„მე ვარ ლიზი დავითაძე, 17 წლის. ვსწავლობ სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში. ვგეგმავ, რომ ჩავაბარო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.
სკოლის წლები ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვცდილობდი ყველა ოლიმპიადასა თუ კლასგარეშე აქტივობებში მიმეღო მონაწილეობა, გასულ სასწავლო წელს გავიმარჯვე ლიტერატურულ მარათონში და მოვიპოვე პირველი ადგილი, ხოლო 2020-2021 სასწავლო წელს მოსწავლეთა 74-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე მოვიპოვე მეორე ადგილი. ასევე მონაწილეობა მივიღე გაზეთ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „შექმენი რესურსი ურთიერთსწავლებისთვის“ და შესაბამისი სერტიფიკატით დამაჯილდოვეს.
ვმონაწილეობ, აჭარის განათლების მიერ გამოცხადებულ კონკურსში „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“. მიმდინარე წელს გავწევრიანდი გამარჯვებულ პროექტში „ინოვაციური მეთოდების გამოყენება ქართულის გაკვეთილზე“. ასევე, აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალურ, რეგიოლურ და ეროვნულ ოლიმპიადებში, მოსწავლეთა კონფერენციაში. არაფორმალური განათლების მიმართულებითაც, არაერთი აქტივობით ვარ დაინტერესებული. აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ განხორციელებულ პროექტში „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“, სკოლაში ჩამოვაყალიბეთ კლუბები: დებატ-კლუბი, მათემატიკის მოყვარულთა ფან-კლუბი, „ინგლისურის კლუბი, „ვიმოგზაუროთ დედამიწის გარშემო“ - გეოგრაფიის კლუბი. მუნიციპალიტეტის სკოლების კონკურსით შერჩეული მოსწავლეები ვმონაწილეობთ შუახევის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ „ლიტერატურულ მოყვარულთა კლუბში“. ასევე ვარ წითელი ჯვრის მოხალისეც.
სკოლაში გატარებული თითოეული დღე მნიშვნელოვანი და განუმეორებელია ჩემთვის. სკოლა ის ადგილია, სადაც ცოდნას ვიღებთ და პირველ ნაბიჯებს ვდგამთ წარმატებისკენ. შევიძინე საუკეთესო მეგობრებიც, რომლებთანაც მაკავშირებს საუკეთესო და დაუვიწყარი მოგონებები. სკოლაში ხშირად ვატარებდით საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს, რაც ჩემთვის დაუვიწყარია, მაგალითად, ცხელი სკამი, იმიტირებული სასამართლო, სადაც სხვადასხვა ლიტერატურული გმირების როლს ვირგებდით, ვაკეთებდით მაკეტებს და პროექტებს, რაც უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, უნარების რეალიზებაში დამეხმარა.
აქვე გეტყვით, რომ მაღალმთიანეთის სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ უფრო მეტი კლასგარეშე წრე, მაგალითად როგორიცაა - ცეკვის, სიმღერის, ხელოვნების, სპორტის სხვადასხვა სახეობის კლუბი, რათა მათი ნიჭი და შესაძლებლობები მრავალმხვრივ განვითარდეს.
მინდა გავხდე ფსიქოლოგი. მიყვარს როცა ხალხს ვეხმარები, ფსიქოლოგები კი ხალხის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებისთვის. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოების კეთილდღეობის საქმეში.
მე ვირჩევ ბსუ-ს, რადგან ეს უნივერსიტეტი დამეხმარება ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში, ჩემი მიზნების რეალიზებასა და ოცნებების ახდენაში. ჩემი აზრით, სტუდენტობის წლები ნაყოფიერი, საინტერესო, სიახლებითაა და შესანიშნავი შესაძლებლობებით სავსე იქნება. მჯერა, რომ ვიქნები წარმატებული და თავის საქმეზე შეყვარებული ფსიქოლოგი”.
უკან |