ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა ქეთი მგელაძემ სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“ მონაწილეობა მიიღო. ცალსახად მნიშვნელოვანია, საქართველოში საკურორტო ადგილების და ხალხური მედიცინის საკურორტო-გამაჯანსაღებელი პოტენციალის გამოვლენა. ,,ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული კურორტის პერსპექტივები საქართველოში“, - ამ სათაურით წარადგინა თემა სტუდენტმა, რომელსაც პროფესორი პაატა ჩაგანავა ხელმძღვანელობდა.
ქეთის თავგადასავლებით დატვირთული ყოველდღიურობა უყვარს. ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც პიროვნული ზრდისთვის დაეხმარება.
_ გზა სკოლიდან სტუდენტობამდე...
_ გზა სკოლიდან სტუდენტობამდე ალბათ ჩემთვის და ყველა სხვა ადამიანისთვისაც ცხოვრების ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ეტაპია. სკოლაში გატარებული თითოეული დღე ჩემი გამორჩეული მასწავლებლების წყალობით ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, რადგან გარდა ფორმალური გაკვეთილებისა, კლასში აქტიურად ტარდებოდა არაფორმალური შეხვედრები, ღია კარის დღეები, ვდგამდით სპექტაკლებს განვლილი ნაწარმოებების მიხედვით, ვაწყობდით პოეზიის საღამოებს და ა.შ. ვფიქრობ, სკოლაში გატარებულმა პერიოდმა და ამ საინტერესო ამბებში ჩართულობამ შთამაგონა ვყოფილიყავი დღეს სწორედ იქ, სადაც ვარ. საუნივერსიტეტო ცხოვრება კიდევ უფრო მეტ საინტერესო აქტივობას, შეხვედრას, ტრენინგსა და პროექტს გვთავაზობს სტუდენტებს. უნივერსიტეტში არამხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ კონკრეტული საგანი, არამედ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულადაც გამოვიყენოთ ცხოვრებაში.
_ როგორია 21-ე საუკუნის სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურობა?
_ სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურობა ძალიან დატვირთული, თავგადასავლებით და გამოწვევებით სავსეა, რადგან დღეს ახალგაზრდებს გვირთულდება სამსახურთან ერთად მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული სტუდენტური ცხოვრების აქტივობებში, ვინაიდან ხშირად მოუხერხებელი სამუშაო გრაფიკი გვზღუდავს ვიყოთ მუდამ ენერგიულები და აქტიურები. თუმცა, თუ დროს სწორად გადავანაწილებთ, ალბათ ყველაფერს შევძლებთ. ცოტას კი დავიღლებით, მაგრამ ასეთ დაღლას სასიამოვნოდ დაღლას ვუწოდებ, რაც საბოლოო ჯამში ამად ღირს. თუ შევნიშნავ, რომ მომდევნო დღეებში რაიმე ღონისძიება, საინფორმაციო შეხვედრა ან ვებინარი იმართება, მე ამ ამბავს იმ კარგ შესაძლებლობად აღვიქვამ, რომელიც განტვირთვის, სიახლეების გაცნობისა და დადებითი ენერგიების მომტანია. მართალია, ჩემი სტუდენტური ცხოვრება თავიდან კოვიდ პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამან ერთგვარი დემოტივაციაც მოახდინა დასაწყისში, მაგრამ საკმარისი იყო ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში დაბრუნება და დარჩენილი სტუდენტური წლების სტუდენტურად გატარება.
_ ქეთი, რომელ არაფორმალურ და ფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?
_ უამრავ არაფორმალურ და ფორმალურ საგანმანათლებლო პროექტში მიმიღია მონაწილეობა, სადაც მიღებული გამოცდილება და ცოდნა დღემდე მომყვება და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვცდილობ, აქტიურად გამოვიყენო. თუმცა გამოვარჩევდი ტურიზმის ფაკულტეტზე ჩატარებულ ტრენინგს, რომლის თემატიკა მოიცავდა სასტუმროს საერთაშორისო მენეჯმენტის პირობებს, სასტუმროს ინდუსტრიის საფუძვლებსა და სტრუქტურულ მახასიათებლებს, სასტუმროს ოპერირებას, მის განვითარებასა და ინვესტიციებს. ტრენინგზე გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, სტუდენტებს საშუალება მოგვეცა პრაქტიკულადაც მიგვეღო გამოცდილება და სასწავლო ვიზიტით ერთი კვირა გავემგზავრეთ ბერლინში. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრენინგი, რომლის თითოეული დღე ერთმანეთზე საინტერესო, საინფორმაციო და დაუვიწყარი იყო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ და სხვა უამრავი შესაძლებლობისთვის ტურიზმის ფაკულტეტს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
_ ქეთი, რომელ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობდი?
_ პირველად კონფერენციაში მონაწილეობა როცა მივიღე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაშინ ჩემი მოხსენება ეხებოდა თემას ,,მულტიკულტურული განათლების მნიშვნელობის აუცილებლობა სკოლაში’’, შემდგომ უკვე აქტიურად ვმონაწილეობდი ჩვენს უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში. ამ გამოცდილების ფონზე კი ბოლოს გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში თემაზე: ,,საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები”.
_ თქვენი საკონფერენციო თემა გახლდათ ,,ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული კურორტის პერსპექტივები საქართველოში“. ვინ გიხელმძღვანელათ და რას არი ნაშრომის კვლევის მიზანი, პრობლემატიკა და საკითხის ამოცანები?
_ ნაშრომი ეხებოდა ინოვაციურ მიდგომებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების სფეროში, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი პაატა ჩაგანავა. სწორედ ბატონი პაატას დახმარებით შევძელი კიდევ უფრო არგუმენტირებულად წარმომეჩინა ჩვენი ქვეყნის საგანძური და წინაპართაგან შემორჩენილი-ხალხური მედიცინით მკურნალობა. კვლევის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის სიცოცხლისუნარიანობა. გამოკითხვის შედეგებმა კი გვაჩვენა, რომ საზოგადოების უმრავლესობას ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებულ კურორტის იდეას საკმაოდ პერსპექტიულად აღიქვამს. რაც შეეხება პრობლემატიკას და თემის აქტუალობას, ტურისტული სერვისების ბაზარზე მწვავე კონკურენცია განაპირობებს ახალი მიდგომების და შესაძლებლობების გაანალიზების აუცილებლობას. ამ მხრივ ერთ-ერთ შესაძლებლობას ქვეყნის რეკრეაციული პოტენციალი წარმოადგენს. საკითხის მთავარი ამოცანები იყო მსგავსი კურორტების წარმატების ისტორიების შესწავლა, მომხმარებლების მახასიათებლების გამოვლენა და საქართველოში საკურორტო ადგილების და ხალხური მედიცინის საკურორტო-გამაჯანსაღებელი პოტენციალის გამოვლენა.
_ რა გავლენა აქვს ხალხურ მედიცინას თანამედროვე ცხოვრებაში?
_ როგორც ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, ხალხური მედიცინა საკმაოდ აქტუალური და შედეგიანია ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობაში, ვინაიდან თითქმის ყველა ქართველის ოჯახში წიგნების თაროზე გამორჩეული ადგილი უჭირავს იმ სამედიცინო წიგნს, რომელიც ხალხურ მედიცინაზე დამყარებულ მკურნალობის გზებს მოიცავს. თითქმის ყველა ქართველმა ვიცით, წინაპართაგან შემორჩენილი ხალხური მეთოდებით მკურნალობის შესანიშნავი გზები, ეს იქნება დამწვრობის, მოტეხილობის თუ სხვა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში.
_ როგორია ხალხური მედიცინის ეფექტურობა ტურიზმის სფეროში?
_ ვფიქრობთ, დროული და მნიშვნელოვანია, ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული საკურორტო ზონების განვითარება საქართველოში სწორედ იმ ადგილების გასაცოცხლებლად, სადაც გვაქვს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალებები, მაგრამ ისინი არ არის გამოყენებული. ამგვარი ინოვაციური მიდგომები გააჩენს გამძაფრებული კონკურენციის პირობებში ტურისტული სერვისების ბაზარზე ახალი სეგმენტის მოპოვების შესაძლებლობას. ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტების პრაქტიკა მსოფლიოში იშვიათად გვხვდება. ოთხი კურორტის შესწავლის შედეგად, ისინი მრავალფეროვან, მაგრამ მთლიანობაში მსგავს სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, დაწყებული სპა პროცედურებით, - დამთავრებული იოგას ვარჯიშებით. რეკრეაციის მიზნით, მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, აშკარაა ის გარემოება, რომ ეს ინოვაცია ტურიზმის სფეროში მომგებიანი შედეგების მომტანი იქნება.
_ და ბოლოს, თქვენი ჰობი და სამომავლო გეგმები...
_ ჩემი სამომავლო გეგმები ძირითადად უკავშირდება პროფესიული მიმართულებით კვალიფიკაციისა მიღებას და რაც შეიძლება მეტი გამოცდილების დაგროვებას. დიდი სურვილი მაქვს ასევე შევისწავლო უცხო ენები და ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესწავლის მიზნით. მჯერა, რაც გულით გვინდა აუცილებლად შევძლებთ რეალობად ვაქციოთ. მთავარია, დიდი სირთულეების მიუხედავად არ გავჩერდეთ და სვლა განვაგრძოთ.
უკან |