გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ერთ დღეს აუცილებლად გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი“

სურათი

ლანა ბოლქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. გოგონა, რომელიც კრივში საქართველოს ორგზის ჩემპიონია, წარმატების საიდუმლოს შრომასა და მონდომებას უკავშირებს. მისი სამომავლო გეგმები მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგებას უკავშირდება.

_ ლანა, პირველ რიგში გვიამბეთ, როგორი მოსწავლე იყავით და რომელ სასკოლო აქტივობებში მიგიღია მონაწილეობა?

_ ბათუმის მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში.

_ კრივით რა ასაკიდან ხართ დაინტერესებული?

_ სპორტი ბავშვობიდან მაინტერესებდა. კრივამდე მძლეოსანი ვიყავი, შემდეგ კრივით დავინტერესდი და საბოლოოდ უკვე მეორე წელია ავირჩიე  სპორტის ეს სახეობა.

_ ე.წ. თინეიჯერობის პერიოდი,   მოკრივე გოგონასთვის, რამდენად იყო გამორჩეული?

_ გამორჩეული არ ვიცი რამდენად იყო. ჩემი თინეიჯერობის ხანა კოვიდის პერიოდს დაემთხვა და აქედან გამომდინარე, ადამიანებთან დიდად არ მქონია ურთიერთობა. როგორც მოკრივე, ამ ბოლო ხანებში გამიცნო ხალხმა.

_ საქართველოს ორგზის ჩემპიონი ხართ, რა არის თქვენი წარმატების გასაღები?

_ ჩემი წარმატების გასაღები არის ყოველდღიური აუტანელი ვარჯიში, დაუღალავი შრომა და მონდომება.   როცა გულით გინდა შენი საქმის კეთება, გსიამოვნებს კიდეც ამდენი წვალება...

_ ლანა, გვესაუბრეთ ჩემპიონატის შესახებ. როგორ ხდება კრივში გამარჯვებულის გამოვლენა და როგორ გაფასებთ ჟიური?

_ პირველ რიგში ირჩევიან წონითი კატეგორიით და ასაკით.  ბრძოლა სამ რაუნდიანია. ბრძოლას მსაჯები ქულებით აფასებენ.

_ თქვენი სამომავლო მიზნები უკავშირდება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს და როგორ ფიქრობთ, როდის გიხილავთ  მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით?

_ ჩემი სამომავლო გეგმები მსოფლიო ჩემპიონობას და ოლიმპიადას ნამდვილად უკავშირდება. ამას როდის შევძლებ, ვერ გეტყვით, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ერთ დღეს აუცილებლად გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი...

_რას ურჩევდით იმ გოგონებს, რომელებიც კრივში ჩემპიონობაზე ოცნებობენ?

_ იმ გოგონებს ვინც კრივსა და საბრძოლო ხელოვნების დაუფლებაზე ოცნებობენ, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მარტივია ამ ოცნების ასრულება. მთავარია გულით გინდოდეთ და ყველაფერი გამოგივათ. მგონია, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მაგალითი მეც ვარ...

_ ამჟამად, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ხართ. რა სპეციალობა გაქვთ არჩეული და  როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალ პროფესიაში?

_ მომავალი პროფესიით ალბათ მაშინ დავიწყებ მუშაობას, როცა სპორტულ კარიერას დავასრულებ. ჯერ 18 წლის ვარ და სპორტში დარჩენას დიდი ხანი ვაპირებ...

_ ლანა, აბიტურიენტები არჩევანს პროფესიასა და უნივერსიტეტზე ახლა აკეთებენ. თქვენი რჩევა მათ,  რატომ უნდა აირჩიონ ბსუ?

_ ბსუ  კარგი უნივერსიტეტია, კარგი ლექტორებითა და იქ დასაქმებული ადამიანებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ესა თუ ის პროფესიული პრაქტიკა და თეორია ახალი სტანდარტებით შეგასწავლონ.

_ და ბოლოს...

_ ჩემი სამომავლო გეგმები არის მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და დაუღალავად ვიშრომებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა