გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

უკრაინელი სტუდენტები ბსუ-ში სწავლობენ

სურათი

ანასტასია ოსადჩა, ანასტასია სავჩენკო, ანასტასია იელენევსკა და ტატიანა იგნატენკო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეორე კურსზე, ერთი სემესტრის განმავლობაში, აკადემიური მობილობის პროგრამით ისწავლიან.  ისინი უკრაინიდან არიან. ახალგაზრდები ემადლიერებიან ფაკულტეტის პერსონალს, მოსწონთ საქართველო და სამომავლო მიზნებსაც გვიმხელენ. მობილობის პროგრამა სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად აკადემიური მობილობის პროგრამით ჩამოვედი. აქ ვსწავლობთ საერთაშორისო სამართალს, გეოპოლიტიკას, დიპლომატიას და სხვა დისციპლინებს. როგორც მასწავლებლები, ასევე სტუდენტები გვაძლევენ შესაძლებლობას, საფუძვლიანად შევისწავლოთ უცხო ენა და გავეცნოთ ქართულ კულტურას. თავისუფალ დროს შესაძლებლობა გვაქვს დავათვალიეროთ ბათუმის ღირსშესანიშნაობები. ჩვენ მადლობელი ვართ პედაგოგიური პერსონალისა“,  _ ამბობს ანასტასია ოსადჩა.

ანასტასია იელენევსკა ფიქრობს, რომ ფინალურ ეპიზოდში აქაურ თავგადასავლებს დაწერს. მასაც ძალიან მოსწონს პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური რესურსი და სასწავლო პროცესი:

„ბსუ-ში ა.ს. მაკარენკას სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტიდან ჩამოვედი. აქ, ამ პროგრამით, ერთად ოთხი უკრაინელი გოგონა მოვხდით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ენაზე ვსწავლობ საგნებს. მაქვს შესაძლებლობა არამარტო ვიმეცადინო ინგლისურ ენაზე, არამედ ვისწავლო ქართული ენაც და ამ ყველაფერს  არაჩვეულებრივი ლექტორ-მასწავლებლები უძღვებიან. ისინი არამხოლოდ პროფესიონალები არიან თავიანთი საქმისა, არამედ შესანიშნავი ადამიანებიც გახლავთ. ჩემთვის აქ სწავლა არის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოცდა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გავიცანით თანატოლები საქართველოდან, თურქეთიდან, მოლდოვადან.

ქართველი სტუდენტები გვეხმარებიან  მეტი გავიგოთ უნივერსიტეტისა და ქვეყნის შესახებ. ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საზღვარგარეთ და ბევრი ლამაზი ადგილის ნახვის შესაძლებლობა მომეცა. უკვე ერთი თვეა ბათუმში ვსწავლობთ და ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოვასწარით. დარჩენილ დროში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ამ პროგრამის დასასრულს ჩვენ შევძლებთ დავწეროთ თავგადასავლების და ჩვენი აქ ყოფნის შესანიშნავი ისტორია“.

ტატიანა იგნატენკოც აქ ა.ს. მაკარენკას სახელობის სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა სასწავლებლად. ამბობს, რომ მის ქვეყანაში ომი მალე დასრულდება და ქართველი სტუდენტებიც შეძლებენ მათთან ჩასვლას.

„დღეს უკვე ერთი თვეა, რაც ქალაქ ბათუმში ვარ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად აკადემიური მობილობის პროგრამით ჩამოვედი.

უსაზღვროდ მადლობელი ვარ როგორც ბსუ-ს, ასევე იმ პედაგოგიური პერსონალისა, რომლებიც აქ სწავლის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევენ. ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენთვის უცხო ადამიანებს, ვეცნობით საქართველოს, ბათუმს და ფაქტობრივად, ყოველ დღე სხვა, _ ახალი თვალით ვუყურებთ აქაურობას. ეს თვე ჩვენი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია, რადგან მთელის სემესტრი წინ არის... ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე, როცა უკრაინაში ომი დასრულდება, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეძლებენ ჩვენთან ჩამოსვლას“.

„გარდა პროფესიული საგნებისა, გვაქვს შესაძლებლობა გავაუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა და ვისწავლოთ ქართული ენა, ასევე დატკბეთ შესანიშნავი პეიზაჟებით, არქიტექტურით. კლასგარეშე აქტივობები მოიცავს ექსკურსიებს, საქართველოს ტრადიციებისა და ადათ-წესების გაცნობას, კომუნიკაციას სტუდენტებთან თურქეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, მოლდოვადან. ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული პედაგოგისა.  ისწავლე საზღვრების გარეშე“, _ ურჩევს თანატოლებს ანასტასია იელენევსკა.

სტუდენტები ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნებულები შთაბეჭდილებებს თანამოქალაქეებსაც გაუზიარებენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა