გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში _ IV”, _ ტრადიციადქცეული საერთაშორისო კონფერენცია ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში _IV”, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსუმაღლესი განათლების ხელშეწყობისპროგრამის დაფინანსების ფარგლებში ჩატარდა. ფორუმი ცხრა სექციად მუშაობდა და მასში 171-მდე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი მონაწილეობდა.

ტრადიციადქცეული კონფერენციის შესახებ გაზეთბათუმის უნივერსიტეტსჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე ესაუბრება:

_ ქალბატონო მარინა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“. რას გვეტყვით კონფერენციის შესახებ?

_ დიახ, პირველ კონფერენციას 2009 წელს ვუმასპინძლეთ და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულმა კონფერენციამ ჩვენს ფაკულტეტზე ტრადიციული  სახე მიიღო. მიმდინარე წელს საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა 171-მდე მეცნიერმა მიიღო. გვყავდა მონაწილეები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან: პოლონეთი, ბულგარეთი, ფინეთი, თურქეთი, სასომხეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, უკრაინა, თურქეთი, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, სამეცნიერო ცენტრებიდან; მათ შორის აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ახალგაზრდა მკვლევრებმა, დოქტორანტებმა. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონულ ჟურნალში  „Open Journal System“ და ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.

_ კონფერენცია რამდენ სექციად მუშაობდა და ყველაზე დატვირთული რომელი სექცია იყო?

_ წელს კონფერენცია ცხრა სექციად მუშაობდა: მასობრივი კომუნიკაციები და მედიის კვლევები, დიგიტალური ჰუმანიტარია, კორპუსლინგვისტიკა/თარგმანმცოდნეობა, ლინგვისტიკა (ქართველური, ევროპული), ლიტერატურათმცოდნეობა (ქართული, ევროპული), კლასიკური ფილოლოგია, ისტორია-არქეოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი პარადიგმები. მასობრივი კომუნიკაციების საკითხებმა, მედიის პოლარიზაციამ, მედიაეთიკისა და სამართლის ნორმების პრობლემებმა, ინტერდისციპლინურმა და ინტერკულტურულმა მიდგომებმა, თანამედროვე საზოგადოების კონცეფციებისა და კონფლიქტების, დიგიტალური ჰუმანიტარიისა და კორპუსლინგვისტიკის კვლევებმა განაპირობა კონფერენციისადმი ინტერესი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკვლევრების მხრიდან. ფაქტობრივად, ყველა მიმართულება ერთი და იმავე დატვირთვით მუშაობდა, მომხსენებელთა რაოდენობა ორ დღეზე გადავანაწილეთ.

საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს დიგიტალური ფილოლოგიის სექციაში. თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას სწორედ დიგიტალიზაციის პროცესი წარმოადგენს. ამ მიმართულებას ბათუმის უნივერსიტეტში საფუძველი უკვე ჩაეყარა, თუმცა ახალი კვლევებისა და მიდგომების წარმოჩენა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მას.

უნდა გამოვყოთ ისტორიისა და არქეოლოგიის სექციის მუშაობა, სადაც წარმოადგინეს  საინტერესო მოხსენებები აჭარაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების შესახებ, რომელთა სამეცნიერო სივრცეში მიმოქცევა ხელს შეუწყობს ჩვენი არქეოლოგიური სკოლის პოზიციონირებას.

გამორჩეული გახლდათ ლიტერატურათმცოდნეობის სექციის მუშაობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებად იქნა ჩაშლილი, კერძოდ გამოიყო ქართული, ევროპული და კლასიკური ფილოლოგიის სექციები. საინტერესო გახლდათ ასევე ქართულ და ევროპულ ლინგვისტიკის  სექციების მუშაობა და ფილოსოფიის თანამედროვე კვლევების წარმოჩენა ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი პარადიგმების სექციაშიც. კონფერენციის შედეგად უნდა განისაზღვროს ისიც, რომ ცალკეულ სექციებში ახალგაზრდა მკვლევრებს, დოქტორანტებს მიეცათ საშუალება წარმოედგინათ მათი კვლევები, ხოლო ამ მოხსენებების სამეცნიერო სივრცეში განთავსება მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში.

_ რით გამოარჩევთ მიმდინარე წლის კონფერენციას გასული წლებისგან?

_ წელს რამდენიმე სექცია დაგვემატა. ვინაიდან მიმდინარე წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამოქმედდა „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევების თანამედროვე მიდგომების წარმოჩენისა და  საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პარალელურად მნიშვნელოვანი გახლდათ მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევების, კორპუსლინგვისტიკის, თარგმანის და დიგიტალური ჰუმანიტარიის წარმოჩენა.

კონფერენციის ფარგლებში, მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევების სექციაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მასობრივი კომუნიკაციების სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ჰანტმა, პროფესორებმა ნათან კარპენტერმა და ლორა ტრენდელ პოლისმა, აგრეთვე მედიაგანათლების პროგრამის დირექტორმა დენის მეტსონმა და ქართული მედიასკოლების წარმომადგენლება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სოფიას კლიმენტ ოჰრიცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი ვესსელინა ვალკანოვა და პროფესორი სვეტლანა სტანკოვა, ასევე ვროცლავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი არკადიუს ლევიცკი და პროფესორი კატარზინა კონარსკა, რომლებმაც გარდა იმისა, რომ წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები, ამავე დროს დაიგეგმა ფაკულტეტებს შორის შემდგომი კვლევითი და სასწავლო თანამშრომლობა როგოც უნივერსიტეტების დონეზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში როგორც პროფესორ-მასწავლებელთათვის, ასევე სტუდენტებისთვის.

მნიშვნელოვანი გახლდათ კორპუსლინგვისტიკისა და თარგმანის სექციის მუშაობა, რომლის ფარგლებში გაიმართა პანელური სესია, სადაც განხილული იქნა ბათუმის უნივერსიტეტში თარგმანმცოდნეობის უცხოენოვანი პროგრამის შემუშავების პროცესი და მისი მნიშვნელობა როგორც უნივერსიტეტის, ასევე რეგიონისთვისაც.

_ ქალბატონო მარინა, რა არის ტრადიციადქცეული საერთაშორისო ფორუმის მიზანი?

_ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში საზოგადოებისათვის აქტუალური გახდა ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად მიღება, ამასთანავე მნიშვნელოვანია ინფორმაციის სიზუსტე და მართებულობა, სულ უფრო მეტად აქტიურდება ციფრული მედიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ტრადიციული მეცნიერების დიგიტალიზაციის და კულტურათა დიალოგის პრობლემები. სწორედ მათი აქტუალიზება, კვლევების თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოჩენა, ევროპული და ამერიკული გამოცდილების გაზიარება გახლავთ ტრადიციად ქცეული სამეცნიერო კონფერენციის „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ მთავარი მიზანი.

 

საბოლოოდ კი შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მოსალოდნელი შედეგები, რომლებიც საკონფერენციო განაცხადში გვქონდა წარმოდგენილი, მიღწეულია. კერძოდ:

კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა ბევრ აქტუალურ საკითხზე, რითაც გამოიკვეთა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკისა და თარგმანცმოდნეობის განვითარების აქტუალობა, განვითარების პერსპექტივები და დაისახა კონფერენციაში მონაწილე პარტნიორ უნივერსიტეტთა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად მათ შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში, კონფერენციის შრომათა კრებული საერთაშორისო openjournals.ge სამეცნიერო ბაზაში რეგისტრირდა და თითოეული სტატიას უნიკალური DOI კოდის მიენიჭა, რითაც გაიზარდა კონფერენციის ცნობადობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. კონფერენცია გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონის სამეცნიერო და კულტურული პოტენციალის პოზიციონირებისათვის, ამავე დროს თანამშრომლობითი კავშირები დამყარდა ქართულ უნივერსიტეტებს შორის, რაც დღევანდელი ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სექციებში წაკითხული მოხსენებები გამოირჩეოდა მაღალი სამეცნიერო დონით, რაც აღნიშნეს კიდეც კონფერენციის მონაწილეებმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა