გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტები გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიაზე არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილებდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა სასწავლო კურსის ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკისფარგლებში გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წარმოებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს. ისინი პეტრა-ციხისძირისა და ქობულეთ-ფიჭვნარში  მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ. არქეოლოგიური გათხრები უნივერსიტეტის და აჭარის .. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკისერთ-ერთ ხელმძღვანელს, ბსუ- ასისტენტ-პროფესორს კახაბერ ქამადაძეს და ექსპედიციაში მონაწილე სტუდენტებს ესაუბრა.

_ ბატონო კახა, რას მოიცავს აღნიშნული კურსი?

_ ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკა“ სასწავლო კურსით გათვალისწინებულია ისტორიის სპეციალობის მეორე კურსზე. მოგეხსენებათ  აღნიშნულ სპეციალობაზე სტუდენტები პირველ კურსზე სწავლობენ ზოგად არქეოლოგიას. შესაბამისად ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკის“ სასწავლო კურსის მიზანია არქეოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ჩამოყალიბება. კერძოდ: არქეოლოგიური გათხრების დაგეგმვის, ორგანიზების, საველე და კამერალური სამუშაოების განხორციელების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება ან სრულყოფა. საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ღებულობენ სრულფასოვან მონაწილეობას საველე არქეოლოგიურ, კამერალურ თუ კაბინეტურ სამუშაოებში. უფრო კონკრეტულად მათი მონაწილეობით ხდება არქეოლოგიური გათხრების წარმოება, დღიურის შედგენა, ველზე მოპოვებული არქეოლოგიური არტეფაქტების ფიქსაცია, მათი ეტიკეტირება, აღწერა-დახასიათება და კამერალური თუ ლაბორატორიული დამუშავება. საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დოკუმენტაციისა და ანგარიშის წარდგენა.

სასწავლო კურსი ორ კვირას მოიცავს, თუმცა იმის გამო რომ ჯგუფი დიდია და ყველას  უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები, სტუდენტები რამდენიმე ჯგუფად, 10-15 კაცის შემადგენლობით იყოფიან და სასწავლო პრაქტიკაც ერთი თვე გრძელდება.  უშუალოდ პრაქტიკას  ველზე ხელმძღვანელობს პროფესორი მერაბ ხალვაში და ერთ-ერთი ხელმძღვანელი მე გახლავართ.  რაც შეეხება სიახლეებს, ცხადია, ყოველ ჯგუფთან უკვე დასრულებული პრაქტიკის შემდეგ ვაანალიზებთ მიღწეულ  შედეგებს, კურსის ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს და ვზრუნავთ მის გამოსწორებაზე.  სამომავლოდ განსაზღვრული გვაქვს მეტი ყურადღება დავუთმოთ არქეოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიების ხერხებისა და მეთოდების გამოყენებას. მათ გარეშე დღეისათვის არქეოლოგია როგორც მეცნიერება წარმოუდგენელია.

_ არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში რა საინტერესო მასალის აღმოჩენაზე მუშაობთ სტუდენტებთან ერთად და ზოგადად, რა როლს ასრულებენ მომავალი არქეოლოგები ისტორიული გათხრების აღმოჩენების პროცესში?

_ წელს სტუდენტებმა ძირითადად იმუშავეს გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიაზე, კონკრეტულად რომაული პერიოდის მე-2 და მე-3 საუკუნეების კულტურულ ფენაზე. ამ პერიოდის მასალები  საკმაოდ მრავალფეროვანია, ძირითადად ესაა სამეურნეო სატრანზიტო ჭურჭლები - ამფორები, ასევე ქოთნები, ჯამები, დოქები, მინის ნაწარმი თუ სხვა არტეფაქტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შემოტანილია და რომაელი ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი.  გარდა ამისა, მათი ჩართულობით გავავლეთ სადაზვერვო, საკონტროლო თხრილები წინა წელს შესწავლილ კულტურულ ფენაში. შედეგმაც არ დააყოვნა და აღმოჩნდა ძვ.წ. VIII-VII სს-ის ადგილობრივი სასმისები. არქეოლოგიური თვალსაზრისით ესაა ყველაზე ძველი ფენა გონიოს ციხეში ე.წ. დიუნა. 

რასაკვირველია, როცა სტუდენტების პრაქტიკაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ცხადია, ყველა არქეოლოგიის მიმართულებით  შემდეგში აღარ აგრძელებს სწავლას. მაგრამ ბევრია ისეთებიც რომლებსაც ველზე და არტეფაქტებზე მუშაობის შედეგად უჩნდებათ ინტერესი მეცნიერების ამ დარგის მიმართ და მომავალში თავს მხოლოდ ამ პროფესიაში ხედავენ. მათი შემდგომი ზრდა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ, მივაწოდოთ სათანადო ლიტერატურა, შევურჩიოთ კონკრეტული პერიოდი, მოვამზადებინოთ საკონფერენციო თუ საბაკალავრო ნაშრომი და რაც მთავარია, კვლავ ჩავრთოთ ექსპედიციებში. საბედნიეროდ ჩვენ უნივერსიტეტს და დეპარტამენტს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია.

ციფრული ეპოქის თაობისთვის არქეოლოგიური მიმართულების სპეციალობისადმი ინტერესი რამდენად დიდია?

_ მიუხედავად ციფრული ეპოქისა და ტექნოლოგიებისა  არქეოლოგია დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას და ინარჩუნებს მნიშვნელობას. დღემდე ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედებდა არქეოლოგიის მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. არქეოლოგიისადმი ინტერესის ზრდამ განაპირობა სწორედ ის სასიხარულო ფაქტი, რომ პირველად შეიქმნა ცალკე არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხელმძღვანელები ბატონი მერაბ ხალვაში და ქალბატონი ნანა ხახუტაიშვილია. არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უკვე პირველივე კურსზე მისცემს სტუდენტს შესაძლებლობას სრულყოფილად და ზედმიწევნით შეისწავლოს არქეოლოგიური მეცნიერება. სასიხარულოა, რომ პირველი მიღება პროგრამაზე 2024 წელს დაიწყება. 

_ სტუდენტები, რომლებიც ისტორიის ამ კონკრეტულ მიმართულებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირჩევენ, სასწავლო კურსის რა მოდულებს გაივლიან?

როგორც ზემოთ აღინიშნა, საველე არქეოლოგიური პრაქტიკის წინაპირობაა სტუდენტს პირველ კურსზე გავლილი ქონდეს ზოგადი არქეოლოგიის სასწავლო კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საველე პრაქტიკაზე არ დაიშვება. რაც შეეხება უშუალოდ არქეოლოგიის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, მას ეს შესაძლებლობა სამაგისტრო პროგრამიდან ეძლევა და აქ შეზღუდვები არ არსებოს. შეუძლიათ ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა არქეოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე გააგრძელონ.

_ თქვენი გამოცდილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საველე მუშაობისას აღმოგიჩენიათ?

_ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის როგორც არქეოლოგისთვის ველზე მუშაობაა. ამიტომ ყოველ მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველი. შესაბამისად იმ წელს ველზე მოპოვებული მასალებიდან ყველა მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე უმნიშვნელოა. ყოველი მონაპოვარი, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნატეხი შეიძლება დიდი ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდეს. მიმუშავია აჭარაში არსებული ნებისმიერი პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლზე. ჩემი პროფილიდან გამომდინარე ყველაზე კომფორტული პერიოდი გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ეპოქაა.

თქვენი რჩევები დამწყებ არქეოლოგებს...

_ დამწყებ არქეოლოგებს ვურჩევდი, რომ განსაზღვრონ მათი ინტერესის სფერო. არქეოლოგიის კონკრეტული მონაკვეთის და პერიოდის ირგვლივ გაეცნონ არქეოლოგიურ ლიტერატურას, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა ექსპედიციებში,  აუცილებლად დაეუფლონ უცხო ენებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ გარეშე დღეს სპეციალისტად ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.

ექსპედიციაში მონაწილე ბსუ- ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები შტაბეჭდილებებს გაზეთ ,,ბათუმის უნივერსიტეტის’’ მკითხველს უზიარებენ .

გოგა ჩხაიძე:  ,,ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისათვის საველე არქეოლოგიური პრაქტიკა და კვლევებში ჩართულობა იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად მნიშვნელოვანი. მონაწილეები გავეცანით გონიო-აფსაროსის ციხის ისტორიასა და წარსულს, ციხის ტერიტოროაზე არსებულ მუზეუმს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ უძველეს და უნიკალურ ძეგლებს.   მიმაჩნია, რომ ზემოაღნიშნული  პრაქტიკული გამოცდილება ისტორიკოსისათვის  არის საინტერესო და სასიამოვნო პროცესი, რადგან უშუალოდ ხდები მონაწილე უძველესი კულტურის ძეგლისა თუ არტეფაქტის აღმოჩენის. ორმაგად გასაოცარი გრძნობაა, როდესაც ველზე  მუშაობისას აღმოაჩენ ახ.წ. I-III საუკუნეების რომაული პერიოდის ძეგლს, რომელსაც ვუტარებთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან პროცედურებს. ვახდენთ ძეგლის  აღწერა-დახასიათებას, გარეცხვას, გასუფთავებას დავთარის შედგენას,  პასპორტიზაციას და როცა ეს ყველაფერი შენს ხელში გაივლის მართლაც საოცრებაა... ეს არის უდიდესი გამოცდილება, თეორიულ ცოდნას  პრაქტიკაში იყენებ, ახალ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებ, საველე და კამერალურ სამუშაოებს, არქეოლოგიური გათხრების დაგეგმვასა და ორგანიზებას სწავლობ.  აღსანიშნავია ის გუნდორობა, რომელიც ველზე მუშაობისას იგრძნობა.   ჩემი მიზანიც ის არის, რომ არქეოლოგიურ ექსპედიციებში და კვლევებში აქტიურად ვიყო ჩართული“.

ნინო მუჯირი: ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკაში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა ისტორიკოსებისათვის. ამ დროს ჩვენ გავეცანით და შევისწავლეთ არქეოლოგიური კვლევის საწყისები  - მეთოდები და შემდგომი ეტაპები. სრულიად სხვა გრძნობაა, როდესაც ველზე შენ თვითონვე აღმოაჩენ ნივთს, ასუფთავებ და აღწერ მას. სიმართლე გითხრათ საველე პრაქტიკა არის გუნდური მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და ცოდნა. როგორც მომავალი არქეოლოგისთვის ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გავცნობოდი და სიღრმისეულად შემესწავლა არქეოლოგიური პროცესები“.

მაია წინწკალაძე:  ,,ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ მუშაობდნენ არქეოლოგები და არქეოლოგიური პრაქტიკების დროს აღმოვაჩინე, რომ მართლაც სასიამოვნო პროცესია.  ორი კვირის განმავლობაში ჩართულები ვიყავით საველე მუშაობაში. მრავალ საუკუნოვან ნივთზე შეხება, მისი გაცნობა და შესწავლა მომავლი ისტორიკოსებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. თუ სპეციალობა მოგწონს და გიზიდავს მასთან დაკავშირებულ საქმეს გულით ეკიდები და ეს იგრძნობადა ყველა იმ სტუდენტის ემოციაში ვინც ჩვენთან ერთად ექსპედიციაში მონაწილეობდა. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლმა თაობამ ისტორიული  წარსულის ძიებით ერთად უნდა გადავარჩინოთ  ეროვნული საგანძური“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა