გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მომენტია პროფესიის არჩევა“

სურათი

მე ავირჩიე ბსუ, აირჩიე შენც

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს ჩვენივე უნივერსიტეტის კიდევ ერთ წარმატებულ სტუდენტს გააცნობს. ქეთევან მახაჭაძემ  ბსუ-ზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს ჰქონდა ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და  იმ სხვა უამრავი შესაძლებლობის შესახებ, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

_ ვარ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტი. 2019 წელს დავასრულე ბათუმის N9 საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე ბსუ-ში. სკოლის პერიოდიდან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტში, რის შესაძლებლობასაც მუდმივად მაძლევდა სკოლა. დაახლოებით მეცხრე კლასიდან ვიცოდი სად მინდოდა სწავლის გაგრძელება, რა იყო ჩემთვის პრიორიტეტული და საინტერესო, რათა ამესრულებინა ბავშვობის ოცნება. ვცდილობდი კარგად მესწავლა და შესაბამისად სკოლაც წარჩინებით დავასრულე.

_ ქეთი, რომელ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?

_ ვცდილობ, აქტიურად ვიყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, რის შესაძლებლობასა და მოტივაციასაც უნივერსიტეტი მაძლევს. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე ,,USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის’’ ფარგლებში ჩატარებულ პროექტში - ,,იდეატორთა კლუბი’’, სადაც კლუბის ლიდერის ამპლუაში ვიყავი, ვეხმარებოდი მოსწავლეებს პროექტის განხორციელებასა და წარმატების მიღწევაში. ჩვენი პროექტი ნომინირებულია სახელწოდებით „წლის კრეატიული“. მოცემული პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან ურთიერთობა მქონდა V  და VI კლასის მოსწავლეებთან, რამაც შემძინა კომუნიკაციის, კრეატიულობისა და ინოვატორობის უნარ-ჩვევები. მოცემულ პროექტში მუშაობა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო ამიტომ, წელსაც ვიღებ მონაწილეობას ახალი ძალებითა და შემართებით.

_ გასულ წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვე...    

_ პანდემიის პერიოდი ძალიან რთული და დამღლელი გამოწვევა იყო. სწორედ ამ პერიოდში დამენიშნა სახელმწიფო და გუდავაძე-პატარკაციშვილის სახელობის სტიპენდიები, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იყო. მივხვდი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. შრომისმოყვარეობით,  მონდომებითა და უნივერსიტეტის მხრიდან შექმნილი შესაძლებლობებით, ვფიქრობ არც ისე  რთულია გახდე სტიპენდიანტი.  

განათლების თითოეულ საფეხურს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა სტუდენტობა ყველაზე სასიამოვნო საფეხურია. მაქვს უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნება, გავდივარ პრაქტიკებს _ „პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება“ და მიწევს ურთიერთობა წარმატებულ ლექტორებთან, რომელთა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ასევე მეხმარება პროფესიულ ზრდა-განვითარებაში. სტუდენტობის წლებმა შემმატა მეგობრები და ვამჩნევ, რომ მეტად თავისუფალი ვარ კომუნიკაციის დროს. შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს მრავალფეროვანი სტუდენტობის წლები: ვესწრები საინტერესო ლექცია-სემინარებს, ტრენინგებს, პრაქტიკებსა და სხვადასხვა ღონისძიებას.

_ სემესტრული გამოცდების დრო სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ამ დროს  რა რჩევებს აძლევთ ერთმანეთს...

_ კურსის ერთიანობა და მეგობრობა ყველაზე მეტად გამოიკვეთება სემესტრული გამოცდების პერიოდში. ყველანი ერთად ვცდილობთ დავამუშაოთ საგამოცდო საკითხები, მივაწოდოთ ერთმანეთს სხვადასხვა ინფორმაცია და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ. ჩემი საყვარელი ფრაზებია: ,,არასოდეს დანებდე’’ და ,,ყველაფერი იქნება, რაც გულით გსურს და გჯერა’’. სწორედ ამიტომ ამ ფრაზებით ვცდილობდი ჩემი მეგობრების გამხნევებას. ყველაზე ხშირად მესმოდა: ,,არ ინერვიულოთ’’ , ,,ყველაფერი იდეალურად იქნება’’, ,,მთავარია მონდომება’’ და სხვა. ვფიქრობ, ეს ფრაზები კარგად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და შესაბამისად, წარმატებით დავასრულებთ გამოცდების ცხელ პერიოდს.

_ რას ურჩევ იმ აბიტურიენტს, რომელსაც  პროფესია ჯერ კიდევ არ აურჩევია?..

_ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მომენტია პროფესიის არჩევა, რადგან ის განსაზღვრავს ჩვენ მომავალს. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები და სურვილები და არა სხვების. გირჩევთ მოუსმინოთ საკუთარ თავს, იკითხოთ დამატებითი ლიტერატურა, არ დაისტრესოთ და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აბიტურიენტობის პერიოდს.

_ ... და შენს შემთხვევაში, რატომ ბსუ?

_ პირველ რიგში ბსუ-ს არჩევა განაპირობა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. გარკვეული ინფორმაცია მქონდა გაცვლით პროგრამებსა და სხვა უამრავი შესაძლებლობის შესახებ, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობდა სტუდენტებს.  ასევე ძალიან კარგი არჩევანი იყო ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის არსებობა, რომელზეც საბოლოოდ შევჩერდი.

_ როგორი იქნება მომავალი ქეთი მასწავლებელი?

_ მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია არის, რადგან სკოლა ადამიანობისა და განათლების მთავარი საფუძველია. ჩემს პროფესიაში მთავარი ძალა არის ბავშვების სიყვარული და მათთან ჯანსაღი კომუნიკაცია, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი. მომავალი ქეთი მასწავლებელი არასდროს გააჩერებს მუდმივ განვითარებას, იქნება პასუხისმგებლობიანი, საინტერესო, შემოქმედებითი და კრეატიული.

_  სწავლით დატვირთული დღეების შემდეგ, როგორია ერთი ჩვეულებრივი დასვენების დღე?

_ საკმაოდ დატვირთული სასწავლო გრაფიკი მაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ დასვენებით შევუწყო ხელი ჩემს პროდუქტიულობას, რადგან ძილისა და დასვენების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანი იყოს ნაყოფიერი. ყოველთვის ვცდილობ ჩემი დასვენება მივუძღვნა საყვარელ ადამიანებს, რადგან მათთან ურთიერთობა, გამოცდილებისა და ენერგიის გაცვლა, ყველაზე მეტად მეხმარება ძალების აღდგენაში. ასევე თავისუფალ დროს ვცდილობ დავესწრო სპორტულ ღონისძიებებს, რათა სრულად დავცალო კვირის ენერგია.  

 ჩემი  ჰობია წიგნების კითხვა. შესაბამისად, თავისუფალ დროს ვცდილობ წავიკითხო წიგნები. მიყვარს, გარკვეული პერიოდის შემდეგ,  წიგნის მეორედ წაკითხვა, რადგან განსხვავებული თვალით ვკითხულობ და ვმსჯელობ. ჩემთვის ქართული ლიტერატურა ყველაზე საინტერესოა. არ შემიძლია გამოვარჩიო ერთ წიგნი ან მწერალი, თუმცა ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალია ნოდარ  დუმბაძე. ვფიქრობ, ის თავისი ნაწარმოებებით ცდილობს ხალხის გულებში სიკეთე და სიყვარული ჩადოს. სწორედ ამიტომ, მას  მზიანი გულის მწერლად მოიხსენებენ. მის მიერ აღმოჩენილ მარადისობის კანონს თავიდანვე ვასწავლი ჩემ მოსწავლეებს.

_  რაზე ოცნებობს ქეთი?

_ ბევრი ოცნება თუ მიზანი მაქვს. ერთ-ერთი ჩემი ოცნებაა ჩვენი მომავალი თაობა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ცხოვრობდეს, ჰქონდეთ საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ მათ აღზრდაში ჩემი შეტანილი წვლილი ღირებული იქნება. ასევე მსურს საზოგადოება იყოს მეტად ემპათიური და სიყვარულით სავსე.

მასწავლებლის პროფესია გულისხმობს მუდმივ განვითარებას. სწორედ ამიტომ ჩემი სამომავლო გეგმა არის მეტად განვვითარდე ამ სფეროში, მივიღო მონაწილეობა საინტერესო აქტივობებში და დავხვეწო ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა მასწავლებლისთვის. მოცემული წარმატებები პირველი საფეხურებია იმ დიდ გზაზე, რაც წინ მელოდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა