ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვეს. დოქტორანტებმა ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის მიიღეს. ახალბედა მეცნიერები ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და რექტორის მოადგილემ - ანზორ ბერიძემ სიგელებით დააჯილდოვეს.
მკვლევრების ინტერესის სფეროები არაერთი მიმართულებით იკვეთება. ნონა სურმანიძე ,,ფშატის (Elaesgnus umbrellata) ნაყოფებისა და ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქრომატოგრაფიულ კვლევას“ სამეცნიერო ხელმძღვანელ მაია ვანაძესთან ერთად ჩაატარებს. ,,ტყემლის ველური და კულტურული ჯიშებისა და მისგან წარმოებული პროდუქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს“ დოქტორანტი ჯეირან ფუტკარაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელ ალეკო კალანდიასთან ერთად იკვლევს. ნონა აბაშიძე ,,დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლის ბოტანიკური წარმოშობის დასადგენად თაფლის მტვრიანობის, ბიოაქტიური ნაერთებისა და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევით” შედეგებს სამეცნიერო ხელმძღვანელ ინდირა ჯაფარიძესთან ერთად შემოგვთავაზებს. ახალგაზრდა მკვლევარი თამაზ დარჩიძე, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელები ამირან კახიძე და შოთა მამულაძე არიან, კვლევას -,,ბიზანტია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახ.წ. IV-VII საუკუნეებში-არქეოლოგიური ძეგლები“ აწარმოებს. ანდრია როგავა კი კვლევას სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ,,ელინისტური და რომაული პერიოდის კოლხური ამფორების ტექნოლოგია და წარმომავლობა ზღვისპირა აჭარის რეგიონში: არქეომეტრიულ კვლევა“ ჩაატარებს. ახალგაზრდა მეცნიერი მარინა მჟავანაძე ,,ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანების კორპუსლინგვისტური ანალიზი” _ სამეცნიერო პროექტს განახორციელებს ბსუ-ს პროფესორ რამაზ ხალვაშთან და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილთან ერთად.
გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ ამჯერად დოქტორანტ ჯეირან ფუტკარაძეს ესაუბრება, რომელიც ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილებაში უფროს ქიმიკოსად მუშაობს. ის ასევე ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგია.
_ ჯეირან, გვესაუბრეთ, როგორ მოიპოვეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი?
_ მიმდინარე წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსზე სულ 196 საპროექტო განაცხადი იყო. გამარჯვებულები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოვლინდა. დასაფინანსებლად 98 პროექტი შეირჩა. მათ შორისაა ჩემი პროექტი ,,ტყემლის ველური და კულტურული ჯიშებისა და მისგან წარმოებული პროდუქტების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები“, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეა.
_ რა არის პროექტის მიზნები და ამოცანები?
_ პროექტის მიზანია საქართველოში გავრცელებული ტყემლის ველური ფორმების და კულტურული ჯიშების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ფენოლური ნაერთების, ეთერზეთების, კურკის ლიპოიდური ნაერთების და სხვა) შესწავლა, ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება, უნივერსიტეტის სტუდენტ-მკვლევართა ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდა. რეგიონის სასოფლო-სამეურნეო და წარმოების ამ სეგმენტის კონკურენტუნარიანობის და რენტაბელურობის გაზრდისათვის ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და როგორც შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების გაზრდა.
