გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტი სესილი გათენაძე არაერთგზის სტიპენდიანტია

სურათი

სესილი გათენაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ეკოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. წარმატებულმა სტუდენტმა ამჯერად თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდია მიიღო. სესილი არაერთგზის სტიპენდიანტი და არაერთი საკონფერენციო ნაშრომის ავტორია. მომავალმა  ეკოლოგმა  მეგობრებთან ერთად ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ნატურალისტთა საზოგადოებაც“ დაარსა. ორგანიზაცია ბუნების მკვლევრებს და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ნატურალისტებს აერთიანებს. ბსუ-ს მორიგი წარმატებული სტუდენტი თავის მიღწევებზე  გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტს“ ესაუბრა.

_ თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ გამიმართლა, რადგან გიმნაზიელი მქვია. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. კიდევ უფრო გამიმართლა, როცა ჩემს სკოლაში, როგორც მასწავლებელმა ისე გამოვცადე თავი. ყველა ის დაკარგული წუთი ავინაზღაურე, რაც პანდემიისას დავკარგე...

   სიმართლე გითხრათ, დაწყებითი კლასიდანვე ვფიქრობდი სამედიცინოზე ჩაბარებას. ვფიქრობდი, რომ თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, თუმცა ბოლო წელს გადავიფიქრე. განსხვავებული გეგმები გამაჩნდა და ჩემს მომავალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვუკავშირებდი. ეხლა კი ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე.

_ სესილი, აქტიური და წარმატებული სტუდენტი ხარ, რა საგანმანათლებლო პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?

_ სტუდენტურ ცხოვრებამდე ბათუმის ამერიკულ კუთხეში ვატარებდი დიდ დროს, აქ დავაგროვე დიდი გამოცდილება. ამერიკელ მოხალისე მასწავლებლებთან ერთად მეც ვმოხალისეობდი. აქ ვისწავლე   ე.წ  „ public speaking”.  ასევე სხვადასხვა სამიტებზე ორგანიზატორი გახლდით, მაგალითად: „ ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019“, „გლობალურ პრობლემათა ფორუმი” და აშ.  რაც შეეხება უნივერსიტეტის პერიოდს, პირველი კურსიდან აქტიური სტუდენტი ვარ. ჩემი მომავალი პროფესიაც ისეთია, რომ სულ პრაქტიკას, მუდმივად კვლევას და ფეხის აყოლას მოითხოვს, რადგან დედამიწაზე სულ რაღაც ხდებოდა, ხდება და მოხდება.  ვცდილობ, რომ  გარდა სალექციო თემებისა, ყველანაირ კონფერენციაში, პროექტებში, ვორქშოპებში და კონკურსებში მივიღო მონაწილეობა, რადგან მსგავს აქტიურობაში ვხედავ განვითარებას. ვმონაწილეობდი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ვორქშოპში - „დედამიწა- ჩვენი პლანეტა“. ერთ-ერთ კონფერენციაზე მეორე ადგილზე გავიდა ჩემი საკონფერენციო თემა: „ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული შიგელოზის დაავადების გავრცელების დინამიკა აჭარაში 2018-2021 წლებში“. ვესწრებოდი შემდეგ საერთაშორისო კონფერენციებს:  „ Energy and Climate Diplomacy, Energy Efficiency and Energy Management“, „ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და საზღვაო ნარჩენების შემცირება შავი ზღვის ეკოსისტემის დასაცავად“, „ ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი განათლება“ და სხვა. კარგი გამოცდილება მივიღე თურქეთში, სადაც ართვინის უნივერსიტეტში ჩვენი სპეციალობის აქტიური სტუდენტები მიგვიწვიეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია: „ახალგაზრდა ნატურალისტთა საზოგადოება“, რომელიც ბუნების მკვლევართა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ნატურალისტებს აერთიანებს.

_  ,,ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი პოლონეთში ისწავლეთ, გაგვიზიარე თქვენი შთაბეჭდილებები...

