„ბსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა არა თუ შეძლო თავი გაეტანა რთულ პირობებში და დღემდე შემორჩენილიყო საგანმანათლებლო არენაზე, არამედ ღირსეულად დაიმკვიდრა მაღალი რეპუტაციის, სანდო და კონკურენტუნარიანი სკოლის სტატუსი.
ზოგადად, როდესაც 90-იანი წლების განათლებაზე ვსაუბრობთ, მახსენდება მაშინდელი სიდუხჭირე და შეზღუდული რესურსები... შეუდარებელი იყო ის ადამიანური, კოლეგიალური და დამრიგებლური ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შორის. შეუძლებელია დაგავიწყდეს, რადგან დარგის თითქმის ყველა კოლორიტი მაშინ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. რთული წარმოსადგენი არაა ის სურათი, განცდა და ეიფორია საზოგადოებაში, აბიტურიენტებში, მშობლებში, რაც გამოიწვია რეგიონში პირველად იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობამ. ამ სპეციალობისადმი თავიდანვე ძალიან მაღალი კონკურსი და მოთხოვნა იყო. სწორედ მოთხოვნამ განაპირობა, რომ ეტაპობრივად გაფართოვდა იურიდიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ჯერ იყო და დაუსწრებელი განყოფილება შეიქმნა, შემდეგ დაემატა საერთაშორისო სამართლის და უცხოენოვანი სექციები და სხვა. ერთი სიტყვით, ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი, რომ დღეს ბათუმში, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იურდიული განათლების კერა არსებობს“, _ ამბობს პროფესორი ლევან ჯაყელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის 30 წელი საიუბილეოდ აღინიშნა. ფაკულტეტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო _ შოთა რუსთაველის მედალი უსახსოვრა. საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სხვადასხვა სექტორიდან მოწვეული სტუმრები, კურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ფაკულტეტმა არაერთი სამახსოვრო საჩუქარი მიიღო.
გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტს“ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი ესაუბრება. მისივე თქმით, წარმატება საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით იწყება. „შედეგი, რომელიც დღეს ფაკულტეტზე გვაქვს, სწორედ საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების დამსახურებაა, რისთვისაც მადლობა მიდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს“.
_ ბატონო ლევან, გთხოვთ გაიხსენოთ ფაკულტეტის 30-წლიანი ისტორია...
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ბსუ-ს, იურიდიული განათლების პროცესში ჩართულ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ჩვენს ქალაქს და კუთხეს იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო და მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დამოუკიდებელი ცხოვრების ურთულეს პერიოდში, 90-იან წლებში, მონაწილეობდა ახალი სპეციალობის დაფუძნებასა და საგანმანათლებლო პროცესში. სწორედ ამ ადამიანების ღვაწლმა, შრომისმოყვარეობამ და საქმის სიყვარულმა დღემდე მოიტანა ეს სპეციალობა და ღირსეულ, წამყვან ადგილს იკავებს სხვა სამართლის სკოლებს შორის.
30 წელი პირობითი თარიღია, რადგან ჩვენ 32 წლის იუბილეს უნდა ვზეიმობდეთ წელს. სტუდენტთა პირველი ნაკადი სამართლის სპეციალობაზე 1991 წელს ჩაირიცხა ბსუ-შ, თუმცა კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო არ მოგვეცა საშუალება სათანადოდ აღგვენიშნა საიუბილეო თარიღი და აუცილებელი გახდა მისი გადადება უკეთესი დროისთვის. როგორც ხედავთ, 2023 წელს შესაძლებელი გახდა მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებების გამართვა.
ბსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის საიუბილეო თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულად პირადულია. სამართლის სპეციალობაზე ჩარიცხულ პირველ ნაკადს მივეკუთვნები და თვითმხილველი ვარ ყველა იმ პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ 32 წლის წინ ხდებოდა. დღეს, დეკანის პოზიციიდან, სხვაგვარად ვუყურებ სტუდენტის თვალით დანახულ საგანმანათლებლო პროცესს და ხშირად გავლენასაც ახდენს ჩემ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. უკვე სხვა თვალით ვუყურებ და ვაფასებ ლექტორ-მასწავლებელთა მიდგომებს, ქცევებს, მუშაობის სტილს და სტუდენტებთან მათ დამოკიდებულებას.
ბსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა არა თუ შეძლო თავი გაეტანა რთულ პირობებში და დღემდე შემორჩენილიყო საგანმანათლებლო არენაზე, არამედ ღირსეულად დაიმკვიდრა მაღალი რეპუტაციის, სანდო და კონკურენტული სკოლის სტატუსი.
როდესაც 90-იანი წლების განათლებაზე ვსაუბრობთ ზოგადად, მახსენდება ის სიდუხჭირე და შეზღუდული რესურსები. შეუდარებელი იყო ის ადამიანური, კოლეგიალური და დამრიგებლური ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შორის. შეუძლებელია დაგავიწყდეს, რადგან დარგის თითქმის ყველა კოლორიტი მაშინ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. რთული წარმოსადგენი არაა ის სურათი, განცდა და ეიფორია საზოგადოებაში, აბიტურიენტებში, მშობლებში, რაც გამოიწვია რეგიონში პირველად იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობამ. ამ სპეციალობისადმი თავიდანვე ძალიან მაღალი კონკურსი და მოთხოვნა იყო. სწორედ მოთხოვნამ განაპირობა, რომ ეტაპობრივად გაფართოვდა იურიდიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯერ იყო და დაუსწრებელი განყოფილება შეიქმნა, შემდეგ დაემატა საერთაშორისო სამართლის და უცხოენოვანი სექციები და სხვა. ერთი სიტყვით, ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი, რომ დღეს ბათუმში, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იურდიული განათლების კერა არსებობს. ამ მიზნამდე ფაკულტეტმა სასიამოვნო და წარმატებული პროექტების პარალელურად, ბევრი არასასიამოვნო გარემოებებიც გადაიტანა და დაძლია. ვფიქრობ, არ არის საჭირო მკითხველის გადაღლა ნეგატიური ემოციებით. ფაქტია, რომ სიკეთემ გაიმარჯვა და ქვეყანაში თვალსაჩინო, საამაყო სამართლის სკოლა მოქმედებს.
მინდა პატივისცემით მოვიხსენიო პირველი მასწავლებლები, რომლებიც სათანადო ანაზღაურების გარეშე, იდეის გამო ემსახურებოდნენ იურიდიულ განათლებას. დღეს უკვე აშკარაა, რომ მათი ამაგი შეუფასებელია. არაერთი ღირსეული თაობა გამოიზარდა, დასაქმდა და სამეცნიერო ხარისხის მოიპოვა. მათ შეძლეს ღირსეული მემკვიდრეების მომზადება და საქმის უწყვეტობის უზრუნველყოფა. რეგიონში არ დარჩა არცერთი საჯარო თუ კერძო ინსტიტუცია, სადაც იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არ ეწეოდნენ პროფესიულ საქმიანობას. ათეულობით კურსდამთავრებულმა დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია და აქტიურად ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ერთმნიშვნელოვნად მყარი საძირკველი აქვს ბსუ-ში იურდიულ განათლებას, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს დღეს იურიდულ განათლებაში ჩაბმულ ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს.
დღეის მდგომარეობით, უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული განათლება ინტეგრირებულია გაერთიანებულ ფაკულტეტში სოციალურ მეცნიერებებთან ერთად (იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასე ქვია დღეს ფაკულტეტს), ათობით საგრანტო პროექტია, გაცვლითი პროგრამებია სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისთვის მხოლოდ იურიდიული პროფილით. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, რაც ემსახურება სტუდენტების პრაქტიკული კომპეტენციების გამომუშავებას და უმწეო მოსახლეობის ნაწილისთვის უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას. გვაქვს ჟან მონეს კათედრა, რაც ჩვენი ინტერნაციონალიზაციისა და აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია. ერთ-ერთი სანიმუშოა ინფრასტრუქტურა, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო აქტივობები. ესენია: სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკის კაბინეტი, სამედიაციო პროცესების საიმიტაციო კაბინეტი და სხვა.
ჩვენ ვაგრძელებთ წარსულის პატივისცემით მომავალზე ზრუნვას. საიუბილეო ღონისძიების შემდეგ ვიწყებთ ახალი ისტორიის ფურცლების შევსებას და საზოგადოებას ხშირად გავახარებთ ჩვენი წარმატებებით.
_ ბატონო ლევან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 წლისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. გთხოვთ, გვესაუბრეთ მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ...
_ საიუბილეო ღონისძიება მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გამოვიდა. ჯერ კიდევ 2021 წელს გვინდოდა ამ თარიღის საზეიმო აღნიშვნა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ცნობილი გარემოებების გამო იძულებული ვიყავით უარი გვეთქვა. დღეს ნამდვილად არ ვნანობთ, რადგან უკეთესი წინაპირობები შეიქმნა ასეთი თარიღის საზეიმოდ აღსანიშნავად. მხედველობაში მაქვს საქართველოში ახალი აკადემიური პლატფორმის „საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების“ საქართველოს ეროვნული გაერთიანების შექმნა, რომლის დამფუძნებლებთან ერთად გადავწყვიტეთ პირველი კონფერენცია ბსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან ერთად ჩაგვეტარებინა. ამ იდეამ გადააჭარბა მოლოდინებს და მივიღეთ შედეგი, რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა. საიუბილეო და საკონფერენციო მუშაობაში, გარდა საქართველოს სამართლის სკოლების, საჯარო და კერძო ინსტიტუციების თვალსაჩინო წარმომადგენლებისა, მონაწილეობა მიიღეს 10-მდე უცხო ქვეყნის სამართლის დარგის ცნობილმა მეცნიერებმა. შედგა 24 საპანელო სესია, რომელსაც ათობით დაინტერესებული მონაწილე ესწრებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამართლის დარგში მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ბსუ-ში პირველად ჩატარდა. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზებიც, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა... თუმცა დაველოდებით, ისტორია თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.
განსაკუთრებულად უნდა ითქვას საორგანიზაციო მხარესა და მხარდაჭერაზე. ფაქტია, რომ ასეთი ღონისძიებები საორგანიზაციო კუთხით ადვილად დასაგეგმი და განსახორციელებელი არ არის. არაფერი გამოვიდოდა, რომ არ გვქონოდა ბსუ-ს მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს ჩვენი რექტორის, კანცლერის, საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურების და სხვათა როლი. ამავდროულად, აუცილებლად გამოვყოფ იურდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლების, დეკანის მოადგილეების, ოფისის სპეციალისტების, სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და სპეციალისტის, აკადემიური და მოწვეული პერსონალის თავდაუზოგავ და უანგარო მუშაობას. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიება შედგა. ბსუ-ში იურიდიულ განათლებაში ჩართული პირების სახელით მადლობას მოვახსენებ აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის. მათი თანადგომით უკვე არაერთი წელია შესაძლებელი ხდება ძვირადღირებული და უკიდურესად საჭირო პროექტების, პროგრამების განხორციელება. გარდა ამისა, განსაკუთრებული პატივისცემა და მადლობა მინდა გამოვხატო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიმართ. მათი ჩართულობით კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდა რეგიონში იურიდიული განათლება. სრული პასუხისმგებლობით, ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია, - რომ არა მათი ჩართულობა და თანადგომა, ეს შედეგი ნამდვილად არ გვექნებოდა.
განსაკუთრებულად კი მინდა გამოვეხმაურო იმ შემადგენლობას, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, პარტნიორი სასწავლებლების, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუციების წარმომადგენლებს, რომლებმაც ყველა საქმე გადადეს, გვეწვივნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ის ბედნიერ წუთები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საიუბილეო საღამო გამოვიდა პოზიტიური, ემოციური და თბილი.
_ ისტორიულად, ვის გაიხსენებთ სპეციალობის მოწინავე რიგებში?
_ მოწინავე რიგებში განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ. საფიქრალია, ვინ არ იმსახურებს გახსენებას?! უპირატესობას 90-იანი წლების თაობას მივანიჭებდი, რომლებმაც მიუხედავად სიდუხჭირისა, სისტემური პრობლემებისა, შეძლეს წინააღმდეგობების დაძლევა და თვალსაჩინო შედეგების მიღება, რაც დღეს საშუალებაც გვაძლევს, რომ თავაწეული ვემსახურებოდეთ საუნივერსიტეტო საქმიანობას.
_ ცნობილი კურსდამთავრებულებიდან, ვის გამოარჩევდით?
_ ცნობილი კურსდამთავრებულებიდან ძალიან ბევრის გამორჩევა შეიძლება, იმდენად ბევრის, რომ ვიღაცა აუცილებლად გამოგვრჩება, რაც სრულიად დამსახურებულად საწყენი იქნება. ზოგადად კი ნამდვილად შეიძლება აღვნიშნო ისეთი მიღწევები, როგორიცაა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე დასაქმება, მინისტრის პოზიციების დაკავება, საჯარო და კერძო სექტორში მართვის დონის პოზიციებზე მუშაობა და სხვა. სამართალდამცავ და უფლებადამცავ სტრუქტურებში მუშაობა ხომ უკვე ყოველდღიურ მიღწევებად ითვლება. მინდა ღიად ვუთხრა მათ, რომ ჩვენ მადლობელი ვართ მათი საქმისადმი დამოკიდებულებით, რაც ჩვენს რეპუტაციაზე პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას. შესაბამისად, ჩვენ თავისთავად მათ ვგულშემატკივრობთ.