ნედლეულისა და გადამუშავების ნარჩენების ვალორიზაციის და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესუსტების მიზნით ციკლური ეკონომიკის პრინციპების გამოყენებაზე დაფუძნებული სუბსტანციების და პრეპარატების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება; ბიოაქტიური ნაერთების მხოლოდ „მწვანე“ ექსტრაგენტების ციკლურ გამოყენებაზე დაფუძვნებული- სუპერკრიტიკული ფლუიდური (supercritical fluide extraction-SFE), ულტრაბგერითი (Ultrasonic Extraction -USE), სუბკრიტიკული წნევისა და ტემპერატურის წყლით (Subcritical pressure and temperature Water Extraction-SWE) ექსტრაქციის ულტრაფილტრაციის, სორბციის, დესორბციის, დიალიზის და სხვა მეთოდების პარამეტრების ოპტიმიზაცია; ნედლეულისა და მიღებული პრეპარატების შესწავლა UPLC-PDA-MS, HPLC, GC მეთოდების გამოყენებით; ბიოლოგიურად აქტიური ინდივიდუალური ნაერთების იდენტიფიცირება NMR-ის გამოყენება) და რაოდენობრივი შემცველობის შესწავლა; მათი ბიოაქტიურობის სკრინინგი (ანტიოქსიდანტურობა, ანტიმიკოლოგიური აქტიურობა, ანტიბაქტერიული აქტიურობა) და გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; პრეპარატების სტანდარტიზაცია და კვლევის მეთოდების ვალიდაცია; ამ სფეროში კვლევითი სამუშაოების ხარისხის ამაღლება კვლევის არეალის და ინტერდისციპლინარობის გაზრდით. კვლევის შედეგების გავრცელება სამეცნიერო კონფერენციების მეშვეობით და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში (სულ მცირე 2 სტატია Scopus impact-factor min 0.5 ჟურნალებში). მიღებული შედეგების გამოყენება წარმოების ამ მიმართულებისგან მეტი სარგებელის მისაღებად. პროექტის საბოლოო მიზნის მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: მონაცემთა ბაზის შექმნა, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევის თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური მეთოდების ადაპტირება, ნედლეულისა და გადამუშავების ანარჩენების (მეორადი ნედლეული) ბიოაქტიური ნაერთების შესწავლა, ნედლეულისა და გადამუშავების ანარჩენებისათვის (მეორადი ნედლეული) გადამუშავების ტექნოლოგიური რეჟიმების ოპტიმიზაცია, მიღებული ექსტრაქტების და პრეპარატების ბიოლოგიური აქტიურობის სკრინინგი და გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა, მიღებული ექსტრაქტების და პრეპარატების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი შემცველობის დადგენა, სტანდარტიზაცია და კვლევის მეთოდების ვალიდაცია.
_ რატომ დაინტერესდით მოცემული მცენარის ნაყოფის ქიმიური შემადგენლობის კვლევით?
_ საქართველოს სინამდვილეში პირველად იქნება შესწავლილი ტყემლის ნაყოფის სრული ქიმიური შედგენილობა (სისტემური კვლევა ქრომატოგრაფირებით-HPLC-UV, Vis, RI, UPLC-MS,PDA GC, სპექტრალური ანალიზი, ICP-OES Spectrometer, ბმრსპექტრომეტრიის (NMR) ინფრაწითელი სხივით ანალიზი და კვლევის კლასიკური ფიზიკო-ქიმიური მეთოდებით) ტყემლის ბიოაქტიური ნაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობა. შესაძლებელი გახდება ნაყოფის კომპლექსური გადამუშავების და გადამუშავების ნარჩენების ვალორიზაციის და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესუსტების მიზნით ციკლური ეკონომიკის პრინციპების გამოყენებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება.
შესწავლილია ნაყოფის ტრადიციული ტექნოლოგიით გადამუშავებისას მიღებული პროდუქტების ბიოაქტიური ნაერთების შედგენილობა და მათი ბიოლოგიური აქტიურობა. შერჩეულია ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიოაქტიური ნაერთების მაქსიმალურადშენარჩუნებას. წარმოების ანარჩენების ვალორიზაციის მეთოდები საშუალება მისცემს მეწარმეებს აწარმოონ ბაზარზე მოთხოვნადი ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტები და პრეპარატები.
_ ჯეირან, რამდენად დიდია სტუდენტების დაინტერესება მსგავსი კვლევებით?
_ რა თქმა უნდა დაინტერესება არის სტუდენტების მხრიდან. არანაირი შეზღუდვა არ აქვთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდონ. პირიქით, იდეების განხორციელებაში ხელსაც შევუწყობთ კიდეც.
_სამომავლოდ, ახალბედა მკვლევრებმა საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, რა უნდა გაითვალისწინონ?
_ პირველ რიგში სწორად დაგეგმვაა მნიშვნელოვანი, თუ რის მიღწევა გსურს... შემდგომ აუცილებლად მნიშვნელოვანია გაეცნონ უცხოურ ლიტერატურას, სადაც თანამედროვე მეთოდებითა და ხელსაწყოებით ტარდება კვლევები და შეადარონ აქ არსებულს. შემდგომ ამ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დაწერონ პროექტები, რათა ბევრი თანამედროვე ხელსაწყო თუ აპარატურის შევიძინოთ. ეს კი ხელს შეუწყობს თავიანთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნონ მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს საერთაშორისო სარბიელზე წარმოაჩენს.
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს წარმატებულ დოქტორანტებს ეტაპობრივად გააცნობს.
უკან |