გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ნაყოფიერი თანამშრომლობის დასტური - ბათუმის მე-8 საზაფხულო უნივერსიტეტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მერვედ გაიხსნა და დასრულდა საზაფხულო უნივერსიტეტი. მიმდინარე წლის  თემაზე - „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა მშფოთვარე დროში: მომავლის ხედვა“, - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში მოხსენებები წარადგინეს.

გაზეთბათუმის უნივერსიტეტისკითხვებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი და წევრი, ქალბატონი შორენა ლორთქიფანიძე პასუხობს.

_ ქალბატონო შორენა, თქვენი თანამშრომლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან რამდენიმე წელს ითვლის. გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს ამ ურთიერთობის ერთგვარი მინი ექსკურსი წარუდგინოთ...

_ სამოქალაქო საბჭომ, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით,  2015 წელს დაიწყო  პროექტი, რომლის მიზანიც იყო საქართველოში უნივერსიტეტების და აკადემიური პერსონალის  კვლევითი და სასწავლო შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში. ამ მიზნით, აქტიურად დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან შეხვედრები, პროგრამის გაცნობა. 2015 წელს, ბათუმის უნივერსიტეტში,   ბატონ ირაკლი მანველიძეს შევხვდით. ის დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. პირველი გაფართოებული შეხვედრა საუნივერსიტეტო წრეებთან თბილისში გაიმართა. მაშინ გადაწყდა, რომ ბათუმში უნდა დაწყებულიყო ახალი პროექტი - ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი გაუვრცელებლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

ბათუმის უნივერსიტეტის მონდომება, ინტერესი და მოტივაცია იმდენად მაღალი იყო, რომ 9 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა, ასეთ საინტერესო საერთო საერთაშორისო პროექტად გადაიქცა. დღეს უკვე საერთაშორისო საექსპერტო საზოგადოება ბირთვული გაუვრცელებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში მოუთმენლად ელის აგვისტოს დადგომას. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დისკუსიების ცენტრად და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. დიდწილად, ეს მიღწევა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონდომებული და დაინტერესებული  ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის დამსახურებაა. პროფესორი ირაკლი მანველიძე და მისი კოლეგები, ყოველ წელს დიდი ერთგულებით ემსახურებიან ამ საქმეს.

ფაქტობრივად, უკვე 8 წელია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტი მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს.

_ რამდენიმე დღის წინ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  რიგით მერვე საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნა და დასრულდა. რას ეხებოდა იგი?

_ დიახ, მიმდინარე წლის 22-24 აგვისტოს ჩატარდა მერვე საზაფხულო უნივერსიტეტი ბათუმში. ბუნებრივია, უკრაინაში რუსეთის ომი, ჩვენი ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა.

ომის კონტექსტი, საერთაშორისო გარემო, დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები, რუსეთის აგრესია საერთაშორისო სისტემაში, ბირთვულ სფეროში დეზინფორმაციის საკითხები, ჩინეთის საერთაშორისო პოლიტიკა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და საქართველო, ნატოს და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, ადამიანური უსაფრთხოების დილემები, - სწორედ ეს საკითხები იყო მთავარი სადისკუსიო თემები წელს.

ჩვენი სტუმრები იყვნენ აღიარებული ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და რა საკვირველია, საქართველოდან.

_ რით განსხვავდებოდა მიმდინარე წლის სეზონის თემატიკა გასული წლებისგან?

_ თემატიკა იცვლება, უნივერსიტეტის მუშაობა აუცილებლად ეხმიანება მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს. ჩვენი მიზანია მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები მოვიწვიოთ ბათუმში სწორედ მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ.

ჩვენი ორგანიზაციისთვის ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი არის საშუალება, ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ დაინტერესებულ საზოგადოებას. ერთგვარად, ეს ჩვენი მოსავლის გაზიარების დროც არის.

_ სამომავლოდკიდევ რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან?

_ ვიმედოვნებთ, რომ მთავარი პროექტი - ბათუმი საზაფხულო უნივერსიტეტი -გაგრძელდება, მას შემოუერთდება სხვა მხარდამჭერები და სპონსორები. ასვე ვგეგმავთ სხვადასხვა კვლევის მიმართულებითაც ვიმუშაოთ, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ჩაერთოს ერთობლივ საერთაშორისო კვლევით პროექტებში.

ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არის გეიგერ მულერის რადიაციული ფონის მზომავი სადგური, რომელსაც ოპერირებას უწევს სამოქალაქო საბჭო.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პროფესორი ტომას იონტერი შვედეთიდან, რომელიც წლებია ჩვენი პროექტის ჩარჩოებში აქტიურად თანამშრომლობს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით. ტომას იონტერი ჩვენი საზაფხულო უნივერსიტეტის ერთგული სპიკერია.

_ ქალბატონო შორენა, თქვენი, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებლისა და წევრის აზრით,  რამდენად მნიშვნელოვანი  და საჭიროა, მსგავსი საკითხებით უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცეების დაინტერესება და ჩართულობა?

_ საერთაშორისო ჩართულობა არის წინაპირობა იმისა, რომ საგანმანათლებლო პროგრამები თავსებადია საერთაშორისო მოთხოვნებთან, პასუხობს მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს, გამოწვევებს. მსგავსი ინიციატივები გვეხმარება უკეთ დავინახოთ ჩვენი თავი და საჭიროებები, რაც საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების საუკეთესო გზაა.

ჩვენ გვიხარია, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საერთაშორისო რუკაზე უკვე მონიშნულია როგორც მნიშვნელოვანი ყოველწლიური სასწავლო და სადისკუსიო სივრცე, სადაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთად მსჯელობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს ერთგვარი თაობათა შორისი გაცვლის და ერთმანეთისგან სწავლის პროცესია. უნივერსიტეტებმა უნდა იზრუნონ ამ მიმართულებით განვითარებაზე და ჩვენ გვიხარია, რომ ამ პროცესს ვეხმარებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა