გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სტუდენტური წრეები და პროექტები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სამსახურს ლევან ტარიელაძე ხელმძღვანელობს. ფაქტობრივად, ეს დეპარტამენტი სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების შემოქმედებით საქმიანობას, კულტურულ ცხოვრებს თუ კარიერულ წინსვლას. პანდემიის შემდეგ, სტუდენტები ჩვეული შემართებით გააქტიურდნენ. ბოლო ერთი წლის სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ისინი არაერთი წარმატების მონაწილენი არიან.

_  ბატონო ლევან,  საინტერესოა მიმდინარე წელს რა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი?

_ ვახორციელებთ ისეთ ყოველწლიურ, მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორიცაა, ,,სტუდენტური პროექტების კონკურსი 2023’’, ,,სტუდენტური დღეები 2023’’, ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2023’’.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტური პროექტების კონკურსში შემოსული 14 განაცხადიდან, კომისიის მოწონება 6-მა პროექტმა დაიმსახურა. სტუდენტებმა ძალიან საინტერესო იდეები წარმოადგინეს. შემოსული  14 პროექტიდან ძირითადი ნაწილი უკვე განხორციელების აქტიურ ფაზაშია. პროექტების ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე ახალი სტუდენტური წრე, როგორიცაა ,,დებატ კლუბი’’,  ,,მოხალისეთა კლუბი’’ და ,,სტუდენტური მედია კლუბი’’. იმედი მაქვს, აღნიშნული წრეები მუდმივად იფუნქციონირებენ, ჩვენი ხელშეწყობით და მხარდაჭერით ყოველწლიურად ბევრ საინტერესო აქტივობას დაგეგმავენ და განახორციელებენ. ასევე, ძალიან საინტერესო პროექტებია ,,100 წერილი ბსუ-ს’’, „გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი’’ და ,,ასტრონომიული ობიექტების რელიეფის ელემენტების სიმაღლეების განსაზღვრა’’. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტების განხორციელებით სტუდენტები მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ და საშუალება ექნებათ კვალი დატოვონ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

აქტიურად მიმდინარეობს  ,,ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები, ფაკულტეტების მიხედვით ეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტის, კულტურის და ინტელექტუალური თამაშების სხვადასხვა სახეობებში. გასულ წელს 600-მდე სტუდენტი ჩაერთო შეჯიბრებებში და ვფიქრობ, წელს მათი რაოდენობა გაიზრდება. შეჯიბრებების დასრულების შემდეგ დაგეგმილია შემაჯამებელი კონცერტი, სადაც  გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.   

რაც შეეხება სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, წელს მოხსენებებს 20-მდე სექციაში 400-მდე სტუდენტი წარადგენს.

_რა აქტივობებს გეგმავთ  კულტურის მიმართულებით?

_ კულტურის მიმართულებით გვაქვს რამდენიმე სტუდენტური წრე: ბსუ-ს მუსიკალური ბენდი, ვოკალის შესწავლის წრე, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი’’, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი ,,თირინი’’, კინომოყვარულთა კლუბი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, ასევე  ახლახან აღვადგინეთ სტუდენტური თეატრი ,,თეატრონი’’. აღნიშნულ წრეებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ განავითარონ მათი ნიჭი და შესაძლებლობები კულტურაში. სტუდენტური კულტურული წრეები აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო ღონისძიებებში და პერიოდულად, უნივერსიტეტი აფინანსებს მათ გასტროლებს საერთაშორისო ფესტივალებზე. წელიწადში რამდენიმეჯერ იმართება კონცერტი. ბოლოს გაიმართა ,,საახალწლო კონცერტი 2022’’.  რონისძებებზე ბსუ-ს სტუდენტური კულტურული წრეების საკმაოდ მრავალფეროვნადაა წარმოჩენილი. ასევე, სტუდენტური დღეების ფარგლებში იმართება შემდეგი კულტურული ღონისძიებები: სიმღერის კონკურსი, ცეკვის კონკურსი, ფოტო კონკურსი, ნახატების კონკურსი, ერთწუთიანი ფილმების კონკურსი. ასევე განვახორციელეთ  ეროვნულის სამოსის დღისადმი მიძღვნილი ქართული სამოსის საინტერესო ჩვენება.

_ ბსუ-ს საკმაოდ აქტიური ბენდი ჰყავს. გვიამბეთ მათ მიღწევებზე...

_ ბსუ-ს ნამდვილად საინტერესო და ცნობილი მუსიკალური ბენდი ჰყავს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ჩამოყალიბდა. გასულ წელს, უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბენდი იმყოფებოდა ბულგარეთში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც პირველი ადგილი  შესაბამის ნომინაციაში დაიკავა. ასევე, გასულ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბსუ-ს ბენდი წლის საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად დაასახელა. ბენდი   ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობს და ასევე, ხშირად ღებულობს მოწვევებს სხვადასხვა რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალებიდან.

_ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი მეტად მნიშვნელოვანია. არაერთი წარმატებული სპორტსმენი სტუდენტი სწავლობს ბსუ-ში. რას გვეტყვით მათი კარიერული წარმატებების შესახებ?

_ ნამდვილად, ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. მიმდინარე წელს გვასახელა ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა დიეგო ჩხიკვაძემ, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის; ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ლანა ბოლქვაძემ, რომელიც ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა; ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა გოჩა შაინიძემ, რომელიც საქართველოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში და შავი ზღვის თასის მფლობელი კიკბოქსინგში. ასევე, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ლორთქიფანიძე ევრაზიის ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში, ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ნოდია მსოფლიო ჩემპიონია მკლავჭიდში. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი სტუდენტები სწავლის პარალელურად აღწევენ წარმატებებს სპორტში. უნივერსიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მხარს უჭერს და ხელს უწყობს მათ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში   სწავლის საფასურის გადასახადისგან ათავისუფლებს. 

_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება, ეწყობა არაერთი ტურნირი... როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ახალგაზრდების ინტერესი?

_ ახალგაზრდების ინტერესი სპორტისადმი ბუნებრივია. დაინტერესება ყოველთვის მაღალი იყო და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ მათ ინტერესებს. პერიოდულად ვატარებთ შეჯიბრებებს სპორტის 15-მდე სახეობაში. მათ შორის განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ჭადრაკზე, ფეხბურთზე, კალათბურთსა და ფრენბურთზე. როგორც კი არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება და მეტად შეეწყობა ხელი სპორტულ აქტივობებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

_ბატონო ლევან,  ასევე საინტერესოა სტუდენტები უფრო ხშირად  რომელი შემეცნებითი და საგანმანათლებლო  წრეებით ინტერესდებიან?

_ ყველაზე პოპულარულია ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ -  რომელიც უნივერსიტეტში ყოველკვირეულად იმართება და მასში 100-მდე სტუდენტია ჩართული. ასევე, დიდია ინტერესი დებატების კლუბის და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის მიმართ. პერიოდულად ვატარებთ ესეების კონკურსსა და სტრატეგიულ თამაშ ,,City Game’’-ს.

_ მალე უნივერსიტეტი სტუდენტების ახალი ნაკადით შეივსება.  რა მიმართულებები არსებობს დეპარტამენტში და როგორ უნდა გაწევრიანდეს პირველკურსელი?

_ მათ ძირითად ნაწილზე ვისაუბრეთ უკვე. სპორტის მიმართულებით გვყავს  ფეხბურთის გუნდი, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს წარმატებით. გვაქვს ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, მკლავჭიდის, ფრენბურთის, კალათბურთის მოყვარულთა კლუბები, რომელთა ინიციატივითა და ჩართულობით პერიოდულად ვმართავთ სპორტულ შეჯიბრებებს. ყველა აღნიშნული წრე სტუდენტებისათვის, რა თქმა უნდა, არის უფასო. წრეებში გასაწევრიანებლად სტუდენტური პორტალის საშუალებით პერიოდულად იმართება რეგისტრაცია და გარდა ამისა, გაწევრიანების სურვილით ნებისმიერ დროს სტუდენტებს შეუძლიათ მომართონ ჩვენს დეპარტამენტს.

_ და ბოლოს, დეპარტამენტის სამომავლო გეგმები...

_დეპარტამენტის სამომავლო გეგმებია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გაზრდა, გაძლიერება და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ამ მიმართულებით, ახლო მომავალში ბსუ-ში პირველად ჩატარდება  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მასშტაბური ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ასეული ვაკანსია და ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კომპანიებთან ერთ სივრცეში მიიღონ დასაქმების შესაძლებლობა.   ასევე დაგეგმილია, სტუდენტთა სოციალური და ინტელექტუალური მხარდამჭერი პროექტების გაზრდა, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩვენს  ღონისძიებებში სტუდენტთა მეტი ჩართულობის და მასობრიობის უზრუნველყოფა. ყველა ამ მიმართულებით პერიოდულად გვექნება ახალი პროექტები,  რომლითაც ისარგებლებენ ჩვენი სტუდენტები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა