_ მე ვარ ალექსანდრე აბუსელიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი და ამავდროულად ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ახალგაზრდულ საკითხებში. მიტაცებს მეტეოროლოგია და მაქვს ჩემი გვერდიც - ამინდის პროგნოზი საქართველოში. ჩემი სანაცნობო წრე ყოველთვის მეკითხება მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ. ვიყენებ ელექტრონულ მეტეო რუკას და რადარს, რის შედეგადაც მაქვს ზუსტი მონაცემები.
ამავდროულად ვარ გატაცებული კულინარიითაც და ამ სფეროშიც მივაღწიე წარმატებას. ზაფხულში ვმუშაობდი მზარეულად ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში.
_ ინტერესი ხელოვნებისადმი... პირველი ურთიერთობა ასანთის ღერებთან...
_ კონსტრუქციების აგება დავიწყე ორი წლის წინ, ზაფხულში, წინასწარი მომზადების გარეშე. ვარ თვითნასწავლი. თავისუფალ დროს მქონდა სურვილი დავკავებულიყავი ხელობით. ინსპირაციის წყარო, როგორც ასეთი, არავინ ყოფილა.
ჩემი პირველი ნამუშევარია საზაფხულო სახლი, რომელსაც დასჭირდა 15 000 ასანთის ღერი და ორი თვე სამუშაოდ.
ბიგ ბენ- ზუსტი მაკეტია, რომელსაც 10 000 ასანთის ღერი დასჭირდა და ორი თვე სამუშაოდ. რა თქმა უნდა, საათის მექანიზმი არის ჩასმული და ფუნქციონირებს.
მასშტაბური მაკეტი არის სკოლა ნიკეს მაკეტი, რომელიც დღეს ამშვენებს სკოლის ბიბლიოთეკას. მას დასჭირდა 41 000 ასანთის ღერი და ხუთი თვე ასაწყობად, რადგან თითოეულ სართულზე ოთახების და დერეფნების განლაგება შეესაბამება და სკოლის იდენტურია.
გამორჩეული ნამუშევარი გახლავთ ვიზეარის თვითმფრინავი, რომლის ანალოგი, ასევე არ არსებობს მსოფლიოში. ურთულესი ფორმებით არის აწყობილი, დამხმარე მასალა არ გამომიყენებია, მხოლოდ 21 000 ასანთის ღერი დაიხარჯა მასზე სამუშაოდ. ეს ის მაკეტია, რომელიც რეკორდულად სწრაფ დროში _ სამ კვირაში ავაწყვე და რომლის ღირებულება ძალიან ძვირია. თუმცა მე ის არ გამიყიდია...
რიგით მეორე მასშტაბური და გრანდიოზული 100 000 ასანთისგან აშენებული royal Caribbean-ის საკრუიზო ლაინერია, რომელიც შეიცავს- სკვერს, რესტორანს, ვერტმფრენს, მანათობელ კონსტრუქციას.
ყველაზე რთული არის, რა თქმა უნდა, თმენის უნარი, ფორმების დამზადება ასანთისგან და სიმეტრიის დაცვა.
მე ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ თავისუფალი დრო ნაცვლად კომპიუტერისა ან ტელეფონისა, გაატარონ ისე, რომ აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ნიჭი. დაკავდნენ, ასევე საზოგადო ცხოვრებითაც. ვინაიდან და რადგანაც ვარ მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, მინდა, რომ მეტად სარგებლისმომტან ახალგაზრდულ პროექტებსა და აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, რაც დაეხმარება მათ გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში.
_ რატომ კონკრეტული მაკეტები?
_ პირველი იყო საზაფხულო სახლი, რომელიც 12 000 ღერისგან არის ნაგები. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დახვეწილი მშენებლობის ტექნიკა, რომელსაც ეს მიმართულება მოითხოვს.
მე-2 იყო ემფაიერ სთეით ბილდინგი. მაშინ დამჭირდა სამი თვე და 13 000 ასანთის ღერი. შემდეგი გახლდათ ელექტრონული წისქვილი - აქ პირველად გამოვიყენე ელექტროობა, დავამონტაჟე განათება და ბორბალი, რომელიც ბრუნავს. შემდეგ უფრო მასშტაბური მაკეტების მშენებლობა დავიწყე - სკოლა ,,ნიკე", რომელიც მე დავასრულე, ავაწყე 41 000 ასანთის ღერისგან და ყველა კლასი და გარეთა სივრცე არის იდენტური..
ავაწყე ბიგვენის მაკეტი, რომელიც ორიგინალის ზუსტი ასლია და 8000-მდე ღერი გამოვიყენე. რა თქმა უნდა, საათის მექანიზმი მუშაობს. ამის შემდეგ ყველაზე შთამბეჭდავი და ურთულესი იყო ვიზიარის თვითმფრინავი მოდელია 320 , 21 000 ასანთის ღერები,ზუსტი და ანალოგიის არმქონე მაკეტია. მოგეხსენებათ, ძალიან რთულია მრგვალი ფორმების მიღება ასანთისგან. აღნიშნული მაკეტი იყო მეგობრის საჩუქარი,რომელიც პილოტია.
როიალ კარიბიანის საკრუიზო ლაინერი 100 000 ასანთის ღერისგან შედგება, რომელშიც მოთავსებულია რესტორანი,სკვერი, მანათობელი კონსტრუქცია, ვერტმფრენი. დამჭირდა 3 თვე.
მას შემდეგ,რაც ავაწყე როიალ კარიბიანის საკრუიზო ლაინერი, რომელიც მოიცავს 100 000 ღერს და რომელმაც ასევე მიიპყრო საზოგადოების დიდი ყურადღება და დაიმსახურა მოწონება, გადავწყვიტე ამეგო მეტად მასშტაბური და ამჯერად მაღალი კონსტრუქცია, რომელიც მსურდა დამეკავშირებინა კოსმოსთან. ამიტომ გადავწყვიტე ამეწყო ილონ მასკის ცნობილი კოსმოსური ხომალდი - StarshipSpaceX, რომელიც ჯერ სატესტო რეჟიმზეა.
აღნიშნულ კონსტრუქციას ვაშენებდი 1 წლის მანძილზე. ყოველდღე 1000-2000-მდე ასანთის ღერი ემატებოდა კონსტრუქციას და საბოლოოდ დაიხარჯა 300 000 ასანთის ღერი. სიმაღლე თითქმის 3 მეტრი.
სირთულე იყო ვიზუალურად იდენტური დეტალების შექმნა, რომლებიც სათითაოდ ემაგრებოდა მთავარ კონსტრუკტაჟს. მოგეხსენებათ, ასანთისგან-ოვალური, სამკუთხა, რომბული ფიგურების ამოჭრა საკმაოდ რთულია.
_ გასულ წელს „ხელოვანი ბათუმისათვის“ ტიტული მოგენიჭათ...
_ დიახ, ,,ხელოვანი ბათუმისთვის", _ ეს არის ჯილდო, რომელიც მომანიჭა ქალაქ ბათუმის მერიამ ხალხის წარდგინებით და კონკურსის საფუძველზე გავიმარჯვე. მადლობა ყველას შორმის დაფასებისთვის
_ ალექსანდრეს სამომავლო გეგმები და მიზნები?
_ არ დაგიმალავთ და ვაპირებ, არქიტექტურის მიმართულებითაც ჩავაბარო.
ვიმყოფებოდი ჩინეთში როგორც მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, კონფერენცია გაიმართა ქალაქ ლიალიუნგიანგში და 20 ქვეყნიდან ესწრებოდნენ დელეგატები. კონფერენცია გაიმართა თემაზე: „აბრეშუმის გზის პოლიტიკა _ სავაჭრო გზა“. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გამოვედი სიტყვიით და წარვადგინე ჩვენი ქალაქი, ,რომელიც არის ლიალიუნგიანგის ე.წ. „საძმო ქალაქი“. ჩემი სამომავლო ხედვებიც ახალგაზრდულ სივრცესა და ჩვენს ქალაქს უკავშირდება.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ დავუკავშირდეთ უცხოურ მედიებს და პირადად მივაწვდიონოთ ხმა ილონ მასკს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი გამომივა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, რომ ერთი წელი დავისვენო და ახალი, მეტად დახვეწილი კონსტრუქცია 2025 წლისთვის მოვამზადო, თუმცა ჯერ არ ვიცი რა იქნება...
უკან |