გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ამჯერად მკითხველს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს - ანანო ცეცხლაძესა და ანა ვარშანიძეს გააცნობს. გოგონები „ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2023“-ის გამარჯვებულები არიან. ანანოს ნაშრომს ასოცირებული პროფესორი ხათუნა დიასამიძე, ანას ნაშრომს კი - პროფესორი ჯემალ კარალიძე ხელმძღვანელობდა. გოგონები ბსუ-ში სწავლის გაგრძელებას სწავლის მომდევნო საფეხურზეც გეგმავენ. ისინი გვიმხელენ, რომ კონკრეტული საკითხით დაინტერესება თემის როგორც აქტუალურმა, ასევე მტკივნეულმა ფაქტორებმა განაპირობა.
ანანო ცეცხლაძის ნაშრომის სათაურია „ტრანსატლანტური მონათვაჭრობა და აბოლიციონიზმი ამერიკაში“. ამბობს, რომ არსებული პრობლემა, ძალიან აწუხებს.
_ ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება აქტიურია. 2019 წელს ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის სპეციალობაზე. დაბრკოლებები ხშირად გვხდება ცხოვრებაში, მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი ვერ შემიშალა, მივიღე განათლება. მაგალითისთვის, პანდემიას გავიხსენებდი. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო. რაც მთავარია მწამს, რომ ადამიანი ყოველთვის მიაღწევს თუ კი მოინდომებს. დევიზად არ ვივიწყებ უფლის სიტყვებს: ,,ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკლდეთ და განგეღოთ, მოითხოვეთ და მოგეცეთ’’. სიტყვა შეუძლებელი არ არსებობს, მთავარი რწმენა და მონდომებაა. ნათქვამია, რომ ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი უნივერსიტეტია. ჩემი აზრით, განათლებული ადამიანები კანონმორჩილნი და კეთილსინდისიერი მოქალაქეები არიან. ქვეყანას ხომ სწორედ ისინი აძლიერებენ.
რაც შეეხება სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციას, ჩემთვის გამოწვევა იყო. მაქსიმალურად შევეცადე საკუთარი შესაძლებლობები წარმომეჩინა და შევძელი კიდეც, მოვიპოვე პირველი ადგილი. მინდა აღნიშნო ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონ ხათუნა დიასამიძის უდიდესი შრომა, რომელიც გვერდით მედგა და ამ წარმატებასაც სწორედ მისი დამსახურებით მივაღწიე. ის არა მარტო გეზის მიმცემი, ამავდროულად, საუკეთესო მეგობარია. სამომავლოდ, ყველა სტუდენტს ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში, რათა გამოიმუშაონ პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები. სამომავლოდ ვაპირებ სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო. რა თქმა უნდა, ისევ ისტორიის მიმართულებით.
_ ანანო, რა თემას ეხებოდა საკონფერენციო ნაშრომი?
_ რაც შეეხება ჩემს თემას ,, ტრანსატლანტური მონათვაჭრობა და აბოლიციონიზმი ამერიკაში’’ ავირჩიე, რადგან ეს საკითხი ჩემთვის მტკივნეულია და მით უფრო, ამ მძიმე ვითარების ფონზე, წარმოვაჩინო ის ძირითადი პრობლემები, რომელებიც მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე მიმდინარეობდა. დღეს, როგორც ყოველთვის, ეს პრობლემა აქტუალურია. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
აქვე მოკლედ, ნაშრომის შესახებაც გიამბობთ: ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობა ეხება აფრიკელი ინდივიდების დატყვევების, ტრანსპორტირებისა და დამონების სასტიკ სისტემას ამერიკაში მე-16-მე-19 საუკუნეებში. ეს მოიცავდა მილიონობით აფრიკელის იძულებით მიგრაციას ატლანტის ოკეანის გავლით პლანტაციებზე, მაღაროებსა და სხვა ინდუსტრიებში სამუშაოდ, ძირითადად ევროპის კოლონიებში ამერიკის კონტინენტზე. მონებით ვაჭრობამ ღრმა და დამანგრეველი გავლენა მოახდინა აფრიკის საზოგადოებებსა და კულტურებზე, ისევე როგორც ამერიკის განვითარებაზე.
ამერიკის კონტექსტში, ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოლონიების ჩამოყალიბებასა და ზრდაში, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში, სადაც დიდი პლანტაციები იყო გავრცელებული. დამონებული აფრიკელები ითვლებოდნენ საკუთრებად და ექვემდებარებოდნენ უკიდურეს სისასტიკეს, ექსპლუატაციას და დეჰუმანიზაციას. მათ გადაიტანეს მძიმე სამუშაო პირობები, ფიზიკური შეურაცხყოფა და ადამიანის ძირითადი უფლებების უარყოფა.
თუმცა, დროთა განმავლობაში გაჩნდა ხმები მონობის წინააღმდეგ და მოძრაობამ, რომელიც მხარს უჭერდა მის გაუქმებას, იმპულსი მოიპოვა. აბოლიციონიზმი გულისხმობს მცდელობებს, დაასრულოს მონობის ინსტიტუტი და მონებით ვაჭრობა. იგი წარმოიშვა სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის განმანათლებლობის იდეალების, რელიგიური მრწამსის და თავად დამონებული ინდივიდების ძალისხმევის შედეგად.
ამერიკაში აბოლიციონისტურმა მოძრაობამ პოპულარობა მოიპოვა მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში. აბოლიციონისტები ამტკიცებდნენ, რომ მონობა იყო მორალური ბოროტება და ადამიანის უფლებების დარღვევა. ისინი კამპანიას აწარმოებდნენ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის მონობის საწინააღმდეგო ლიტერატურის გამოქვეყნებით, ლექციებისა და საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებით და დამონებულ პირებს მიწისქვეშა რკინიგზის მეშვეობით თავისუფლებაში, გაქცევაში ეხმარებოდნენ.
გამოჩენილი ამერიკელი აბოლიციონისტები არიან ისეთი ფიგურები, როგორებიცაა ფრედერიკ დუგლასი, ჰარიეტ ტაბმენი, უილიამ ლოიდ გარნისონი და ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, რომელთა გავლენიანი რომანი "ბიძია თომას ქოხი" ასახავდა მონობის მკაცრ რეალობას და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოებრივ აზრზე.
აბოლიციონისტულ მოძრაობას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდა მათგან, ვინც ისარგებლა მონობით, ასევე იმ პირებისგან, რომლებსაც ჰქონდათ რასისტული რწმენები და მხარს უჭერდნენ ინსტიტუტის არსებობას. რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა ბრძოლას, მათ შორის ამერიკის სამოქალაქო ომს (1861-1865), სანამ მონობა ოფიციალურად გაუქმდა შეერთებულ შტატებში 1865 წელს კონსტიტუციის მე-13 შესწორების რატიფიცირებით.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონობის გაუქმების შემდეგაც კი, სისტემური რასიზმი და აფრიკელი ამერიკელების დისკრიმინაცია გაგრძელდა, რამაც გამოიწვია შემდგომი ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისა და თანასწორობისთვის მომდევნო წლებში და დღემდე.
_ ანანო, თანამედროვეობის შესახებაც ხომ არ საუბრობთ ნაშრომში?
_ დიახ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე მონობის სხვადასხვა ფორმა ჯერ კიდევ არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, თუმცა უკანონო იგი, რა თქმა უნდა, კატეგორიულადაა დაგმობილი. ეს ფორმები მოიცავს იძულებით შრომას, ადამიანებით ვაჭრობას, მონობას, ბავშვთა შრომას და სხვა ექსპლუატაციის პრაქტიკას. მილიონობით ადამიანი, მათ შორის კაცები, ქალები და ბავშვები, არიან ამ საშინელი დანაშაულის მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ მონობა გრძელდება მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ცნობიერების ამაღლება, მონობის საწინააღმდეგო ინიციატივების მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვის ადვოკატირება, რათა აღმოიფხვრას ეს პრაქტიკა და უზრუნველყოს, მთავარი მიზან ერთია - ყველას შეუძლია იცხოვროს თავისუფლებად და ღირსეულად.
ანა ვარშანიძე საკვლევი თემატიკით ორი წლის წინ დაინტერესდა. „აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში“, _ მის საკონფერენციო ნაშრომის სათაურია.
_ სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვნებითაა სავსე. სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა აუცილებელია. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა უნარისა თუ კომპეტენციის განვითარება. ვარ სახელმწიფო და ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტი. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად მოტივაციის ნაწილიცაა. ორი წელია ვღებულობ მონაწილეობას სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, რაც ნამდვილად საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. ყველას ვურჩევ, ვინც სხვადასხვა საკითხით ინტერესდება, მიიღოს მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. პროფესორ-ლექტორებთან ურთიერთობა და შენთვის საინტერესო საკითხის განხილვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ორი წელია ვმუშაობ აფხაზეთის საკითხზე. სწორედ მუშაობის პროცესშია მთელი ხიბლი. ამ პერიოდში გავეცანი საინტერესო ლიტერატურას. ზოგადად აფხაზეთის თემატიკაზე არაერთი ტენდენციური ლიტერატურაა შექმნილი. შესაბამისად, მისი გაცნობა, შემდგომ რეალობასა და ფალსიფიცირებას შორის წარმოდგენილი ისტორიის სწორი პრიზმიდან დანახვაა ჩემი სურვილი. 2022 წელს ვიმუშავე აფხაზურ-ქართული ურთიერთობების მეტამორფოზაზე, რომელიც უფრო ზოგად ჭრილში ასახავდა ჩვენს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას. წელს კი გადავწყვიტე მემუშავა საკითხზე „აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში“. სწორედ ეს ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.
_ ანა, გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს მოკლედ წარუდგინეთ თქვენი საკონფერენციო ნაშრომი. რას გვეტყვით საკვლევი თემის აქტუალობის შესახებ...
_ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ტერიტორიათა დიდი ნაწილი საქართველოს უძველესი ისტორიული კუთხე აფხაზეთია. საკვლევი თემის აქტუალობა განისაზღვრება წარსულის არასწორი ინტერპრეტაციით. თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ არაგონივრული ნაბიჯები გადადგა აფხაზეთთან დაკავშირებით. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, თემა აქტუალური იქნება მანამ, სანამ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება.
_ გთხოვთ, საკითხის აქტუალობა ქრონოლოგიურად წარმოაჩინოთ...
1921 წლის კონსტიტუციით მოპოვებული სტატუსი ვერ აღმოჩნდა ხანგრძლივი. სამწუხაროდ, იგი ოკუპაციით საბჭოთა რუსეთმა შთანთქა. უმძიმესი მემკვიდრეობამიღებული საქართველო შეძლებისდაგვარად ცდილობს განმუხტოს რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება. დღევანდელი, ლაბირინთში გახვეული, ურთიერთობა კი დიდი ხნის წინ არის ჩაფიქრებული ,,მავანთა მიერ“. ნამდვილად აქსიომაა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ქართული სახელმწიფოს როლი უდიდესია. მთავარი ამოცანაა გავიაზროთ 1991 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენების კავშირი არანაკლებად ქაოსურ პერიოდთან, რაც ამავე ნაშრომის თემატიკაა. ხანდახან საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ სწორად გადადგმულ ნაბიჯებზეც, რათა უკეთ შევძლოთ არა მარტო წარსულის გააზრება, ასევე დღევანდელი ვითარების გაანალიზებაც, რომ უკეთ ვიფიქროთ რა ნაბიჯების გადადგმა იქნება რეალური შედეგის მომტანი. ჩვენი ქვეყნის წარსული კი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. ნაშრომის პირველი თავი მოიცავს ორ ეტაპს- აფხაზეთი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე და აფხაზეთი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. 1917 წლის მაისში შეიქმნა მთიელთა ცენტრალური კომიტეტი, რომელმაც აფხაზეთში თავისი წარმომადგენელი მიავლინა. აფხაზი ხალხის ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება მთიელთა კავშირში გაწევრიანების შესახებ, დაამტკიცა აფხაზთა საბჭოს დეკლარაცია და კონსტიტუცია, აირჩია სახალხო საბჭოს შემადგენლობა .პირველი ყრილობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აღაშფოთა აფხაზეთის მკვიდრი ქართველი მოსახლეობა. ეს განსაკურებით იგრძნობოდა სამურზაყანოში, რომლის წარმომადგენელი, ცნობილი მოღვაწე ივანე გეგია აცხადებდა, რომ სამურზაყანო არ უერთდება აფხაზების გადაწყვეტილებას მთიელებთან კავშირის საკითხში. 1918 წლის 9 თებერვალს თბილისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენლებს შორის. ამ შეთანხმებამ ნაწილობრივ განმუხტა დაძაბულობა თბილისსა და სოხუმს შორის.
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა შინაგანი წინააღმდეგობის გამო დაიშალა. საქართველომ დამოუკიდებლობის ნანატრი დღე საკმაოდ რთულ ვითარებაში მოიპოვა. ანტაგონისტური პოლიტიკა საბჭოთა რუსეთიდან უცვლელი იყო. ამ დაქსაქსული ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება დაეკისრა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. 1918 წლის 8 აპრილს ბოლშევიკებმა შეძლეს სოხუმში ძალაუფლების ხელში ჩაგდება,რომელიც 17 მაისამდე შეინარჩუნეს .ეს იყო 1918 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულების დარღვევა .გარდა ამისა, ბოლშევიკებმა დაშალეს აფხაზეთის სახალხო საბჭო. საერთაშორისო თანამეგობრობა თავიდანვე თვლიდა აფხაზეთს საქართველოს ნაწილად. ამის ნათელი დადასტურებაა გერმანიის წარმომადგენლის ოტტო ჰერმან ფონ ლოსოვის 1918 წლის 28 მაისით დათარიღებული წერილი. ამ საიდუმლო წერილში აღნიშნული იყო, რომ სოხუმის ოლქი გაგრის ჩათვლით იქნება საქართველოს ნაწილი, მანამდე სანამ საქართველო იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებასა და აფხაზთა ეროვნულ საბჭოს შორის 1918 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება. ამ დოკუმენტით განისაზღვრა შემდეგი: აფხაზეთი ადასტურებდა საქართველოს განუყოფლობას,მას ენიჭებოდა ავტონომიური უფლებები. საქართველოს მთავრობა კისრულობდა სამხედრო-ეკონომიკური დახმარება გაეწია აფხაზეთისთვის, რომლის პოლიტიკური მოწყობის საკითხი მომავალში დემოკრატიულ საწყისებზე მოწვეულ მთელი მოსახლეობის ყრილობას უნდა გადაეწყვიტა. ამ ხელშეკრულების დადებიდან ხუთი დღის შემდეგ გააქტიურდნენ ბოლშევიკები. სხვა ვისი იმედი ექნებოდა აფხაზთა სახალხო საბჭოს თუ არა საქართველოსი. საქართველოს ჯარის ნაწილები და აფხაზთა ცხენოსანი ლაშქარი ერთობლივი ძალით უტევდა ბოლშევიკთა შეიარაღებულ ნაწილებს.1918 წლის ივლისში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ბოლშევიკებისგან გაანთავისუფლეს სოჭი და ტუაფსე.
პრობლემა მარტო ბოლშევიკურ რუსეთში როდი იყო. ამავე პერიოდში ოსმალეთის ემისრები ცდილობდნენ აფხაზთა ზედაფენის გული მოეგოთ.1918 წლის აგვისტოში საქართველოს ჯარის ნაწილებმა აფხაზეთიდან განდევნეს ოსმალები. სულ მალე აფხაზეთს საშიშროება დაემუქრა ანტონ დენიკინის თეთრგვარდიელი არმიებისგან. მალე სომხეთის რესპუბლიკის გააქტიურება საქართველოს წინააღმდეგ ხელს აძლევდა ანტონ დენიკინს. დენიკინი მოითხოვდა ქართველებს დაეცალათ სოჭის და გაგრის ოლქები მდ. ბზიფამდე. დაიწყო ომი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. მოხალისეთა არმიამ დაიკავა გაგრა. რა თქმა უნდა, აფხაზთა სახალხო საბჭო ხელდაკრეფილი ვერ იქნებოდა. საქართველოს ჯარის ნაწილებმა გაგრის ოლქი მთლიანად დაიკავეს, მაგრამ გააქტიურდა დიდი ბრიტანეთი.1919 წლის ივნისში ანტანტის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და დენიკინის მოხალისეთა არმიის კონტროლირებადი ტერიტორიის გამყოფ სადემარკაციო საზღვრად მდინარე ბზიფის მარცხენა სანაპირო გამოცხადდა. შესაბამისად, დენიკინი, როგორც ერთი პიროვნება, გვესახება ავანტიურისტად, რომელიც საფრთხეს უქმნიდა როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის ინტერესებს.
ისტორიული რეალობა ძალიან მარტივი და სწორხაზოვანია. საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები თითქოსდა საქართველოს უბედურებას აღარ უქადდა, მაგრამ ,,მოგვარებული“ დემოკრატიული პრელუდია ძალიან მალე დაასრულა საბჭოთა რუსეთმა. სეპარატისტულ ისტორიოგრაფიაში მრავლად შეინიშნება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გაჟღერება, რაც რეალურად არასწორია. როცა საუბარია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, პირველ რიგში ამ ბრალდებების საწინააღმდეგოს მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გატარებულა რეპრესიები აფხაზი მოღვაწეებისადმი. 1919 წლის თებერვლიდან დაიწყო აფხაზურენოვანი გაზეთის ,,აფსნის“ გამოცემა, რედაქტორი იყო დიმიტრი გულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აფხაზური შრიფტი დაამზადეს თბილისში. ამავე პერიოდში გაიხსნა დრამატული სასწავლებელი ალექსანდრე შარვაშიძის მეთაურობით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯთაგან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულ ადამიანებს, თუნდაც ჩქოტუას, ეპატიათ და უფლებაც კი მიეცათ აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება საბჭოთა რუსეთის მიერ. მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა საქართველოს უდავო ტერიტორიად ცნო სოხუმის ოლქი და გაგრის ზონა. ძალიან მალე ნათელი გახდა რა მიზნები ამოძრავებდა საბჭოთა რუსეთს. საინტერესოა, რუსეთისმცოდენობის დოქტორის გელა ცაავას სადისერტაციო ნაშრომი, სადაც საუბრობს რუსი ავტორების, ტარას შამბას და ალექსანდრე ნეპროშინის ავტორობით შექმნილ წიგნზე. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აფხაზეთი იყო სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გაერთიანებული იყო მთიელთა რესპუბლიკასთან. ამ მოსაზრების იურიდიული საფუძვლები სად იკვეთება რთული დასადგენია. ეს ის პერიოდია, როდესაც აფხაზეთი შველას თხოვს საქართველოს მთავრობას. მკვეთრი მოსაზრებაა გამოთქმული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შესახებ, თითქოს საქართველომ აფხაზეთი უნებართვოდ მიიერთა, თუმცა საერთაშორისო სამართლის პრინციპები ნამდვილად დაცული იყო, რაც ამ მოსაზრებას აბათილებს.
1920 წლის 29 დეკემბერს შემუშავდა პროექტი აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულებების შესახებ. სწორედ ეს პროექტი დამტკიცდა საქართველოს კონსტიტუციით. 107-ე მუხლით, საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს-აფხაზეთს(სოხუმის ოლქი),სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის მხარე) და (ზაქათალას ოლქს),ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა. ავტონომიურობა შენარჩუნდა ისეთ საკითხებში, როგორიც იყო ადგილობრივი ფინანსები, განათლება, ჯანდაცვა, მედიცინა, ადგილობრივი თვითმმართველობა.1921 წელს საქართველო გასაბჭოვდა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა, გაგრის მხრიდან შემოსულმა მე-9 არმიის ნაწილებმა კი 4 მარტს სოხუმი დაიკავეს.6 მარტს ძალაუფლება კავბიუროს მიერ ე.ეშბას და ნ.ლაკობასა შემადგენლობით შექმნილ საოკუპაციო ორგანოს - რევკომს გადაეცა.
_ დასკვნის სახით რას გვეტყვით?
ზემოაღნიშნული ისტორიული ფაქტები ნამდვილად მოწმობს, რომ აფხაზი ხალხის უფლებები ნამდვილად არ შელახულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ და თუ გვაქვს ცნობები, არასწორად ინტერპრირებული, ეს ყოველივე მესამე ძალის ნარატივია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ისტორიის თავის სასარგებლოდ შეთხზვას. აქვე აღვნიშნავ, რომ სამართლებრივი აქტებით გამყარებული ისტორიის ფალსიფიცირება არც თუ ისე მარტივია.
ჩვენი გაზეთის მკითხველი, ეტაპობრივად, კონფერენციის სხვა მონაწილეებსაც გაიცნობს.
უკან |