საბა გოგიტიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტია. ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან მუყაოს, პლასტმასს თუ გაფუჭებულ სათამაშოს გამოსადეგ ნივთად აქცევდა. დღეისათვის, მომავალი ეკოლოგი, ხისგან ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქმნის და პატარებს ანებივრებს. საბა გოგიტიძემ მოკლე დროში ნივთების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება შეძლო. მისი მიზანია სათამაშოები საექსპორტოდ გაიტანოს.
_ დავიბადე და გავიზარდე ქედაში, სოფელ ცხმორისში. სწორედ სოფელია ის ადგილი, სადაც ყოველთვის გული მიმიწევს. მიყვარს ჩემი სოფელი და როგორც კი დრო მაქვს, მივდივარ ხოლმე. მთელ ზაფხულსაც სწორედ აქ ვატარებ. ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი. უნდა აღვნიშნო, რომ თავიდანვე შეყვარებული ვარ ჩემს მომავალ პროფესიაზე. ასევე ვარ დურგალი. 14 წლიდან, ჩემს მცირე დროს, რომელიც მხოლოდ შაბათსა და კვირას მოიცავს, სწორედ ამ საქმეს ვუთმობ, რაც დიდ სიამოვნებასა და დადებით ემოციას მანიჭებს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაზე ძვირფასი - დრო, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო და ბევრი ახალი რამ გავიგო, ვეძიო სიახლეები და არასდროს მქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ან ვერ, ან არ გავაკეთე და რაღა თქმა უნდა, მუდამ გამაჩნია საკუთარი თავის ჯანსაღი კრიტიკის უნარი. ეს კი - საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შემუშავებაში მეხმარება.
_ გზა სკოლის მერხიდან უნივერსიტეტამდე...
_ გზა სკოლიდან უნივერსიტეტამდე საკმაოდ შორია, მაგრამ უკვე ბოლოში გასული ფიქრობ, - სულ ეს იყოო... სკოლა ის ადგილია, სადაც გავიზარდე და იმ ადამიანად ვიქეცი, ვინც ახლა ვარ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დრო სწორედ სკოლაში გავატარე, მართლაც ამაღელვებელია იმ პერიოდის გახსენება, მაგრამ ყველაზე ტკბილი მაინც ბოლო წლები და აბიტურიენტობაა, რაც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. ვფიქრობ, რომ კარგი სასკოლო განათლება გვეხმარება ცხოვრებისეულად ბევრ რამეში, თუნდაც პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
_ როგორია საბას სტუდენტური ცხოვრება?
_ ჩემი სტუდენტური ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ. ვიყო აქტიური სტუდენტი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მხრივ. მინდა, ჩართული ვიყო ბევრ სტუდენტურ პროექტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადო. ყველანაირად ვცდილობ ვიყო კარგი სტუდენტი და მგონი გამომდის კიდეც. რაც მთავარია, როცა აბიტურიენტი ვიყავი, ვიცოდი რაც მინდოდა, რაც გამომივიდოდა თანხვედრაში ყოფილიყო და ისე დამესახა მომავალი მიზნები და ასეც მოვიქეცი. ჩემმა უნივერსიტეტმა კი ამ ყველაფრისათვის საუკეთესო შესაძლებლობები მომცა. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის დამსახურებით მაქვს საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, რომელიც მუდამ ახალ შესაძლებლობებს მაძლევს და სწორედ აქ მაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ უფრო მეტი და მეტი მივიღო.
_ რომელ ფორმალურ და არაფორმალურ პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?
_ უკვე წელიწადნახევარია, რაც უნივერსიტეტში შევაბიჯე ფეხი და პირველივე სემესტრიდან ვცდილობდი მიმეღო მონაწილეობა პროექტებში. ვარ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს უნივერსიტეტისათვის; ასევე ვარ სტუდენტურ კლუბ „რუსთაველის“ წევრი, რომელმაც როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, - მათ შორის გამოვარჩევ „თავისუფალ მსმენელს“, რომლის თანაორგანიზატორიც ვიყავი; ასევე გავიხსენებ პროექტ „ახალგაზრდული ევროპული სამიტს“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ასევე დელეგატიც გახლდით და სხვა. დავამატებ იმასაც, რომ არაფორმალური განათლება აუცილებელია როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე სტუდენტებისთვის.
_ საბა, თქვენ მომავალი ეკოლოგი ხართ და ზოგადად, რომ გვითხრათ რა ეკოლოგიური გამოწვევების წინაშეა დღეს ჩვენი რეგიონი?
_ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად საქართველო, დასავლეთ საქართველო და განსაკუთრებით აჭარა, გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, კლიმატითა და რელიეფით, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სახეობათა მრავალფეროვნებასა თუ მათ ევოლუციას, რაზეც დღევანდელი აჭარის რეგიონის ეკოსისტემა ნათლად მეტყველებს. აჭარის რეგიონი სამწუხაროდ მრავალი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას და გამოვარჩევდი ურბანიზაციასა და მასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, რასაც ეკოლოგიურ კრიზისამდე მივყავართ, ქალაქის და ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნე ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდა ჰაერში, არასწორი და ინტენსიური ურბანიზაცია, სათბურის აირების მაღალი რაოდენობა, ბათუმის ნაგავსაყრელი რაზეც საუბარი შორს წაგვიყვანს, ასევე საავტომობილო და საწარმოო გამონაბოლქვი და სხვა უამრავი პრობლემა. ეს ყველაფერი ამ პროცესების თანმდევია.
_ საბა, თქვენ უკვე პირველი პროფესია და საკუთარი ბიზნესი 14 წლის ასაკიდან გაქვთ. ქმნით ხის სათამაშოებს, გაგაქვთ ბაზარზე... გვიამბეთ, როგორ იქცა ჰობი საყვარელ საქმიანობად...
_ ყველაფერი უეცრად მოხდა. თავიდან უბრალოდ მოხერხებული ბავშვი ვიყავი, რომელიც ალბათ ყველაფრისგან რაღაცას აკეთებდა, მუყაოსგან, პლასტიკისგან, ძველი გაფუჭებული სათამაშოებისგან. ხშირად მომიტანდნენ ხოლმე უკვე გაუბედურებულ და დამსხვრეულ სათამაშოებს, რაც ძალიან მახარებდა. მათ ვშლიდი, საჭირო ნაწილებს ვაგროვებდი და შემდეგ ჩემთვის ახალ სათამაშოებს ვაწყობდი. უფრო კეთების პროცესი მიზიდავდა, ვიდრე მათით თამაში, რადგან მეშინოდა არ გაფუჭებულიყო. ასე იყო ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული 2017 წლამდე. 2017 წლის ზაფხულში წავედი კაჭრეთში კინოხელოვნების ბანაკში, სადაც ერთ-ერთი გაკვეთილი სწორედ დურგლობა გახლდათ და ალბათ გამიმართა, რომ ის გაკვეთილი სწორედ ჩემს ჯგუფს შეხვდა და იქ არსებულმა სახელოსნომ და მომუშავე ადამიანებმა (სულ ორი იყვნენ) ჩემში გააღვიძა ის სურვილი, რომ მსგავსის გაკეთებას მეც აუცილებლად შევძლებდი. იქიდან დაბრუნებულს ჩემი სურვილი მშობლებს გავანდე და მათაც დიდი ინტერესით მხარი დაუჭირეს ჩემი სურვილის ასრულებას და მოვიპოვეთ პირველი დაფინანსება. მაშინ 14 წლის ვიყავი და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ალბათ დედამიწაზე. აი, მაქედან მოყოლებული ვარ დურგალი. მას შემდეგ ყოველ წელს ვიღებ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას. გავიმარჯვე პროექტებში: ,,ენპარდ 3“, ,,ქედა ლაგი,“ „ევროკავშირი საქართველოსთვის“, „CENN“ და ბოლოს იყო ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში გამარჯვება. გაჩერებას არ ვაპირებ...
_ როგორ გაჩნდა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოების იდეა?
_ ეს თავიდან ალბათ უფრო მარკეტინგული გათვლა იყო, რადგან მოთხოვნაც დიდი და ბაზრის ათვისებაც უფრო მარტივი იქნებოდა. უკვე ორი წელია ვამზადებ სათამაშოებს. როგორც ეკოლოგს მინდოდა, რომ ჩემი საქმიანობა მინიმალური ზიანის მომტანი ყოფილიყო გარემოსათვის და შემექმნა ჯანსაღი პროდუქტი. ამიტომ სათამაშოები ამ ყველაფრის საშუალებას მაძლევს, თან კომპლექსურია ჩემთვის ის ფაქტიც, რომ არ ვიყენებ არანაირ საღებავვს, რაც აბსოლუტურად ჯანსაღს ხდის ჩემს სათამაშოებს. ხშირად მომხმარებლის სურვილის მიხედვით ვამზადებ სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც არ საჭიროებს მასიურად ხის მოხმარებას.
_ კონკრეტულად რა სახის სათამაშოებს აწარმოებთ?
_ ვაწარმოებ ყველა ასაკის ბავშვისათვის სათამაშოებს და ვცდილობ, ამ მხრივაც შევიძინო და დავაგროვო გამოცდილება, რომ სათამაშოები ზუსტად ასაკის შესაბამისი უსაფრთხო და ასევე იყოს ისეთი, რაც ბავშვს განვითარებაში დაეხმარება.
_ რა ტექნოლოგიით მზადდება თითოეული სათამაშო და რა დროს და ენერგიას მოითხოვს?
_ მთავარია ცოდნა, თუ რომელი სათამაშოსთვის რომელი ხის მასალა გამოდგება. ყველა მასალა საჭიროებს დამუშავების სპეციფიკურ მეთოდებს. საჭიროა იყოს გამომშრალი და კარგად დამუშავებული, რომ შედეგიც სასურველი იყოს. დრო საკმაოდ მნიშვნელოვანია ყველა საქმეში. საჭიროა მოთმინება. ხეც ოდესღაც ცოცხალი იყო და საკადრისად უნდა მოექცე. ტექნოლოგიასა და დროს რაც შეეხება, დამოკიდებულია სათამაშოზე თუ რა სირთულის დასამზადებელია, როგორი დიზაინი აქვს და სხვა.
_ სად ამზადებთ სათამაშოებს და ვინ არიან თქვენი ნაწარმის მომხმარებლები?
_ სათამაშოებს ჩემს პატარა სახელოსნოში ვამზადებ, რომელიც სულ რაღაც 25 კვ/მ-ია და რადგან ძირითადი მიმართულება სათამაშოებია, აუდიტორიაც შესაბამისად მშობლები არიან, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ვცდილობ, ერთფეროვანი არ იყოს ჩემი საქმიანობა და სხვადასხვა მომხმარებლის ინტერესების მიხედვით ვამზადებ ნივთებს.
_ სად არის შესაძლებელი სათამაშოების ნახვა და შეძენა?
_ სათამაშოების შეძენა შეგიძლიათ Facebook-ზე გვერდის: ECO TOY პაიჭი-ს საშუალებით(https://www.facebook.com/profile.php?id=100037601257275&mibextid=LQQJ4d). ასევე ჩემ მიერ დამზადებულ სათამაშოებს ნახავთ ბათუმის სოციალურ კაფე ,,სოციუმში“, რომელიც მდებარეობს ჟორდანიას 4 ნომერში, სადაც არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებსაც შეიძენთ.
_ ხომ არ ფიქრობთ, საგრანტო პროექტებში მონაწილეობას, ბიზნესის გაფართოებას და ქართული სათამაშოების ექსპორტზე გატანას?
_ ამ მხრივ საკმაოდ ბევრი იდეა და მიზანი მაქვს, რაზეც უკვე დავიწყე მუშაობა. მეტის გამხელა არ მინდა, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ჩემი სათამაშოების ექსპორტზე გატანაა.
_ და ბოლოს, რა რჩევებს მისცემთ ეკოლოგიის პროფესიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს?
_ ვეტყოდი, რომ ეკოლოგია მომავლის პროფესია და ერთ-ერთი ყველაზე ფართო მეცნიერებაა, რომელიც თავისი კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა სამეცნიერო დარგს იყენებს და აგვარებს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა გლობალურ-ეკოლოგიური პრობლემა. ჩვენ წინაშე მრავალი პრობლემაა და მყისიერი რეაგირებაა საჭირო. ცალსახად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა მოსახლების მხრიდანაც. მომავალო ეკოლოგებო, წინ საინტერესო გზა გელით...
_ საბას სამომავლო გეგმები...
_ სამომავლო გეგმები თავიდან ბოლომდე უკავშირდება ჩემ მიერ არჩეულ პროფესიას, რადგან მსურს დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვიყო. ამბიცია და ბევრი მიზანი მაქვს. ყოველთვის ვეცდები, რომ მოვინდომო და ვიშრომო. არასდროს მქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც იმიტომ არ გამომივიდა, რომ დამეზარა, არ გავაკეთე და რაღაცებზე უარის თქმა ვერ შევძელი...
უკან |