_ სამართალმცოდნეობის სპეციალობა დღემდე კონკურენტუნარიან პირობებში
კომპლექტდება. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სპეციალობისადმი განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას?
_ ჩვენი სპეციალობაზე მოთხოვნას, პირველ რიგში განაპირობებს დარგის მნიშვნელობა, ის შესაძლებლობები, რასაც კურსდამთავრებული ღებულობს კვალიფიკაციის მიღების შემდეგ. საზოგადოებაში კვალავაც ღრმად არის გამჯდარი იურისტის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები. მეორე, რასაც ყურადღება ექცევა _ ეს არის სკოლის ავტორიტეტი, ვინ და როგორ ასწავლის დარგს. ამ კუთხით ბსუ-ს იურიდიულმა სკოლამ შეძლო საკუთარი ადგილის დაკავება და შედეგების წარმოჩენა იმგვარად, რომ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნდობას უცხადებს მას.
როგორც უკვე გითხარით, ბსუ-ს სამართლის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები წარმოჩენილია ყველა საჯარო თუ კერძო ინსტიტუციებში და საპასუხისმგებლო პოზიციებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას პროგრამაზე.
ბოლო პერიოდში ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები სულ უფრო გამჭვირვალე ხდება დაინტერესებული პირებისთვის. მცირე გამონაკლისების გარდა, ყოველწლიურად ხდება პროგრამების განხილვა, შეფასება და სუსი-ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება, რომლის საფუძველზეც, საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, პროგრამები უწყვეტად უმჯობესდება. ეს კიდევ უფრო ზრდის პროგრამის მიმართ სანდოობას. დამსაქმებელი სრულად არის ჩართული პროგრამის ფორმირებაში და მისი ინტერესი დაბალანსებულად გათვალისწინებულია.
_ ბატონო ლევან, თქვენ როგორც ფაკულტეტის დეკანი, რას უსურვებთ, ურჩევთ თქვენს კოლეგებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს?
_ ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია _ ერთად და კოლეგიურად ყველაფერის მიღწევაა შესაძლებელი. საქმეს უნდა უყურო არა პიროვნული ინტერესების ჭრილში, არამედ როგორც საერთო, ერთობლივ საზრუნავს. ამ პროცესის თითოეულმა მონაწილემ უნდა გაითავისოს, რომ წარმატება იწყება საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით, ტვირთის სხვისთვის გადაბარებით, შეუძლებელია სასურველი შედეგი მიიღო. მდგრადი წარმატება შრომით, თანამშრომლობით, ერთგულებით, მოთმინებით და კეთილსინდისიერებით მიიღწევა. შედეგი, რომელიც ჩვენ ფაკულტეტზე გვაქვს, სწორედ საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების დამსახურებაა, რისთვისაც მადლობა მიდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს.
ჩვენს სტუდენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ არ შეხედონ საკუთარ მარცხსა და მიღწევებს და სუბიექტურად. ნუ მიიჩნევენ მათ წარმატებებს მხოლოდ საკუთარ გამარჯვებად და მარცხს სასწავლებლის პასუხისმგებლობად. განათლების სისტემა უკვე იმგვარად არის აწყობილი, რომ სასწავლებლის წარმატება მისივე სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პერსონალის მიღწევებით იზომება.
_ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამომავლო გეგმები, მიზნები და ამოცანები...
_ არ დავიწყებ გეგმების დეტალურ აღწერას. რა თქმა უნდა, მუდმივად განახლებადი და მზარდი გეგმები გვაქვს. მთავარია, რომ ჩვენი მიზნები და გეგმები მარტივი ფორმულით ყალიბდება და ორიენტირებულია უწყვეტ განვითარებაზე. ამისთვის, პირველ რიგში, რეგულარულად ვაფასებთ საკუთარ მუშაობას, ვსწავლობთ წარმატებული სასწავლებლების მიღწევებს, ვმსჯელობთ პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან. მხოლოდ ამის შემდეგ ვგეგმავთ და ვსახავთ აქტივობებს, მიზნებს და ამოცანებს.
ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ჩაკეტილ პირობებში შეუძლებელია კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი საქმიანობა, მით უფრო, რომ განათლება ვიწრო პირთა წრის კუთვნილება არ არის. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის...
უკან |