_ ჩემი ბსუ-ში ჩაბარების ყველაზე მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვიცოდი საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამებით და პროფესიული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. პირველივე კურსიდან ვცდილობდი, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა გამომეყენებინა და არ გამეშვა საზღვარგარეთ სწავლის შანსი, რაც ჩემი დიდი ოცნება იყო. პოლონეთის პატარა ქალაქში, გლივიცეში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. საუნივერსიტეტო სივრცე ძალიან დიდი იყო, იმდენად დიდი რომ რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. ყველა ფაკულტეტს თავისი შენობა ჰქონდა. მე ენერგიის და გარემოს ინჟინერიაზე ვსწავლობდი. დიდ დროს ვატარებდი ლაბორატორიებში, რადგან ყველა საგანს თავისი ლაბორატორია ან პროექტი ჰქონდა.  განსხვავებული შეფასების სიტემა და სწავლება გააჩნდათ, რაც ჩემთვის ცოტა უჩვეულო იყო. გლივიცეში ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს, იმდენად ბევრი, რომ საცხოვრებლების რაოდენობა 10-ზე მეტი იყო. კარგი გამოცდილებაა უცხოური მეგობრების შეძენა და მათთან ურთიერთობა, რადგან ერთმანეთის ქვეყნების კულტურაზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩემთვის დასამახსოვრებელი ის ფაქტიც იყო, რომ გლივიცეში სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ მე ვიყავი ქართველი სტუდენტი. თავიდან მეგონა რომ გამიჭირდებოდა, რადგან დამოუკიდებელ ცხოვრებას არ ვიყავი შეგუებული.  საზღვარგარეთ სრულიად მარტომ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ყველაფრის დამსახურებით  და მივხვდი, რომ თურმე ბევრი შემძლებია.

_ სტუდენტებს რა სიახლეებს სთავაზობს უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა?

_ პირველ რიგში დიდ გამოცდილებას, საკუთარი თავის რწმენას და შემდეგ უკვე პროფესიული კუთხით განვითარებას.

_ სესილი, არაერთგზის სტიპენდიანტი ხარ...

_ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ შრომა პირველივე სემესტრიდან მიფასდება, რადგან არაერთხელ ამიღია სახელმწიფო, საფაკულტეტო თუ სახელობითი სტიპენდია. მათ შორისაა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია, რომელიც უკვე მეორეჯერ დავიმსახურე. ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი სურვილი გაქვს საკუთარი პროფესიის შესწავლის და ასევე დაკავებული ხარ აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, ეს ყველაფერი  აისახება აკადემიურ მოსწრებაზეც.

_ მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების  პირობებში, თქვენი არჩეული სპეციალობა ძალიან საინტერესოა. რას ფიქრობს მომავალი ეკოლოგი დღევანდელ ეკოლოგიურ გამოწვევებზე?

_ გარდა ინტერესისა, აქტუალობაც იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ ეკოლოგია ამერჩია ჩემს მომავალ პროფესიად. რაც შეეხება ეკოლოგიურ გამოწვევებს, ბრიტანელი ნატურალისტის სერ დევიდ ატენბოროს სიტყვებს გამოვიყენებ : „ჩვენ ვიმყოფებით ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური მასშტაბის კატასტროფის პირისპირ. ეს ჩვენ წინაშე მდგარი ათასწლეულების უდიდესი საფრთხეა. თუ არაფერს ვიღონებთ, კარსაა მომდგარი ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსი და ბუნებრივი გარემოს უდიდესი ნაწილის გადაშენება”.

_ და ბოლოს, სესილის სამომავლო გეგმები...

_ მოგეხსენებათ, რომ ბოლო სემესტრი საზღვარგარეთ გავატარე.  სულ მეცინება იმ ფაქტზე, რომ ბათუმზე შეყვარებულმა ადამიანმა მოვახერხე და შევაყვარე ჩემი ქალაქი იქ მყოფ უცხოელ სტუდენტებსაც. ახლა უკვე აქ ვარ და ვცდილობ ავინაზღაურო ბათუმში არყოფნის წუთები. თუმცა ამავდროულად ვცდილობ დავგეგმო ახალი სემესტრი, ვეძებ სიახლეებს და გამოწვევებს. მეოთხე კურსი ძალიან დატვირთული იქნება. სამომავლო გეგმების ნაწილია ბაკალავრიატის წარმატებით დასრულება, მაგისტრატურაზე ჩაბარება და კარიერაზე ზრუნვა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა