გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„მსურს ჩემი ცოდნა საქართველოს განვითარებასა და წინსვლას მოვახმარო“

სურათი

გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიწარმატებული სტუდენტების შესახებ ხშირად გიამბობთ. მათ რიგებს შორის არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ანრი ასამბაძე და ჯემალ ბერიძე. მათი ერთობლივი ბოლო წარმატება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატ ბანაკში გამარჯვებაა. ამჯერად სტუდენტებს სერტიფიკატები და ფულადი პრიზი გადაეცათ.

ანრი მარკეტინგის მიმართულებით სწავლობს. ამბობს, რომ ბათუმი გამორჩეულად უყვარს. უნივერსიტეტის პრიორიტეტულობაც ამით განსაზღვრა. მისივე თქმით, არც არჩევანში შემცდარა. აუცილებლად განახორცილებს ჯერ კიდევ ბავშვობაში დასახულ მიზანს _ ზღვისპირეთში ტრადიციულ ევროპულ რესტორანს გახსნის.

_ დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ბათუმში. შესაბამისად, ცხოვრების ყველა ეტაპი ამ პატარა ქალაქში გამოვიარე _  ჯერ ბაღი, შემდეგ სკოლა და ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ამ მომენტისთვის სრულად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში და ვცდილობ სტუდენტურ ცხოვრებაში  მაღალი აქტივობით გამოვირჩეოდე. შესაბამისად, არ მაქვს დრო იმისთვის, რომ პარალელურად მქონდეს მუდმივი სამსახური. მიუხედავად ამისა, 16 წლიდან ვმუშაობ სეზონურად მიმტანის პოზიციაზე და მაქვს მრავალმხრივი გამოცდილება მოცემულ დარგში. ეს უკანასკნელი მეხმარება მარტივად დავძლიო ფიზიკური სირთულეები და ვიყო უფრო აქტიური პიროვნება.

_ სკოლიდან ბსუ-მდე...

_ მოსწავლეობის 12 წელი  მხოლოდ ერთ სკოლას მივუძღვენი, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა დავამთავრე. ეს განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, დაწყებითი კლასების ეფექტურობით. ჩემი კმაყოფილება და იმჟამინდელი დამოუკიდებლობა სრულად მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის დამსახურება იყო. ჩემი აზრით, იმ დროისათვის სასწავლო პროცესი უფრო მეტი დატვირთვით მიმდინარეობდა, ვიდრე ახლა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის პირველკლასელებს სკოლაში მისვლამდე შედარებით მცირე ბაზა გვქონდა, ვიდრე ამჟამინდელ პირველკლასელებს. ბსუ-ს უნივერსიტეტზე აქცენტი სკოლაში, ჯერ კიდევ აბიტურიენტობამდე გავაკეთე, თუმცა ვყოყმანობდი ფაკულტეტის არჩევანზე. ჩემი ამ უნივერსიტეტში ჩაბარება ერთი მხრივ ქალაქ ბათუმმა განაპირობა. იმდენად ვარ მიჯაჭვული ამ ქალაქზე, რომ სხვაგან ცხოვრება, თუნდაც 1 წლით, ვერ წარმომიდგენია. მიყვარს ეს ქალაქი და ვფიქრობ, არც ჩემი არჩევანი იყო შეცდომა.

_ ანრი საგანმანათლებლო აქტივობები...

არაერთ საგანმანათლებლო პროექტში მიმიღია მონაწილეობა სკოლის დახმარებით, თუმცა გამოვარჩევდი სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც გულისხმობდა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ინტერაქციას. მოცემული კონფერენციის ფარგლებში, ფაკულტეტების შესაბამისად, მზადდებოდა ინფორმაციული პროექტები კვლევებზე დაყრდნობით და წარედგინებოდა ფართო აუდიტორიას. ჩემს შემთხვევაში კონფერენცია ჩავატარეთ სამედიცინო მიმართულით და განვიხილეთ საანესთეზიო საშუალებები.

აგრეთვე გავიხსენებდი მოსწავლეთა ახალგაზრდობის სკოლას, რომლის დახმარებითაც ვახორციელებდით არაერთ შემეცნებით პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. უნივერსიტეტის პერიოდშიც გამოვყოფდი იმ შესაძლებლობებს, რომლის საშუალებითაც შეუძლია სტუდენტს მიიღოს მონაწილეობა ამგვარ პროექტებში. მაგალითად, საგან „დემოკრატია და მოქალაქეობის” ფარგლებში გვეძლევა საშუალება დასკვნითი გამოცდის სახით შევიმუშავო პროექტი, რომლის საშუალებითაც ვეხმარებით ჩვენს თანამოქალაქეებს.

_ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებატების ბანაკის გამარჯვებული ხართ.  რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, რომ ბანაკის წევრი გახდეს, რა ეტაპების გავლაა საჭირო?

_ პირველ რიგში საჭიროა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ  გამოცხადდეს დებატ ბანაკში მიღების სააპლიკაციო ფორმა. ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომ უნდა იყოთ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა, აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე ან აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი.

სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, მონაწილეები კომპანიის მიერ გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

 _ რა იყო დებატების თემატიკა და თქვენი გუნდის გამარჯვების წინაპირობა?

_ მოცემული ბანაკი სადებატო თემატიკის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ყოველ ახალ ეტაპზე ხდებოდა სხვადასხვა თემატიკის არჩევა შემთხვევითობის პრინციპით, რაც უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდიდა სადებატო პროცესს. ერთ-ერთი თემატიკა, რითიც ფინალი მოვიგეთ, ეხებოდა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. შესაბამისად ჩვენი მოვალეობა იყო დაგვევიწროვებინა მოცემული დებულება და აქცენტი გაგვეკეთებინა რეფორმაზე, რომელიც მოაგვარებდა ჩვენ მიერ არჩეულ პრობლემას.

_ როგორ ფიქრობ, ობიექტურად გამოვლინდა გამარჯვებულები?

_ სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული გუნდის გადასვლა მომდევნო ეტაპზე განპირობებული იყო მყარი, არგუმენტირებული  მიზეზებით და არ ჩნდებოდა პასუხგაუცემელი კითხვები დებატების შემდეგ.  გამარჯვებულების გამოვლენა საინტერესო და თანაბარი „დაპირისპირების” გამო რთული იყო, თუმცა იმ კრიტერიუმებს, რაც დებატებს სჩვევია, ჩემი გუნდი უფრო მეტად აკმაყოფილებდა ვიდრე ოპონენტების გუნდები. შესაბამისად, გამარჯვებულის სტატუსიც ჩვენ მოგვენიჭა.

_ ანრი, არის თქვენი პროფესიული მიზნები და რას ურჩევაბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას?

_ პროფესიული მიზნების დასახვა, არჩეული ფაკულტეტიდან გამომდინარე, რთულია, რადგან იგი სხვებთან შედარებით მეტად ფართო სპექტრს მოიცავს. პირველ რიგში მსურს ჩემი პერსონალური შესაძლებლობები და პროფესია ერთმანეთს პროფესიონალურ დონეზე შევუთანხმო, რაც მომცემს საშუალებას ვიყო კონკურენტუნარიანი ბაზარზე. პირველ რიგში მსურს შევქმნა ჩემი უნიკალური პორტფოლიო, რითიც კარს გავაღებ მსოფლიო ბაზარზე და თვალს ვადევნებ ჩემთვის ყველაზე მომგებიან შესაძლებლობებს. ჩემი მთავარი მიზანია  განვვითარდე საქართველოში და არა საზღვარგარეთ.  მსურს ჩემი ცოდნა საქართველოს განვითარებასა და წინსვლას მოვახმარო, დაბრკოლებების მიუხედავადაც.

აბიტურიენტებს პირველ რიგში ვურჩევ, რომ არ შეუშინდნენ შეცდომის დაშვებას ფაკულტეტის არჩევისას, რადგან საბედნიეროდ საქართველოში იმსხვრევა სტერეოტიპი და ფაკულტეტის შეცვლა არ „ტეხავს”. რეკომენდაციის სახით ვიტყვი, რომ პირადად დაამყარონ კონტაქტი სტუდენტებთან და გაუზიარონ ერთმანეთს საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ. მიზანშეწონილია სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდის დეტალური დათვალიერება, საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება თუ რა თქმა უნდა, აქვთ ამის შესაძლებლობა.

 

ანრის ჰობი და სამომავლო გეგმები...

_ გამორჩეულ ჰობად დავასახელებდი ველოსპორტს, თუმცა ვფიქრობ, ეს უკვე ჰობზე მეტია. ველოსიპედი ჩემთვის არ არის მხოლოდ ტრანსპორტი. მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის ვიყენებ, იქნება ეს ჩემპიონატისთვის თუ უბრალო მოყვარულთა შეკრებისთვის. აგრეთვე დაინტერესებული ვარ სმარტ მოწყობილობების სპეციფიკაციების შესწავლითა და მათი ანალიზით, რაც მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას, აგრეთვე პრაქტიკულსაც. სამომავლო გეგმა უამრავი მაქვს, არის მათ შორის ბავშვობის მიზნებიც, მაგალითად, ერთ-ერთია ევროპული ტრადიციული რესტორნის გახსნა და მათ შორის ისეთი გეგმებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს შიგნით იქნება ინოვაციური და სრულიად ფოკუსირებული ჩვენი მომავლის კეთილგანწყობასა და განვითარებაზე.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“  სამომავლოდ  სტუდენტ ჯემალ ბერიძის შესახებ გიამბობთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა