გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„როცა დრო დადგა უნივერსიტეტის არჩევისა, მეც ავირჩიე ბსუ“

სურათი

სალომე აბაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. წარმატებული სტუდენტი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ გადაწყვეტილება ოცნებებისა და შესაძლებლობების მიხედვით მიიღონ. სალომეს მიზანია, მომავალი თაობის სამსახურში იდგეს.

_ სასკოლო ასაკში ყოველთვის მინდოდა დამოუკიდებელი ადამიანი ვყოფილიყავი, ისეთი შემდგარი და ძლიერი, რომელიც სხვებისთვის საყრდენი, დამხმარე და მხარდამჭერი გახდებოდა... სწორედ, ამიტომ ვცდილობდი უფრო მეტი  მესწავლა სხვებისგან, განსაკუთრებით კი მასწავლებლებისგან...    მახსოვს, მე-7 კლასში მასწავლებელმა გვკითხა, ვინ გვინდოდა, რომ გამოვსულიყავით მომავალში. - იცით, პასუხი არ მქონდა, არ ვიცოდი რა მინდოდა და შემრცხვა... თუმცა იმ დღის შემდეგ, ამაზე ყოველთვის ვფიქრობდი. მართალია, ბევრ სხვა პროფესიაზე მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ ქართული ფილოლოგია გადავწყვიტე იმის გამო, რომ ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში სწორედ ლიტერატურა ეხმარება და მეც მინდა, მომავალში ჩემი მასწავლებლების მსგავსად, ბევრი პიროვნება ავღზარდო...

 სწორედ, ამიტომ სკოლის მერხიდან უნივერსიტეტამდე, დიდი გზა გამოვიარე და სკოლაში დასახული მიზნებით მოვაღწიე ჩვენს უნივერსიტეტამდე...

_ სალომე, რომელ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიგიღია მონაწილეობა?

_ ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონფერენციაში. პირველ კურსზე, სამეცნიერო კონფერენციაში, კერძოდ ფილოსოფიის სექციაში მივიღე მონაწილეობა, სადაც მეგობართან ერთად, წარმოვაჩინე ნაშრომი ,,დემოკრატიის იდეალი და დემოკრატიული სისტემების ტრანსფორმაცია“.

 მეორე კურსზეც ამავე კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა და  დავწერე ნაშრომი თანაავტორთან ერთად ,,მოგზაურობა ფერეიდანში“,  ნიაზ ზოსიძის ,,გომარჯოს ფერეიდანს“ მიხედვით.

აგრეთვე, ონლაინ სწავლების პერიოდში ვღებულობდი მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგში, განსაკუთრებით მომეწონა ,,ახალგაზრდობის სააგენტოს’’ მიერ ორგანიზებული ტრენიგ კურსი თემებზე ,,კარიერული მართვა; გუნდური მუშაობა და ემოციური ინტელექტი“.

     გასულ წელს მივიღე ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია. ვფიქრობ, სტიპენდიის მიღება რთულზე მეტად შრომატევადია... არის გარკვეული დაბრკოლებები, რაც გაშინებს, თუმცა ყოველთვის მგონია, რომ არც ერთი სწავლაში ჩადებული ენერგია თუ დრო, ფუჭად არ იკარგება.

 გარდა ამისა, მწამს, რომ შრომას ყოველთის მოაქვს შედეგი და ამის ფონზე ვცდილობ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო... სტიპენდია უფრო მოტივაციას მაძლევს, ერთგვარი დაჯილდოვებაა სემესტრის ბოლოს... 

_ სალომეს სტუდენტური ცხოვრება...

_  ჩემთვის სტუდენტობა ახალი ცხოვრება, ახალი შანსი, გამოწვევები, ურთიერთობები და ბედნიერებაა. თითქოს სხვა სამაყაროში ვარ, სადაც  ბავშვობის ნატვრა ამიხდა და გავიზარდე. აქ ყველასგან ვსწავლობ... ჩემს პიროვნებას ვაყალიბებ და ვეჩვევი დამოუკიდებლობას. შეიძლება ხშირად თავი იჩინოს გარკვეულმა პრობლემებმა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიმაჩნია, რომ სტუდენტობა ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და გამორჩეული პერიოდია.

_ რას ურჩევდი იმ აბიტურიენტს, რომელსაც  პროფესია ჯერ კიდევ არ აურჩევია? მალე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება...

_ მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, ცივი გონებით კარგად გაანალიზონ რა სურთ, დაფიქრდნენ საკუთარ მისწრაფებებზე, ოცნებებსა თუ შესაძლებლობებზე და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

ხშირად სურვილი არ არის საკმარისი პროფესიის ასარჩევად. ვფიქრობ, საჭიროა თავიანთი შესაძლებლობებიც გაანალიზონ და მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე სპეციალობა უფრო პოპულარულია, არ აირჩიონ იგი. შემდეგ გაუჭირდებათ მათი მომავლის სწორად წარმათვა, რასაც შეიძლება მოტივაციისა და საკუთარი თავის დაკარგვა მოჰყვეს. ეს კი საკუთარი დროის დაუფასებლობაა. გულწრფელად ვურჩევ აბიტურიენტებს, რომ ,,მისდიონ თავიანთ გულის ხმას“, ნუ შეაშინებთ გამოწვევები, რადგან საქმის სიყვარული პრობლემებს დაავიწყებთ.

_ რატომ ბსუ?

  _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს ბევრ სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის, მაგალითად, როგორიცაა სამეცნიერო კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები, საჯარო ლექციები, საუნივერსიტეტო შეჯიბრებები.  ვფიქრობ ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი, თუ რატომაც ავირჩიე ბსუ, თავის დროზე სწორედ ეს იყო.

      ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც ავირჩიე ბსუ, იყო ის, რომ ჩემი მასწავლებლები და ახლობლები ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ.  მათგან ბევრი დადებითი ინფორმაცია მსმენია აქაურობაზე. შესაბამისად, როცა დრო დადგა უნივერსიტეტის არჩევისა, მეც ავირჩიე ბსუ... სიმართლე გითხრათ, სხვა უნივერსიტეტები ჩამონათვალში არც კი დამირეგისტრირებია.

      გარდა ამისა, ყოველთვის მოხიბლული ვიყავი უნივერსიტეტის ადგილმდებარეობით, რაც კიდევ უფრო ალამაზებს მას და ასევე, მხიბლავდა ის ფაქტიც, რომ მას საერთო საცხოვრებელიც ჰქონდა, სადაც სტუდენტები შეძლებდნენ ცხოვრებას.

 თითოეული ფაქტორი გახდა ჩემი  სწორი არჩევანის მიზეზი. ამიტომ, მეც გავხდი ბსუ-ელი.

_ სალომე, როგორი წარმოგიდგენია შენი პედაგოგიური საქმიანობა?

_ მიუხედავად იმისა, რომ მსურს პედაგოგი ვიყო, სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრის დროს შიში მიპყრობს. ალბათ იმიტომ რომ, რთულია კარგი პედაგოგი იყო, სხვებისთვის სამაგალითო. ამას, რა თქმა უნდა, შრომა სჭირდება. მე არ მსურს მხოლოდ ცოდნა მივიღო, მინდა ეს ცოდნა სხვებმა გამოიყენონ. სხვებს დავეხმარო...

 ისიც მესმის, თუ რაოდენ საპასუხისმგებლო საქმეს ვეჭიდები. მე პასუხისმგებლობა მაკისრია არა მხოლოდ აღსაზრდელების მიმართ, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ვეცდები ყოველთვის სიახლეები შევიტანო მოზარდებთან, ჩვენ ერთამანეთს ვასწავლით, ვითანამშრომლებთ და ვიმეგობრებთ. ვიცი, რომ ყველაფერ იმას მივცემ მათ, რაც მე დამაკლდა სწავლის პროცესში. ვეცდები, კომფორტულად იგრძნონ თავი ჩემთანაც და სასკოლო სივრცეშიც.

_   ერთი ჩვეულებრივი დასვენების დღე, ჰობი და გამორჩეული წიგნი...

_ დასვენების დღეს ბუნებაში ვსეირნობ, გარკვეულ დროს ვატარებ ახლობლებთან,  მეგობრებთან ერთად. ასევე, ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, ვუყურებ საინტერესო ფილმს ან თუ ვახერხებ, მივდივარ თეატრში სპეკტაკლის სანახავად, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ასევე, ხშირად ვხატავ.

გამორჩეული წიგნი ბევრია. რადგან კონკრეტულად ერთი უნდა დავასახელო, გამოვარჩევდი გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველს“. ეს არის წიგნი ცხოვრებაზე, მის არსსა და მთავარ ღირებულებებზე. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ყველასათვის...

ჩემი ჰობია ხატვა. როცა ვხატავ, თითქოს ,,აქ არ ვარ“, ამ სამყაროში... ამ დროს კი ყველაზე მეტად ვმშვიდდები. თუ რამეზე აღელვებული ვარ, ფუნჯი და ფერადი პალიტრა მამშვიდებს და რა თქმა უნდა, ლამაზი მელოდიების მოსმენაც...

_ რაზე ოცნებობს სალომე?

  _ ვოცნებობ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის ,,შექმნაზე“. მინდა შემდგარი, ძლიერი, განათლებული და სხვებისთვის გამოსადეგი ადამიანი ვიყო. მსურს მივაღწიო პროფესიულ წინსვლას და გავაღრმავო ჩემი ცოდნა.

  ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მინდა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გავაგრძელო სწავლა. აგრეთვე, სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსაც დავესწრო და უფრო მეტი ინფორმაცია, ცოდნა მივიღო ჩემი სფეროს შესახებ.   გარდა ამისა, მსურს, რაც შეიძლება მეტი წიგნი წავიკითხო და ჩემი მიზნებისთვის ვიბრძოლო. როცა მყარი ცოდნა მექნება, შემდეგ სხვებს დავეხმარები მიზნების მიღწევაში და თუ ამ ყველაფერს შევძლებ, ეს დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის. მაშინ ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა