19 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი იწყება. პანდემიის შემდეგ პირველად, სწავლა სააუდიტორიო სივრცეში იწყება. ფაკულტეტები ძველ თაობასთან ერთად პირველკურსელებს ელოდებიან.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი სრულად დაკომპლექტდა. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ლელა თურმანიძეს ესაუბრება.
_ ქალბატონო ლელა, ახალი სასწავლო წელი სააუდიტორიო ფორმატით უნივერსიტეტის შენობაში მალე დაიწყება. რა სიახლეებით ხვდება ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი სტუდენტებს?
_ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროგრამების დიდი ნაწილი ახალ აკრედიტირებულია და შესაბამისად, სიახლეებიც ეს არის. განახლებულია სილაბუსებით გათვალისიწინებული ლიტერატურა, სასწავლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, სირთულეებიც გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. მაგალითად, მათემატიკის პროგრამაზე მისაღები 25 ადგილი იყო და სრულად შეივსო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4-5 წელია მათემატიკის პროგრამაზე მოთხოვნა გაზრდილია. საკმაოდ მოთხოვნადია კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. ფიზიკის სპეციალობაზე აბიტურიენტები ნაკლებია, მაგრამ წელს ათი ადგილიდან ექვსი შეივსო და ვფიქრობ, რომ კარგი მაჩვენებელია. ზოგადად, ასეთი სპეციალობები, როგორიცაა ქიმია და ფიზიკა, სპეციფიკურია და მათი დაკომპლექტება რთულია. აღნიშნული სპეციალობები ფუნდამენტურ სწავლას მოითხოვს. თუკი ახალგაზრდამ კარგად იცის მათემატიკა, მას ურჩევნია გამოყენებითი დარგები აირჩიოს. ფიზიკის პროგრამას როცა ამთავრებს სტუდენტი, უკვე კურსდამთავრებული სკოლაში პედაგოგად აღარ მიდის. ის გადამზადების შედეგად დასაქმების სფეროს სხვაგან ირჩევს. სამწუხაროდ, ეს ტენდენციაა საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც. უცხოეთში, პროექტის ფარგლებში, არაერთხელ მისაუბრია აღნიშნულ პრობლემაზე. ერთი მხრივ, სამუშაო კიდევ გვაქვს, რომ აბიტურიენტებთან სკოლაშივე მივიტანოთ ინფორმაცია არსებული პროგრამების შესახებ და აღნიშნული პროფესიების პერსპექტივაზე ბევრი ვესაუბროთ. ამაზე მუშაობს ჩვენი შესაბამისი პერსონალი. თუმცა ისიც, უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი, მით უფრო მოიმატა მოთხოვნა აღნიშნულ პროფესიებზე.
რაც შეეხება განათლების მიმართულებას, აქ ვახორციელებთ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას, სადაც სტუდენტთა დიდი ნაკადია მოსული. 80 ადგილი სრულადაა დაკომპლექტებული. მიმდინარე წელს, მაგისტრანტები ნაშრომებზე იმუშავებენ. ბუნებრივია, მათ მოუწევთ იმ პრობლემური საკითხების კვლევა, რაც დღეს სკოლებშია. განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების მაპროფილებელი საგნებია მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა და ბუნებისმეტყველება. ვფიქრობ, რომ დღეს სკოლაში სწავლების მეთოდიკის პრობლემის შესწავლა შენელებულია, ამიტომ პროფესორ-მასწავლებლებმა სკოლებში სწავლების მეთოდიკის პრობლემური საკითხები სტუდენტებთან ერთად უნდა წამოვწიოთ და სიღრმისეულად ვიკვლიოთ.
_ თქვენს ფაკულტეტზე რამდენი გრანტის მფლობელი სტუდენტი ჩაირიცხა?
_ ჩვენს ფაკულტეტზე ჩარიცხულთა შორის, 5 სტუდენტი გრანტის მფლობელია, მათ შორის 70%-იანი გრანტით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ჩვენს ფაკულტეტს პროგრამების დიდი ნაწილი დაფინანსებულია. მათემატიკა, ფიზიკა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ფაკულტეტზე განათლების მიმართულებით სიახლეა ისიც, რომ იუნისეფმა ბავშვთა უფლებების ცენტრი გახსნა. ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლები სამომავლოდ, პროექტების ფარგლებში, პედაგოგებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს საჭირო ტრენინგებს ინტეგრირებულად ჩაუტარებენ.
რაც შეეხება კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებას, ერასმუსის პროექტის ფარგლებში გავხსენით ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებს. ასევე ვგეგმავთ ჩვენი დამსაქმებლების მოთხოვნებზე მორგებულ ტრენინგ-კურსების ჩატარებასაც. ვფიქრობ, რომ თუ არ გავითვალისწინებთ სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს, მაშინ ვერცერთი საგანმანათლებლო პროგრამა ვერ იქნება ეფექტური და ვერც საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვდებით. ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან.
_ გასული სასწავლო წელი რომ შეაჯამოთ და მოკლედ გვითხრათ, რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება?
_ გასული წლებში პანდემიის პირობებში ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, პანდემიამ საფრთხე შეუქმნა არამარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ უარყოფითი გავლენა მოახდინა განათლების ხარისხზეც. ონლაინ სწავლების დროს რთული აღმოჩნდა როგორც სტუდენტის, ასევე პროფესორ-მასწავლებლის შესაბამისი რესურსით აღჭურვა და ამ ყველაფერს ამძიმებდა დაავადებით გამოწვეული ყველა ჩვენგანის ემოციური მდგომარეობა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული უნარ-ჩვევები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გამოვიმუშავეთ და არ არის გამორიცხული, რომ ზოგ შემთხვევაში დისტანციური სწავლების თუ თანამშრომლობის მეთოდი სამომავლოდ დაინერგოს.
_ და ბოლოს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში რას უსურვებთ ბსუ-ს პირველკურსელებს და ზოგადად სტუდენტებს...
_ ყველა პირველკურსელს და ზოგადად ყველა სტუდენტს, კოლეგას ვულოცავ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ვისურვებდი, რომ სტუდენტებს გქონოდეთ სწავლის და განვითარების განწყობა. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას სამომავლოდ კარგი საფუძველი შევუქმნათ, ნამდვილად გვჭირდება კომპეტენტური კადრები და გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წლებს.
უკან |