გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტი ევროპიდან

სურათი

ნატა ჩიკვაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ ჯერჯერობით, მისი ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო მიღწევა, „Erasmus+“-ის პროგრამაში გამარჯვებაა. მიაჩნია, რომ სლოვაკეთში მიღებული განათლება, სამომავლოდ მიზნების მიღწევაში მეტად დაეხმარება.

ნატა გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველს სლოვაკეთის პან ევროპული უნივერსიტეტიდან უზიარებს შთაბეჭდილებებს.

_ ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ,   სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე სასურველ უნივერსიტეტში. ვფიქრობ, განათლების მიღება თავიდანვე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ჩემთვის. სწორედ ამიტომ, აბიტურიენტობის დროს, თავდაუზოგავად ვშრომობდი, რათა მიმეღწია დასახული მიზნისთვის და სწავლა გამეგრძელებინა ჩემთვის საინტერესო მიმართულებით.

მართალია,  ეპიდემიის  გამო, პირველ კურსზე სწავლა ონლაინ ფორმატით ვსწავლობდით, თუმცა  ვთვლი, რომ სტუდენტური  ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა. ჩემი სასწავლო პროგრამა მრავალფეროვან საგნებს მოიცავს,  რომელთა მეშვეობით, მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას ვიღებ სხვადასხვა სფეროში. ვცდილობ მონაწილეობა მივიღო საუნივერსიტეტო აქტივობებში, ვესწრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და განმავითარებელ  ტრენინგებსა თუ ლექციებს, რაც საკმაოდ ხშირად ტარდება  მოწვეული და ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.

ჩემთვის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო მიღწევა, ალბათ „Erasmus+”-ის პროგრამაში გამარჯვებაა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, უკვე ვიცოდი, რომ ჩემს მთავარ მიზანს სწორედ მსგავს პროგრამაში მონაწილეობა წარმოადგენდა. ჩვენმა უნივერსიტეტმა კი, რომელიც მსგავსი პროგრამების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მომცა საშუალება, რომ მიმეღწია ამ მიზნისთვის.

შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შესახებ რომ გავიგე, უნივერსიტეტში ვიყავი და პირველ წუთებში დაჯერება გამიჭირდა. ერთბაშად ვიგრძენი დაბნეულობა და სიხარული. მახსოვს, ავღელდი და თანაკურსელი მამშვიდებდა. განსხვავებული ემოცია იყო, ბედნიერებით და დადებითი ენერგიით დამუხტული. როცა იაზრებ, რომ შენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიე, ალბათ ყველაზე ბედნიერიც მაშინ ხარ.

_ ნატა, რას ელოდები სლოვაკეთის პან ევროპული უნივერსიტეტისგან?

_ ვფიქრობ, პან ევროპული უნივერსიტეტი მომცემს საშუალებას უკეთ გავეცნო ევროპის საგანმანათლებლო სისტემას და გამოვიყენო იგი თვითგანვითარებისთვის. აქ მიღებული განათლებით გავიღრმავებ როგორც არსებულ ცოდნას, ასევე შევიმეცნებ ახალ, უცხო და საინტერესო ინფორმაციასაც. სლოვაკეთის უნივერსიტეტში გატარებული დრო იქნება ერთი დიდი გამოცდილება, რომელიც დამეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო და გავიკაფო გზები განათლების მისაღებად. აღნიშნული უნივერსიტეტი საშუალებას მომცემს კომუნიკაცია დავამყარო სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან, შევიმეცნო მათი კულტურა და ამავდროულად, წარმოვაჩინო ჩემიც. ეს იქნება საუკეთესო გზა ინფორმაციის გაცვლის, განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის.

_ რას ურჩევ იმ სტუდენტებს, რომელთაც  გაცვლით პროგრამებში სურთ მონაწილეობის მიღება?

_ უცხოეთში „Erasmus­+”-ის გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები. ეს ის პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ფართო არჩევანს სწავლა გააგრძელონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, გაეცნონ ევროპულ კულტურას, მიიღონ ცოდნა და განვითარდნენ. სტუდენტებს ვურჩევ, რომ აქტიურად ადევნონ თვალი აღნიშნული პროგრამის შემოთავაზებებს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და მისი მეშვეობით გამოსცადონ სტუდენტური ცხოვრების საუკეთესო პერიოდი.

_ სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

_ მსურს მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, წარმატებით დავასრულო საბაკალავრო პროგრამა და სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურის საფეხურზე. ჩემი მთავარი მიზანი მრავალფეროვანი ცოდნის მიღებაა, რათა მუდმივად განვიცდიდე პროფესიულ განვითარებას.

_ როგორია ნატას ერთი ჩვეულებრივი დღე ევროპაში?

_ აქ გატარებული თითოეული დღე საინტერესოა. დილა უნივერსიტეტში წასვლით იწყება, სადაც სხვადასხვა ლექციას ვესწრები. სახლში დაბრუნებული ვისვენებ და მეგობრებს ვუზიარებ ყოველდღიურ გამოცდილებას. თავისუფალ დროს სტუდენტები ვიკრიბებით, ერთმანეთს ვუზიარებთ აქაურ გამოცდილებებს და მოგზაურობებსაც ვგეგმავთ. უკვე ერთი თვეა რაც ბრატისლავაში ვიმყოფები და ევროპის არაერთი ქალაქი მოვინახულე, რაც ჩემს თვალსაწიერს კიდევ უფრო ზრდის. ძალზედ საინტერესოა ისტორიული ქალაქების დათვალიერება.

_ ...და ბოლოს, რას გვეტყვი ევროპიდან?

სიმართლე გითხრათ, ევროპაში ჩამოსვლისთანავე თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ევროპა მართლაც ის ადგილია, სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, გეძლევა საშუალება მარტივად მოგზაურობის და არაერთი კულტურის ახლოდან შეცნობისა. მჯერა, რომ საქართველოც მალე გახდება ევროპის ნაწილი, რადგან ჩვენს ქვეყანას სწორედაც რომ აქვს ამის პოტენციალი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა