდში არაერთი ოლიმპიადის მონაწილე ვიყავი სხვადასხვა მიმართულებით. გავიარე ბრიტანული ენის კურსები და ვმონაწილეობდი Oxford-ისა და Cambridge-ის საგამოცდო პროგრამებში. შემდეგი ეტაპი ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლას უკავშირდება,  სადაც მე-9 კლასის წარჩინებით დასრულების შემდეგ, კომპიუტერით დამასაჩუქრეს. მე-16 სკოლაში სწავლას უკავშირდება Unicef-ის ორგანიზებით გამართული არაერთი საინტერესო ტრენინგი თუ კონკურსი.  

 ვაპირებ, სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობაზე გავაგრძელო.  სიმართლე რომ გითხრათ. რთულია 18 წლის ადამიანისთვის იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი ექნება მას. ამ პროფესიით ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ მომავალს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემი ინტერესი ბიზნესისადმი გამოიწვია მამაჩემის საქმიანობამ და შემდგომ იმ ფაქტმა, რომ ნამდვილად საინტერესო და მომგებიანი პროფესიაა. ბოლო ერთი წელია დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ სად უნდა ჩამებარებინა. საბოლოოდ კი არჩევანი შევაჩერე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ის, რომ მრავალი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს ამ უნივერსიტეტს, აქვს გაცვლითი პროგრამები ევროპაში, რომლითაც დაინტერესებული ვარ; მეორე ის, რომ - ჩემს ქალაქში დარჩენა ვამჯობინე, ოჯახთან ახლოს ვიქნები.

ვფიქრობ, საინტერესო, დატვირთული და გამოწვევებით აღსავსე სტუდენტური ცხოვრება მექნება. მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოვავლინო ჩემი თავი... ბსუ ნამდვილად მომცემს იმ ცოდნას, რომლითაც  ჩემივე მომავალს თავადვე უზრუნველვყოფ… გავიცნობ ადამიანებს, რომელთაც ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ექნებათ…

ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით ათ წელში ანნა იქნება წარმატებული პროფესიულად, ექნება სამსახური და პირადი ცხოვრება…

ჩემი აზრით, მაგალითი ვიქნები იმ ობოლი ბავშვებისა,რომლებიც დედამ მარტო აღზარდა... რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ და შეიძლება ისეთ მწვერვალზე ავიდნენ, რაც ვერც კი წარმოედგინათ.

რწმენით აუცილებლად ამისრულდება დასახული მიზნები... ვასახელებ ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი საყვარელ ადამიანებს - ამიერ თუ იმიერ სამყაროში...

მჯერა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება, ჩემი ოცნებების ასრულების საფუძველი გახდება“... 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა