გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია გამოწვევებითა და სირთულეებით“

სურათი

ცირა კახაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მე-4 კურსის წარმატებული სტუდენტია. სახელწიფო სტიპენდიის შემდეგ, მან პროფესორ როლანდ კომახიძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდიაც მოიპოვა. აქტიური სტუდენტის სამომავლო გეგმები გერმანიაში სწავლის გაგრძელებასა და შემდგომ  პედაგოგიურ მოღვაწეობას უკავშირდება. „ვარ მიზანდასახული პიროვნება და მაქვს მრავალმხრივი ინტერესი, რაც ყოველთვის მეხმარება ახალი და საინტერესო გამოცდილების შეძენაში“, _ უმხელს ცირა გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველს.

_ სკოლის მერხიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე...

_  ვფიქრობ, საკლასო ოთახიდან აუდიტორიაში გადასვლა ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობის აღება იყო. სიმართლე რომ ვთქვა, როცა სტუდენტი გავხდი, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი ჩემს არჩევანში. ბედნიერი ვარ, რომ ფილოლოგობა სწორედ ის პროფესია აღმოჩნდა, რომელსაც ვეძებდი. სკოლის მოსწავლე ცირასგან განსხვავებით სტუდენტი ცირა მეტად დამოუკიდებელი გახდა და უკეთ გააცნობიერა, რომ თითოეული კარგად მოფიქრებული ნაბიჯი, წარმატებული მომავლის შენების წინაპირობას წარმოადგენს. სასკოლო ცხოვრებიდან საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე გადასვლა გამოწვევებით სავსე დიდი ნახტომი იყო, თუმცა ახლა ღრმად მწამს, რომ სწავლის ყოველი ეტაპი წინაზე უკეთესი სწორედ ზემოთაღნიშნული გამოწვევების გამოა. უბრალოდ, მათთან ბრძოლით,  სიამოვნების მიღება უნდა ვისწავლოთ.  

_ ცირა, რომელ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?

_   ყოველთვის ვთვლიდი, რომ განათლებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ფართო ზოგადი ცოდნის მიღება და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობაა.  გამომდინარე აქედან,  გაწევრიანებული ვარ ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და ვმონაწილეობ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.  ასევე, ვინაიდან საერთაშორისო გამოცდილების მიღება ჩემი ერთ-ერთი დიდი მიზანი იყო, 2022 წელს მივიღე მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში კუნძულ კურასაოსა და ესტონეთში. მათი მთავარი მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა, კარიერული წინსვლა და კულტურის გაცვლა იყო. ორივე მათგანმა მომცა ფასდაუდებელი გამოცდილება და დიდი როლი ითამაშა თავდაჯერებულობისა და ახალი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

_ 2022 წლის წარმატების ნაწილია ისიც, რომ წლის ბოლოს როლანდ კომახიძის სახელობის სტიპენდიაც მოიპოვე....  

 _ დიახ, მოვიპოვე როლანდ კომახიძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია, რაც სახელმწიფო სტიპენდიის შემდეგ, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.  ვფიქრობ, სტიპენდიანტობა საკუთარი მიზნისკენ სწრაფვის და გაწეული შრომის თანმდევი მოვლენაა და რთულია იმდენად, რამდენადაც რთულია ყოველთვის სწავლის ერთი რიტმის შენარჩუნება და დროის დიდი ნაწილის სწორედ ამისთვის დათმობა. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ გამოსავალი პრიორიტეტების სწორად დალაგება და დროის სწორი მენეჯმენტია, რაც ბევრად ამარტივებს წარმატებისკენ სვლას.   

      სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია გამოწვევებითა და სირთულეებით. აკადემიური სივრცე და მუდმივად ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი და ფასდაუდებელი ნაწილი გახდა, რამაც ვფიქრობ, მეტად გახსნილ, კონტაქტურ და უშუალო ადამიანად მაქცია. სტუდენტობა ჩემთვის არამარტო პროფესიული, არამედ პიროვნული ზრდის პირდაპირპროპორციულიც გახდა.

_ ცირა, რას ურჩევდი იმ აბიტურიენტს, რომელსაც  პროფესია ჯერ არ აურჩევია?..

  _  ვფიქრობ, ქართველი ახალგაზრდები საზოგადოებისგან დიდ ზეწოლას განვიცდით პროფესიის არჩევის მხრივ. ჩვენგან ყოველთვის ელიან, რომ სკოლის დამთავრებისთანავე სტუდენტობის გზას შევუდგებით, თუნდაც არ ვიცოდეთ რის კეთება გვინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არ არის მარტივი არჩევანი, ამიტომ მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ მოუსმინონ საკუთარ თავს და არ იჩქარონ იმ სპეციალობაზე ჩაბარება, რაც თავისთვის შესაფერისად არ მიაჩნიათ. ეს დროისა და რესურსის ფუჭი კარგვაა. დღესდღეობით თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდის უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თუნდაც მოხალისეობრივი პროექტების სახით, ამიტომ შეუძლიათ ბევრი სხვადასხვა რამ სცადონ და აუცილებლად იპოვიან სასურველ პროფესიას.

_   სწავლით დატვირთული დღეების შემდეგ, როგორია ცირას  დასვენების დღე?

_  ყოველთვის ვცდილობ შევინარჩუნო ბალანსი სწავლასა და დასვენებას შორის, რადგან ამ უკანასკნელის გარეშე შეუძლებელია განათლების ეფექტურობის შენარჩუნება. ვინაიდან სიმშვიდესა და გონების განტვირთვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, დასვენების დღეებს ხშირად ბუნებაში გასვლას ვუთმობ. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დროის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გატარებასაც.

_  გამორჩეული პროზაული ნაწარმოები...

  _ ლიტერატურა, როგორც ჩემი პროფესიის, ისე მთლიანად ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველა წიგნი, რასაც ვკითხულობ ჩემს ფიქრებს ახალი იდეებით კვებავს. შესაბამისად, კარგ ლიტერატურაში მუდმივად ვპოულობ რაღაც დასამახსოვრებელს. ბოლო პერიოდში წაკითხული წიგნებიდან, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მურიელ სპარკის „მის ჯინ ბროუდის გაფურჩქვნის ხანა“ იყო. აღნიშნული წიგნიდან ბევრი ვისწავლე მასწავლებლის გავლენის შესახებ საკუთარ მოსწავლეებზე. ამიტომ, ის ჩემთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წიგნად იქცა.

_  ჰობი და ოცნება...

  _ ცირას ჰობი ჭადრაკისა და ფრენბურთის თამაშია. სკოლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული ორივე სპორტის ტურნირებში და მაქვს პრიზებიც, თუმცა ამჟამად ორივე ჰობად რჩება.

ერთ-ერთი დიდი ოცნება უცხოეთში, კერძოდ გერმანიაში სწავლის გაგრძელებაა. აქტიურად ვსწავლობ გერმანულ ენას და ჩემი ყოველდღიურობა ამ მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალი გზის გაკვალვას ემსახურება.  მჯერა, რომ მოთმინებითა და სწორი ნაბიჯების გადადგმით, აუცილებლად შევძლებ საწადელს მივაღწიო.

_  სამომავლო გეგმები ...

 _  შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩემი ოცნება და შესაბამისად გეგმაც გერმანიაში სწავლის გაგრძელებაა, თუმცა ამჟამად მთავარი მიზანი საბაკალავრო ნაშრომის დაწერა და ბაკალავრიატის წარმატებით დასრულებაა. მსურს გავიარო მასწავლებლის მომზადების პროგრამაც და ჩავაბარო ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა _ IELTS.  

 ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, რამაც არჩეული გეზი, შესაძლოა, შემაცვლევინოს... თუმცა, ჩემი პროფესიული საქმიანობა აუცილებლად იქნება დაკავშირებული განათლებასა და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა