ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით _ „აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის ზეიმი“ დაიხურა. სტუდენტებმა ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას აჭარაში მოღვაწე მწერლები და პოეტები სტუმრობდნენ, რომლებმაც აუდიტორიას მათივე შემოქმედება წარუდგინეს. საღამოს ორგანიზატორი პროფესორი შორენა მახაჭაძე გახლდათ.
_ ქალბატონო შორენა, რა არის თქვენთვის ქართველობა და ქართული ენა?
_ უპირველესად, მადლობა საინტერესო და აქტუალური კითხვებისთვის.
პირველ შეკითხვაზე პასუხს კი მეორე ნაწილიდან დავიწყებ: ქართული ენა ჩემთვის ქართველობის იდენტობის განმსაზღვრელი უმთავრესი მახასიათებელია. ქართველი, რომელიც ქართულად არ აზროვნებს, ქართულად არ მეტყველებს, ქართულად არ უყვარს - ქართველი არ არის - ეს არის აქსიომა. ვერაფრით დავეთანხმები მათ, ვისაც ეთნიკური წარმოშობით ქართველი, თუმცა გერმანულ, ინგლისურ თუ რუსულენოვანი (არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე წერს) მწერალი ქართველ მწერლად მიაჩნიათ! შესაძლებელია, ასეთი მწერალი, დიახაც, ნიჭიერი შემოქმედი იყოს, მაგრამ ის ქართველი მწერალი აღარაა, ის უკვე სხვა ენის, სხვა კულტურის ნაწილადაა ქცეული! სწორედ ქართულმა ენამ შეუნარჩუნა ქართველობა აჭარის მკვიდრთ, ქართული ენა არის ფერეიდნელ ქართველთა თუ ჩვენებურების იდენტობის განმსაზღვრელი.
რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს: „რა არის ჩემთვის ქართველობა“? ის ყველაფერია: როგორც ვთქვი, ქართული ენა და ამ ენაზე შექმნილი უმდიდრესი მწერლობა, ჩემი „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი“ სამშობლო, მისი ისტორია და ტრადიციები, ჩემი მშობლები, წინაპრები, ოჯახი, ჩემი გენი და სისხლი...
_ რას ნიშნავს, გერქვას ქართველი?
_ გერქვას ქართველი ნიშნავს გიყვარდეს საქართველო და ქართველები, მიუხედავად იმისა, ულხინს თუ უჭირს, მთელი არსებით შეიგრძნობდე მის სიხარულსა და ტკივილს, არასოდეს შეაქციო ზურგი და ლაფში არ ამოსვარო შენი ქვეყნისა და ხალხის ღირსება, პატივს სცემდე მის კულტურას, ტრადიციებს, წინაპრებს, ისტორიას.
_ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით _ „აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის ზეიმი“ - დასრულდა. რა უთხარით აუდიტორიას ამ ღონისძიებით?
_ ჩვენს უნივერსიტეტში ყოველწლიურად 14 აპრილს საზეიმოდ აღნიშნება ქართული ენის დღე, რომელშიც, ბუნებრივია, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი. სამწუხაროდ, პანდემიამ დროებით შეგვაჩერა და აი, წელს განვაახლეთ ტრადიცია. ჩვენი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვა“, როგორც თქვენც აღნიშნეთ, იყო დასკვნითი ღონისძიება. ჩვენ მოვიწვიეთ აჭარაში მოღვაწე ქართველი მწერლები, რომელთა შემოქმედება ერთიანი დიდი ქართული ლიტერატურის მძლავრი შენაკადია. ჩვენ გვინდოდა უნივერსიტეტის სტუდენტებს გაეცნოთ ეს მწერლები, გასჩენოდათ სურვილი მათი კრებულების მონახვისა, წაკითხვისა და, პირიქით, მწერლებსაც უფრო ახლოს გაეცნოთ ბსუ-ს სტუდენტები, ენახათ, როგორი მშვენიერი, ნიჭიერი, ქართული სიტყვის მადლისა და ხიბლის შემგრძნობი ახალგაზრდები გვყავს. ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტელექტუალურ-ემოციური ურთიერთობა შედგა.
_ აუდიტორიის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ღონისძიებები მოენატრათ. მონატრებას მიზეზი აქვს, რამაც მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს...
_ სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენი ახალგაზრდებიცა და ზოგი „ძველგაზრდაც“ - ქართული თურაშაულის პატრონები - ტყეში პანტას დაეძებენ: ისინი არ იცნობენ ქართველ მწერალთა შემოქმედებას, სამაგიეროდ, თავს იწონებენ უცხოელი მოდური მწერლების „ცოდნით“. ვისაც ვაჟა, ზურაბ გორგილაძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვები არ წაუკითხავს, მადლობა ღმერთს, უმდიდრესია ქართული ლიტერატურა, ის ელიოტის, დიკინსონის, მარკესის და დოსტოევსკის გამგები არ არის!
_ რას ურჩევს ქართველობისა და ქართული სიტყვის ქომაგი, პროფესორი შორენა მახაჭაძე სტუდენტობას?
_ ქართველები უძველესი და უდიდესი ცივილიზაციის, კულტურის, ტრადიციების მქონე, თუმცა მცირერიცხოვანი ერი ვართ. სწორედ ამიტომ არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ცუდად ვიცოდეთ ქართული ენა, არ ვიცნობდეთ და არ გვიყვარდეს ქართული მწერლობა, ხელოვნება. ჩვენ უნდა ვიყოთ ქომაგნი და მცველები ქართული ენისა და მწერლობისა, თუკი გვინდა, რომ მომავალ საუკუნეებსაც გადაწვდეს ქართული გენი, ქართული სული.
ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი მაგდა ქათამაძე ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილეა. ის ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ერთობ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტისთვის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ახალისებს საუნივერსტიტეტო ცხოვრებას, არამედ სტუდენტებს აძლევს თვითგამოხატვის და თვითწარმოჩენის საშუალებასაც.
„ღონისძიების მონაწილეებმა საზოგადოებას აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედება გავაცანით და გვქონდა საშუალება უშუალო კომუნიკაცია დაგვემყარებინა ჩვენს რეგიონში მოღვაწე პოეტებთან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო შემოქმედებითი, ემოციური და საინტერესო გარემოს შექმნა აუდიოტირიისთვის. აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის მეციხოვნეებმა, პოეტებმა შეძლეს თავიანთ შემოქმედებაში გამოეხატათ “300 წელიწადს ნაბორკილარი” აჭარის ტკივილი. სწორედ მათი შემოქმედების ცოდნა აღვივებს ადამიანებში პატრიოტიზმს და ეროვნულ სულისკვეთებას.
გვიხარია, რომ ჩვენ სტუდენტები ვიყავით ქართული სიტყვის მეციხოვნეების მასპინძლები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი შემოქმედების გახსენება და აუტორიის გულამდე მიტანა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტუდენტურ ცხოვრებას სწორედ ასეთ აქტივობებში მონაწილეობის დროს შევიგრძნობ.წლების შემდეგ ყველაზე ტკბილად სწორედ ეს დღეები გამახსენდება. ვფიქრობ,თითოეულმა სტუდენტმა უნივერსიტეტში გატარებული დღეები მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს,მათი მაქსიმალური ჩართულობა და აქტივობებში მონაწილეობა გახდის სტუდენტურ ცხოვრებას მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს.
უკან |