გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რესპონდენტი 70 წლის ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ვლადიმერ ბალაძე გახლავთ. ბავშვობის წლები მშობლიურ გეგელიძეებს უკავშირდება. ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლას თბილის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს... 70 წლის მეცნიერი ამბობს, რომ მშობლიური სოფელი მისთვის ყველაზე დიდი საფიცარია და დროის დიდ ნაწილსაც იქ ატარებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ვლადიმერ ბალაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა. ღვაწლმოსილ მეცნიერს, ქართული მათემატიკური სკოლის დამსახურებულ წევრს და გეომეტრიული ტიპოლოგიის ცნობილ მკვლევარს, დაბადების დღე მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. ცნობილ მათემატიკოსს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. იუბილეს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იუბილარის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ვლადიმერ ბალაძის მთავარ სამეცნიერო მიღწევად ითვლება საქართველოში გეომეტრიული ტოპოლოგიის განვითარება, ბათუმში კი ამ სახეობის სკოლის შექმნა. მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარს ,,ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა (კო) შეიპური კლასიფიკაციები და მათი ალგებრული და განზომილებისნაირი ინვარინტები“.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ტოპოლოგიაში 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია. განსაკუთრებულია მისი როლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოპოლოგიის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია დისერტაციები. გახლავთ რამდენიმე მათემატიკური ფორუმის ორგანიზატორი.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აკადემიურ დარგში რექტორის მოადგილედ, ხოლო 2006-2007 წლებში რექტორად, 2008 წლიდან დღემდე მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ბატონი ვლადიმერისა და მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით, მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად.
_ სოფელ გეგელიძეებში 8-წლიანი სკოლა დავამთავრე. ვიყავი წარჩინებული მოსწავლე. საშუალო განათლება ცხმორისის, ახლანდელი ახოს N 1 სკოლაში მივიღე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. თანასოფლელია პროფესორი აკაკი დუმბაძე, ასევე ვახტანგ კეკელიძე. ისინი ფაქტობრივად, ჩემი წინამორბედები იყვნენ, ორივე ცნობილი მათემატიკოსია.
ამაგს ვერ დავუკარგავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორებს, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კათედრის გამგეს, დეკანს, თითოეულ ლექტორს. ისინი ჩვენში იმ მარცვალს ხედავდნენ, რომელიც გაღვივებას, გაზრდას და ნაყოფის მიღებას საჭიროებდა. წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქართული მათემატიკური სკოლის კორიფეების სტუდენტი. ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი საკუთარი შვილივით მპატრონობდა, უნივერსიტეტმა ალგებრა-გეომეტრიის მიმართულებით დიდი ცოდნა მომცა. აქ ჩამოვყალიბდი მათემატიკოსად. შემდეგ გავხდი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. აქ გავიარე სრული კურსი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორის მისამართით. ჩემი საკანდიდატო დისერტაციის ,,სივრცეთა და კომპლექსთა გამოყოფილი კლასებზე დაფუძნებული განზომილების ინვარიანტები“ _ ხელმძღვანელები იყვნენ აკადემიკოსები გიორგი ჭოღოშვილი და პროფესორი ლაზარე ზამბახიძე. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავბრუნდი სამუშაოდ. ვიყავი ლაბორანტი, ასისტენტი, მომენიჭა დოცენტის წოდება, გავხდი პროფესორი.
_ ვიცით, რომ არაერთ სალექციო კურსს უძღვებით...
_ დიახ, ტოპოლოგიაში, ალგებრაში, ანალიზურ გეომეტრიაში. ვფიქრობ, ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება ტოპოლოგიის კურსის წაკითხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე, რომელიც მიჰყავდა საქართველოში ტოპოლოგიის სკოლის დამფუძნებელს, აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილს. შემდგომში მისი თხოვნით და პრინციპული მიდგომით, მომცეს საშუალება ეს კურსი გამეგრძელებინა. უნდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში ჩემს ლაბორანტად დანიშნვას ხელი მოაწერა საყოველთაოდ ცნობილმა მეცნიერმა, ღირსეულმა ქართველმა, ყველასათვის საყვარელმა პიროვნებამ, აკადემიკოსმა ილია ვეკუამ.
თბილისის უნივერსიტეტის პარალელურად, საქმიანობა დავიწყე ბათუმის უნივერსიტეტში. დიდი სურვილი მქონდა, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ბათუმში მეკეთებინა. ჩემი ხელდასმით აქ აღიზარდა მათემატიკოსთა მთელი პლეადა. ისინი დიდ როლს ასრულებენ უნივერსიტეტის ცხოვრებაში, ქართული მათემატიკური სკოლის წარმატებებში.
_ როგორ ფიქრობთ, გრძელდება გეომეტრიული ტიპოლოგიის განვითარება საქართველოში?
_ რა თქმა უნდა, გრძელდება. ჩვენ მრავალი ნიჭიერი და პერსპექტიული მათემატიკოსი გვყავს. ნაწილი წარმატებით საქმიანობს უცხოეთში, მრავალიც -მშობლიურ ქვეყანაში. ისინი წარმატებით აგრძელებენ აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის დაწყებულ საქმეს. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობაც ამის დასტურია. შევეცადე, რომ აჭარაში, კერძოდ ბათუმში, შემექმნა სამეცნიერო სკოლა, რომელიც უზრუნველყოფდა ტოპოლოგიის განვითარებას. გვყავს მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი.
_ რას ურჩევთ ახალბედა კოლეგებს?
_ ჩემს ახალბედა კოლეგებს ვურჩევ აქტიურ სამეცნიერო მუშაობას. დიდი შრომის შედეგად იქმნება საინტერესო სამეცნიერო მიღწევები და ვითარდება მათემატიკური თეორიები. ასე ვიყავი მეც. აქტიურმა სამეცნიერო საქმიანობამ და დოქტორანტებთან მუშაობამ მოიტანა წარმატებები.
_ პროფესორ ლადო ბალაძის ერთი დღე...
_ ყოველ დღე ვეცნობი ახალ ლიტერატურას. საინტერესო ამოცანებს ვაცნობ ჩემს დოქტორანტებს.
მშობლიური გეგელიძეები ჩემთვის ყველაზე დიდი საფიცარია. ვცდილობ, ძირითადი დრო იქ გავატარო. რა თქმა უნდა, აკადმიურ სფეროს და ჩემს უნივერსიტეტს არ ჩამოვშორებულვარ, მაგრამ სამეცნიერო საქმიანობას იქ ვაგრძელებ, ჩუმად, მყუდროდ, მამაპაპისეულ გარემოში...
უკან |