რამდენიმე დღეში 2022 წელი ისტორიის საკუთრებად იქცევა. გასული წლის შეფასება-გადაფასება და მომავლის დაგეგმვა, პოზიტიური განწყობის შექმნა, საოჯახო ტრადიციები _ ამ და სხვა თემებზე ექიმი-ფსიქოლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, ქალბატონი ეთერ ვარშანიძე გვესაუბრება:
_ ახალი წელი, – არდადეგები, დასვენება, კეთილი ზღაპარი, _ ეს ფერადოვნება შემოდის ყველა ოჯახში წლის დასასრულს. მას მოაქვს მომავლის იმედი, საჩუქრები და თავს ვგრძნობთ ამ ზღაპრის გმირებად. ის გვაიძულებს გვიხაროდეს და ვგრძნობდეთ.
ახალ წელს ოჯახის წევრები ხვდებიან ერთად, ეს ტრადიციაა. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტრადიცია აქვთ. საქართველოში ჩვენი ტრადიციები გვაქვს, მაგრამ თითოეული ოჯახი გამორჩევა საკუთარი წეს-ჩვეულებით.
_ ქალბატონო ეთერ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საახალწლო დღესასწაული ყველასთვის სახალისოდ იქცეს?
_ ახალი წელი უნდა იყოს დაუვიწყარი და განუმეორებელი... მთავარია, ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ ოჯახის თითოეული წევრი იყოს ჩართული და ეს ჩართულობა ახარებდეს ყველას. შევქმნათ განწყობა ისეთი, რომ ეს ახალი წელი იქნება საუკეთესო, მაქსიმალური სიამოვნების მომტანი.
ნებისმიერი ზრდასრული, იმ დროს როდესაც საახალწლო საჩუქარს ხსნის, არის ბავშვი, რომელიც თუნდაც რამდენიმე წუთით გადაინაცვლებს ბავშვობის წლებში. ამ დროს ვივიწყებთ წყენას, ბრაზს, აგრესიას.
_ რაში მდგომარეობს საოჯახო ტრადიციების ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება?
_ საოჯახო ტრადიციები ქმნის ოჯახის წევრების ემოციური ურთიერთობის გამყარებას, სიყვარულს და თანადგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია დღევანდელ ურთიერთობებში. ოჯახი – ეს განსაკუთრებული სამყაროა თავისი წესებით, კანონებით. როდესაც ვხედავთ ლამაზ საახალწლო თუნდაც ოჯახურ რეკლამებს, ამ დროს ჩვენი ცხოვრების მუქ ფერებს ვერ ვხედავთ.
_ ადამიანები ახალ წლამდე ხშირად განწყობის ქონა-არქონაზე საუბრობენ. ამის შესახებ რას გვეტყვით?
_ ვინაიდან ახალი, წელი არის კონტრასტული დღესასწაული, არ უნდა გადავაქციოთ ის არასასურველ დღედ, უნდა გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში მანამდე, სანამ სადღესასწაულო დღეები დადგება. თუ ნეგატიური ემოციები ძალიან ძლიერია, საჭიროა საკუთარ ღირებულებებს გადავხედოთ, გეგმები გავაახლოთ, ფსიქოკონსულტირება ჩავიტაროთ...
_ თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, წინასაახალწლოდ რას ურჩევდით ჩვენი გაზეთის მკითხველს?
ძვირფასო დედებო და მამებო, წინა საახალწლო დღეებში გაქვთ საშუალება გადახედოთ თუ რა არის ოჯახური ღირებულებები, რა ქმნის ოჯახში ამინდს, მოიგონოთ თქვენი ბავშვობის დროინდელი ახალი წელი და ბავშვობის მოგონებებში მონახოთ აუხდენელი ოცნებები და დღეს ისინი რეალობად აქციოთ თქვენი ოჯახის წევრებისთვის. შექმენით თქვენი ოჯახის ტრადიციები, მოუფრთხილდით მათ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საჩუქრების სერია, სიმღერა თქვენ მიერ დაწერილი, თამაში თუ ზღაპარი თქვენ მიერ შექმნილი. მთავარია, ბევრი წლის შემდეგ, უკვე ღრმად მოხუცებულებს, მოგაგონდეთ თქვენ მიერ შექმნილი ტრადიცია, რომელიც იქნება მიღებული და გალამაზებული თქვენი შვილების და შვილიშვილების მიერ.
მინდა გისურვოთ თბილი შეხვედრები და ბედნიერი ახალი წელი.
უკან |