გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს თითოეულ სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელს, ადმინისტრაციულ პერსონალს. გისურვებთ წარმატებებს. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება მორიგი გამოწვევაა, მით უფრო მაშინ, როცა საქმე თაობებს ეხება. ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ.
19 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტებს ფართო სააუდიტორიო სივრცეში, ფაკულტეტების მიხედვით, მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ფაკულტეტის დეკანები და სხვა პირები.
სამი წლის შემდეგ, სწორედ სწავლის დაწყების და ცოცხალი ურთიერთობების სექტემბრის მონატრებისფერი ფონად ედო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს. „გილოცავთ“, „დავბრუნდით“, „წარმატებები“, „ახალი გეგმები გვაქვს“, „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“, „მომენატრეთ“, „ფეისბუქიდან კი გხედავდი“, „ამ სასწავლო წელზე დიდ იმედებს ვამყარებ“ _ და ა.შ. _ დღეს სტუდენტურ დიალოგებში მსგავს შინაარსის გადაძახილს მოჰკრავდით ყურს. ემოცია დიდია, აუდიტორიის მონატრება უდიდესი, სტუდენტების გეგმები _ უსაზღვრო.
რიჩარდ ფუტკარაძე ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ ეს დღე მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია და დღეიდან „ოფიციალურად“ სტუდენტია: „დღეიდან ახალი სტატუსი მაქვს, სტუდენტი ვარ. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობასაც მმატებს. ვულოცავ ყველა პირველკურსელს და მაღალი კურსის სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყებას. გავიცნობთ ალბათ მალე ლექტორებს და სწავლასაც შევუდგებით“, _ ამბობს მომავალი ეკოლოგი.
ლუკა დოლიძე ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაირიცხა. მისთვისაც სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულ მოლოდინებს უკავშირდება: „სკოლა სამი წლის წინ დავასრულე, ჯარში ვიმსახურე და სტუდენტობა შემდეგ გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, იმ წლებს არ ვნანობ. ვფიქრობ, რომ სპეციალობა და უნივერსიტეტი უფრო გააზრებულად ავირჩიე. საინტერესო გეგმები მაქვს, რაც ცხადია, ბიზნესს უკავშირდება“, _ გვიმხელს ლუკა.
პირველკურსელები 502-ე აუდიტორიას 31-ე აუდიტორიასთან ეძებენ; ეძებენ ცხრილს, ლექტორს, თანაკურსელს, მათიანს... ესეც პირველკურსელთა სტუდენტური ცხოვრების დასაწყისის ტრადიციული ნაწილია.
ჟრიამული სიჩუმემ ჩაანაცვლა, აუდიტორიებში ლექცია მიმდინარებს... „სანამ აუდიტორიას მივაგენით, დავაგვიანებთ“, _ ეუბნება სტუდენტი გოგონა თანატოლს. „მივეჩვევით, მომდევნო კვირიდან მაინც მივეჩვევით“...
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო...
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა.
უკან |