გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ლიტერატურა ადამიანებზე დგას“

სურათი

დიანა ნაკაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი, ბათუმში გამართული ოდესის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. ახალგაზრდა პოეტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ამბებზე დგას... „მნიშვნელოვანია არამხოლოდ მზის სინათლეზე გამოტანილი ტექსტები, არამედ ტექსტებს მიღმა ავტორები, რუდუნებით დამალული ამბები. ეს ამბები კი ხმოვანიცაა და დუმილიც სჩვევია. ფესტივალი იმდენად იყო დუმილისშემცველი, რამდენადაც ძალიან ხმოვანი და მრავლისმთქმელი“, _ ამბობს დიანა.

_ დავიბადე ნათესების უზღვოობაში, ხეებში წყალი რომ ჩადგა. გაზაფხული მე მოვიყვანე, მე გამოვამზეურე. ამ ადგილს მაწყვალთა ჰქვია, შუახევშია. შემდეგ ნამდვილ ზღვასთან გადმოვცხოვრდი _ ბათუმში. ვსწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იმ ზღვარზე,  სადაც ადამიანი მუდვიმად ცდილობს ერთმანეთისაგან გაარჩიოს ნამდვილი და მოჩვენებითი, მე დაუსრულებლად ვეძიები. ფორმის ძიებამ მიმიყვანა წერამდე, შემდეგ სიტყვების ხატვა იყო. შიგადაშიგ ფოტო ამბების გადაღება მიყვარს. ერთხელ, ფილმის გადაღებაც ვცადე, თუმცა ეს „ერთხელ“ არასაკმარისი აღმოჩნდა...

ახლაც ვეძებ და ვეძებ, ბევრი რამ მინდა გავხადო ახლობელი...

_ დიანა, როგორ აღმოჩნდით ფესტივალში ჩართული?

ძიების პროცესია ის,რაც თავს ცოცხლად მაგრძნობინებს. წერის პროცესს ხან საით მივყავარ და ხან საით. ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა რაღაც ახალი, რაც ყველაფერს სხვანაირს და სხვანაირად დამანახვებდა. სწორედ ამ დროს, ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურლ ფესტივალში ჩართვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა _ მარი კორინთელმა შემომთავაზა და მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

_ რას გვეტყვით ზოგადად ფესტივალის შესახებ?

_ ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემატიკა გახლდათ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე. ამ ფესტივალის საშუალებით კი  კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდო შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ფესტივალის პროგრამა ითავლისწინებდა მთარგმნელობით მასტერკლასებსა და დისკუსიებს, ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს.

_ ლიტერატურა ერებს აახლოებს... რას გვეტყვით თქვენ, როგორც ნორჩი შემოქმედი, ამ ხიდის შესახებ?

_ როცა ფესტივალის მთავარი პოსტერი ვნახე, ჩემი ყურადღება ორი სიტყვისკენ მივმართე - ,,Literature Connects”.

მსურს, მიშელ უელბეკისა და ბერნარ ანრი ლევის მიმოწერიდან ერთი ფრაგმენტი გავიხსენო - ,,ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს: რა გამოარჩევს ადამიანს, რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი: რასაც ის წარმოაჩენს, მზის სინათლეზე გამოაქვს თუ რასაც რუდუნებით მალავს? ის, რასაც ის ახმოვანებს, თუ ის, რაზედაც ის დუმს?” მართალია, ისინი ჭადრაკზე საუბრობენ, თუმცა ეს კითხვა, რომელსაც სიტყვა-სიტყვით ვციტირებ აქვე, უნივერსალურია.

მოცემული შეკითხვები თითქოს ლიტერატურის მთავარ იდეასაც ახმოვანებს, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ მზის სინათლეზე გამოტანილი ტექსტები, არამედ ტექსტებს მიღმა ავტორები, რუდუნებით დამალული ამბები. ეს ამბები კი ხმოვანიცაა და დუმილიც სჩვევია. ფესტივალი იმდენად იყო დუმილისშემცველი, რამდენადაც ძალიან ხმოვანი და მრავლისმთქმელი. ...და მართლაც, ეს იყო ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რაოდენ აახლოვებს ლიტერატურა ადამიანებს, მეტიც - ლიტერატურა ადამიანებზე დგას. 

_ დიანა და პოეზია...

_ ყველაფერი ხომ ამბებზე დგას. ერთი შეხედვით, არაფერია გასაოცარი. ჩემი ამბები არასდროს ყოფილა ხმაურიანი _  ჩუმი იყო, ყურის დაგდებას მოითხოვდა. კონფუცი ამბობდა, ქმნადობა ჩუმიაო, ალბათ ამიტომაც დაიბადნენ ჩემი ლექსები სრულ სიჩუმეში. ხმაური არასდროს მყვარებია. სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ძალას, თითქოს საპირისპიროსკენ მიემართება.

...მაინც, ყურის დაგდებით დაიწყო ყველაფერი. ასე დავმეგრობრდით მე და ამბები, მე და სამყარო, მე და პოეზია.

_ დიანა, გთხოვთ, მკითხველს წარუდგინეთ თქვენი შემოქმედების ის ნაწილი, რომელიც ფესტივალზე წარადგინეთ...

ფესტივალზე ჩემი რამდენიმე ლექსი იყო წარმოდგენილი. გიზიარებთ ნაწყვეტს ერთ-ერთი ლექსიდან:

„- ,

რა ვრცელია ეს უდაბნო, ეს ქვეყანა.

თითო-ოროლა სიმწვანეც რომ არ ამოეზრდება.

მუდამ დღე ქვიშაში ქმნი ადამიანს,

იმიტომაცაა ასეთი გამომშრალი, უნაყოფო.

აბა სიმწვანე იყოს-

გაშლილი ველები...

მოწყალების წვიმას მოითხოვდა,

ქარისგან ტუჩები აღარ დაუსკდებოდა.

ადამიანი სიმწვანეზე იდგებოდა,

როგორც მარცვალი გასაღვივებელ სამომსში გამოწყობილი.

 

მან უკეთ იცის ჩიტების ბინა,

ვინც ჩიტებს იჭერს.

ქვიშის მთებს შორის სირბილი თვალთმაქცობაა.

იქ არ არის სურნელოვანი ხეები,

სადაც ჩიტები განისვენებენ,

სადაც ჩიტებს დარაჯობენ,

სადაც სტვენა აკრძალულია.

 

ასეა, ჩრდილში მოითქვამ სულს,

უამისოდ სვლა გაგიჭირდება.

ქურდბაცაცაა ადამიანი სევდა რომ მოუჭერს ყელში და სანამ არ ჩამოჯდება,

ყულფიდან თავს ვერ გამოაძვრენს.

მანამ შეეშინდება უდაბნოსი-

ცხელის და ვრცელის.

 

დილით ჩაცმული თეთრი პერანგივით გაშავდება ადამიანი,

სანამ ამ უდაბნოში ივლის.

ძილი ერთგვარი ჩამოჯდომაა,

როცა გორაკებს გადალახავ,

მაშინ ამოვა ადამიანი“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა