_ მე ვარ დიანა მახაჭაძე, 23 წლის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებული. ამჟამად ვსწავლობ ამავე უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგასტრო პროგრამაზე.
თუ თვალს გადავავლებ ჩემს ცხოვრებას, ვიტყვი, რომ განათლება ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩემთვის. დასახული მიზნის მისაღწევად ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი. სკოლა წარჩინებით დავასრულე და ჩავირიცხე სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით.
მესამე კურსიდან ვმუშაობ საკუთარი პროფესიით ინკლუზიურ სფეროში, პარალელურ რეჟიმში გავდივარ პრაქტიკას სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა არჩეულ პროფესიას კიდევ უფრო კარგად დავეუფლო. ამ მიზნით რამდენიმე თვე ლიეტუვაში გავატარე, სადაც ვმუშაობდი სხვადასხვა დაწესებულებაში, როგორც ბავშვებთან, ასევე მოხუცებთან.
ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მუდმივად უნდა იყოს ახლის ძიებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ვცხოვრობთ ცვალებად სამყაროში, აუცილებელია ავყვეთ მის რიტმს, რათა ვიყოთ სასურველი და საიმედო ჩვენ მიერ არჩეულ საქმიანობაში.
ჩემი სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია: სამსახური, პრაქტიკა, სხვადასხვა ტრენინგ-კურსი, სწავლა, _ ეს ყველაფერი მოითხოვს საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას. თუმცაღა, დროის სწორად გადანაწილების ხარჯზე მრჩება თავისუფალი დროც. თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამდიდრება აუცილებელია, ამიტომაც ვცდილობ აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა ღონისძიებაში როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე საერთაშორისო დონეზეც.
მიმაჩნია, რომ თანამედროვე ეპოქაში, ადამიანი პროფესიული ცოდნის მიღების გარდაც უნდა იყოს დაინტერესებული სხვადასხვა საკითხით. ამიტომაც, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა პროექტში, რომელიც უკავშირდებოდა ლიტერატურას, პოლიტიკას, გარემოს დაცვას და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სფეროს. ვფიქრობ, ფსიქოლოგია სხვა ბევრი მიმდინარეობისგან იმით განსხვავდება, რომ პროფესიული ცოდნის გარდა აუცილებელია მისი შევსება სხვა საკითხებითაც, რაც მას უდიდეს ხიბლს სძენს.
სკოლის დამამთავრებელ კლასებშივე ვიცოდი, რომ ჩემი არჩევანი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტზე შეჩერდებოდა. ამ უნივერსიტეტში სწავლა პირველ რიგში საკუთარი თავისა და ჩემი ოჯახის წინაშე არსებული პასუხისმგებლობების გამო გადავწყვიტე. ვფიქრობ, ჩემს მშობლიურ ქალაქში, საყვარელ ადამიანებთან ახლოს უფრო ბედნიერი და წარმატებული ვიქნები. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში, გამორჩეულია გაცვლთი პროგრამების სიუხვითა და წარმატებული კურსდამთავრებულებით. ამიტომაც სტუდენტური პერიოდის მანძილზე ვცდილობ ბსუ-ს მიერ შემოთავაზებული ყველა სიკეთით ვისარგებლო.
გაცვლით პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ამიტომაც, უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე აქტიურად ვადევნებდი თვალს მსგავს პროგრამებს. ამჯერად, „Erasmus+“-ის პროგრამამ საშუალება მომცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიმეღო. აღნიშნული კონკურსის შესახებ ინფორმაცია სტუდენტური პორტალის საშუალებით გავიგე და მაშინვე შევუდექი საჭირო დოკუმენტების შეგროვებას. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო, თუმცა ამას არ შევუშინებივარ. საბუთების მომზადების შემდეგ საჭირო იყო შემდეგი ეტაპების გავლა _ ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, მალევე დამიკავშირდნენ გასაუბრებასთან დაკავშირებით.
_ როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე...
_ კონკურსისთვის მომზადება იმდენად შრომატევადი და აქტიური პროცესია, სიმართლე რომ ვთქვა, ვერც კი ვიაზრებ რა ვიგრძენი, როცა გავიგე გამარჯვების შესახებ. ეს იყო ალბათ სიხარულის, შიშის და დაბნეულობის სინთეზი. გამარჯვების შემდგომაც იმდენ საკითხზე გვიწევს ზრუნვა თითოეულ კონკურსატს, რომ შედეგით ტკბობას მხოლოდ ადგილზე თუ მოვახერხებთ.
_ რას ველოდები სკოვაკეთის პან ევროპული უნივერსიტეტისგან...
_ მგონია, რომ თითოეული მსგავსი პროექტის მიზანია სტუდენტს უბიძგოს დატოვოს კომფორტის ზონა და ეძიოს რაღაც ახალს. მჯერა, როცა ადამიანი თავს აღწევს ერთფეროვნებას, რისკავს მას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ვფიქრობ, აღნიშნული უნივერსიტეტი ერთი სემესტრის განმავლობაში შემომთავაზებს საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ჩემი აზრით, სლოვაკეთის პან ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული განათლება, ცოდნის საუკეთესო ნაწილი იქნება.
_ ჩემი სამომავლო გეგმები და მიზნები...
პირველ რიგში, ვაპირებ, მაგისტრატურაში სწავლის დასრულებას. ამის შემდეგ კი შევძლებ სწავლა გავაგრძელო კონკრეტული თერაპიული მიმართულებით. ეს საშუალებას მომცემს ჩემი სამომავლო კარიერა სრულვყო.
უკან |