გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„როლანდ მასწავლებლისთვის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი როლანდ შავაძე მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა პედაგოგი, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ინგლისურ ენას ასწავლის, მიიჩნევს, რომ სოფელში სწორედ სკოლაა მოსწავლის სოციალიზაციის ერთადერთი საშუალება. „მასწავლებელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა არ ჩამორჩეს თანამედროვეობას. უნდა შეეძლოს იმის აღიარება, რაც არ იცის“, _ ამბობს როლანდ მასწავლებელი.

_ 2015 წელს დავასრულე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ამავე წლიდან დავიწყე მაღალმთიან აჭარაში პედაგოგიური საქმიანობა. 2018 წლიდან ინგლისური ენის მასწავლებლად  ვმუშაობ  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში, რომელიც ჩემი მშობლიური სკოლაა. ამავდროულად ვარ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ლინგვისტიკის მიმართულებით.

მუდმივად ვცდილობ პროფესიულ განვითარებას. აქტიურად ვარ ჩართული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში. 2017 წელს, როგორც ბსუ-ს მაგისტრანტი, Erasmus+ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი ბულგარეთში. Erasmus-ის ფარგლებში, პროფესიულ განვითარების კუთხით,  ვიმყოფებოდი ინგლისსა და ისრაელში.

_ როგორ აღმოჩნდით მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსში?

_ კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი. შეიძლება წარგადგინოს სკოლამ, კოლეგამ, მოსწავლემ და ა.შ. ჩემს შემთხვევაში  კი, წინა წლის კონკურსის ათეულის წევრმა წარმადგინა. 

_ თქვენ აჭარის მაღალმთიანეთში ინგლისურ ენას ასწავლით. თავადაც მთის შვილი ხართროგორია მასწავლებლისა და მოსწავლის ერთი ჩვეულებრივი დღე?

_ მაღალმთიანი  რეგიონების სკოლები მოსწავლეების სოციალიზაციის ერთადერთი საშუალებაა. ჩემი დაკვირვებით, ჩემი მოსწავლეობის პერიოდისაგან განსხავებით, დღევანდელი მოსწავლეები უფრო გაბედულები და გონიერები არიან. იქედან გამომდინარე, რომ სოფელში თავისუფალი დროის გატარების ბევრი არჩევანი არ არის, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ხშირად მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ვთამაშობთ სპორტულ თამაშებს.  უფრო ხშირად, ფრენბურთს ვთამაშობთ ხოლმე.

_ როგორ ფიქრობთ, მაღალმთიანეთში, განათლებასთან დაკავშირებით, ძირითადად რა პრობლემები დგას დღის წესრიგში?

_ მოსაწესრიგებელია სასკოლო ინფრასტრუქტურა. სკოლების უმრავლესობა სრულ დემონტაჟს ან საფუძვლიან რეაბილიტაციას ექვემდებარება. სოფლებიდან ქალაქში მოსახლეობის გადმოსახლების ტენდენცია ისევ მზარდია, რაც ბევრ სკოლებს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს.

_ რაში მდგომარეობს როლანდ შავაძის, როგორც პედაგოგის ინდივიდუალური ხელოვნება?

_ ნებისმიერი ადამიანის პატივისცემა რომ დაიმსახურო, მასთან ახლოს უნდა იყო. ერთმანეთის კარგად უნდა გესმოდეს.  სკოლაში და სკოლის მიღმა მაქვს ძალიან უშუალო ურთიერთობები მოსწავლეებთან. არასოდეს მოვიაზრებ, რომ მათი სურვილების მიხედვით ჩემი ქცევა დააკნინებს ჩემს სტატუსს. შესაბამისად, ხშირად შეიძლება დამინახოთ ისეთ ფორმაში, რომ გაგვიჭირდეს გარჩევა რომელი ვართ მასწავლებელი და რომელი მოსწავლე.

_ როგორ ფიქრობთ, რით გამოგარჩიათ ჟიურიმ?

_ ვფიქრობ, გაითვალისწინეს არამარტო სასკოლო კონტექსტში ჩემი პრაქტიკა, ასევე თემში ჩემი აქტიურობა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო  დონეზე ჩემი კონტაქტები გამოვიყენო ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის. ეს შეიძლება იყოს შემეცნებითი სახის ღონისძიებების ორგანიზება თუ დონორი ორგანიზაციების მეშვეობით  სტუდენტებისთვის დახმარება... 

_ რამდენად აქვთ ახალგაზრდებს მაღალმთიანეთში უცხო ენის სწავლის საშუალება ისე, რომ კონკურენტუნარიან გარემოში დაიმკვიდრონ თავი?

_ სამინისტროს სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამა აქვს კვალიფიკაციური კადრების რეგიონების სკოლებში მივლინებისთვის. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამ პროგრამებმა სიტუაცია პოზიტიურად შეცვალა. უკვე ბევრი კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა გვყავს მაღალმთიანი რაიონებიდან.

_ რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში 5 ოქტომბრიდან?

_ მაქსიმალურად შევეცდები გამოვიყენო ის ახალი შესაძლებლობები, რაც ამ პროექტმა  მომცა. ვფიქრობ,  უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა ჩვენი ახალგაზრდების განვითარებას შევუწყო ხელი.

_ როლანდ მასწავლებელი საკლასო ოთახში...

_ როლანდ მასწავლებლისთვის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, ამიტომ მის საგაკვეთილო პროცესში ყველაფრის უფლება აქვს მოსწავლეს, თუ ის არ შეუშლის ხელს სხვებს.

_ როგორი უნდა იყოს მომავლის პედაგოგი?

_ განვითარებაზე ორიენტირებული. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა არ ჩამორჩეს თანამედროვეობას. უნდა შეეძლოს აღიარება იმისა, რაც არ იცის  და შემდეგში აუცილებლად შეივსოს ეს ცოდნა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მას აბარია სხვების მომავალი. აქედან გამომდინარე, მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი შეგრძნება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა