2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სპეციალობაზე 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა. გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა როგორც საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული, ასევე სასწავლო სახელმწიფო დაფინანსების მქონე აბიტურიენტთა რიცხვი.
სანდრო კიკნაძე მომავალი იურისტია. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის. ამბობს, რომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია - უფროსი დის შემდეგ, თავადაც მამის კვალს მიუყვება.
_ ქალაქ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლაში გატარებულმა წლებმა, აქ მიღებულმა განათლებამ, პედაგოგების მხრიდან მიღებულმა მხარდაჭერამ და მათმა პროფესიონალიზმმა, დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ღვაწლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნებით, მათ შორის ისტორიით და ქართული ენით ვიყავი დაინტერესებული, ვცდილობდი, რომ თითოეული საგნისთვის თანაბარი დრო დამეთმო და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი აუცილებლობიდან გამომდინარე, ის საბაზისო ცოდნა მიმეღო, რაც ასე მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების მიღების და საჭირო უნარების განვითარებისთვის. სასკოლო პერიოდიდან გამოვარჩევდი ორ აქტივობას - პანდემიის დროს ჩემ სკოლელებთან ერთად მონაწილეობა მივიღე დებატების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დებატებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება ორატორული, კრიტიკული, წერითი უნარ-ჩვევების განვითარებაში. ასევე გამორჩეული წვლილი შეიტანა როგორც აჭარის ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ, აჭარის სკაუტური ორგანიზაციის მიერ, ორგანიზაციის დამფუძნებლის, ქალბატონ შორენა ლომაძის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ ბანაკებში განხორციელებულმა მოხალისეობრივმა აქტივობებმა, რომლის ფარგლებშიც თურქეთსა და აშშ-ში(დასავლეთ ვირჯინია) ვიმყოფებოდი. სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების, ბუნებასთან დაახლოების თვალსაზრისით, ასეთი სახის ორგანიზაციებში ახალგაზრდების გაწევრიანება უზრუნველყოფს არაფორმალური განათლების მიღებას, სხვადასხვა უნარების გამომუშავებას. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ აშშ-სა და თურქეთში ყოფნისას საკუთარი ქვეყნის წარდგენის საშუალება მომეცა. ამასთან, აღნიშნულმა ვიზიტებმა კულტურების უფრო მეტად დაახლოებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი, მე კი დიდი გამოცდილება, ცოდნა და ურთიერთობები მაჩუქა. ვიმედოვნებ, წლებთან ერთად მოიმატებს ასეთი სახის აქტივობების წვლილი მოსწავლეების ცხოვრებაში.
_ აბიტურიენტი სანდროს ერთი დღე...
_ ალბათ, აბიტურიენტისთვის ყველაზე რთული ბოლო გამოცდის დასრულების შემდეგ იმის გააზრებაა, რომ ეს ,,ყოველდღიურობა" რამდენიმე საათიანმა გამოცდებმა გადაწყვიტა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ყველა ხვდება, რომ ეს პერიოდი, ის ცოდნა რაც მიიღეს და ის მცდელობა, რომ ისინი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასულიყვნენ, ქულებზე ბევრად მეტია. ჩემი ყოველდღიურობა აბიტურიენტობის პერიოდში არაფრით იყო გამორჩეული. ყოველი დღე დაკავშირებული იყო მცდელობასთან მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და რაც შეიძლება კარგი შედეგებისთვის მიმეღწია. საბედნიეროდ, მე-12 კლასამდე გარკვეული ცოდნის დაგროვების წყალობით, გამოცდებისთვის მზადება ახალი ცოდნის მიღებასთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ უკვე მიღებულის გამეორებასა და შეჯამებასთან. ყველაზე დიდი გამოცდა, რომლის ჩაბარებაც ჩვენ მოგვიწია, ეს ემოციების კონტროლი იყო, რადგან ყველას გვქონია კრიზისული მომენტები სწავლის პერიოდში, როდესაც გვეგონა, რომ არაფერს ჰქონდა აზრი და ყველაფერი ცუდი შედეგებით დასრულდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, დამერწუმებინა საკუთარი თავი, რომ ამაში რთული არაფერია და გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ ცოდნას ყველაზე კარგად სწორედ საგამოცდო ტესტთან გამოვამჟღავნებდი.
_ რატომ ბსუ?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემ მშობლიურ ქალაქში მდებარეობს, ყოველდღიურად ვეცნობოდი ინფორმაციას, თუ როგორ ერგებოდა ის სტუდენტის მოთხოვნებს და ცდილობდა მისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღებისთვის. ბსუ ბოლო წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუ0 თრებით გამოირჩევა გაცვლითი პროგრამებით, სტუდენტებისთვის თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების უზრუნველყოფით. ბათუმში სწავლა, ყველაზე მეტად, ოჯახის მიმართ არსებულმა პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა. ბედნიერი ვიქნები ვისწავლო იქ, სადაც ახლა ყველაზე საჭირო ვარ, მით უმეტეს, ასეთი დონის უნივერსიტეტში, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ სად და რომელ უნივერსიტეტში მიიღებ განათლებას, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მჯერა, რომ მთავარია სწავლის სურვილი, მონდომება გაგაჩნდეს და მიზნების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურო.
_ რატომ სამართალმცოდნეობა?
_ იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი იურისტი იყო და ბავშვობიდანვე ეს სფერო ჩემთვის ,,უცნობი" არ არის, ოჯახისთვის სრულიად არ იყო მოულოდნელი, რომ ჩემს უფროს დასთან ერთად, მეც გადავწყვიტე გავყოლოდი მამის კვალს. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი დეტექტიური ჟანრის ფილმებით, სერიალებითა და ნაწარმოებებით, ხოლო როდესაც მათ ვეცნობოდი, ინტუიცია არასდროს მღალატობდა და მოვლენები მუდმივად ისე ვითარდებოდა, როგორც წარმომედგინა. ამ ყველაფერთან ერთად, ყველამ კარგად იცის ჩემი ინტერესი პოლიტიკისადმი, ვცდილობ ხშირად ვადევნო თვალი ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და როდესაც პროფესიონალ, წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებაზე ვფიქრობ, იმედი მეძლევა, რომ არჩეული პროფესია საშუალებას მომცემს, ღირსეულად ვემსახურო საკუთარ ქვეყანას და წვლილი შევიტანო მის ყოველდღიურ განვითარებაში.
_ სანდროს მომავალი 4 წელი...
_ როგორც ამბობენ, სტუდენტური წლები ერთ-ერთი საუკეთესოა. ვეცდები და შესაბამისად, მოლოდინიც მაქვს, რომ ეს წლები დახუნძლული იქნება უამრავი შესანიშნავი შესაძლებლობით და გამოწვევით. მსურს, რომ სტუდენტური წლები მაქსიმალურად გამოვიყენო როგორც კარიერული განვითარებისთვის, ისე ახალი და საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. მგონია, რომ სწორედ ამ პერიოდში მომიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ცხოვრების სწორად, ღირსეულად წარმართვის, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნისა და დამკვიდრებისკენ სწრაფვაში.
_ სანდრო, აწ უკვე ყოფილი წარმატებული აბიტურიენტის გადასახედიდან, რას ურჩევ მომავალ აბიტურიენტებს?
_ პირველ რიგში აბიტურიენტები უნდა დაფიქრდნენ ზუსტად რა პროფესიას გაყვნენ და ნამდვილად სურთ თუ არა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, რადგან ეს უამრავ ენერგიასთან ერთად, არანაკლებ სახსრებს და დროს მოითხოვს. ჩემი აზრით, ჩემმა თაობამ პირველ რიგში ის ქართული სტერეოტიპი უნდა დაარღვიოს, რომელიც მოითხოვს ყველა მოსწავლის უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ისინი სტუდენტები, უბრალოდ სტატუსის გამო ხდებიან. რაც შეეხება იმ პერიოდს, რომლის გავლაც მათ მოუწევთ, აბიტურიენტები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ დრო სწორად გადაანაწილონ, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ სწავლასთან ერთად განტვირთვისთვისაც გამონახონ დრო. გჯეროდეთ, ყველაფერს შეძლებთ და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ შესაძლოა დაბალი ქულა მიიღოთ, რადგან ქულა რაც არ უნდა მაქსიმალური იყოს, ის ყოველთვის იმაზე ბევრად ცოტა იქნება ვიდრე თქვენი ცოდნა და შესაძლებლობებია. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, რადგან ყველა მათგანი პატივსაცემია თუ მას გულისხმიერად და პროფესიონალურად უდგები. ყველას გისურვებთ წარმატებებს!
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს წარმატებულ პირველკურსელებს სამომავლოდაც გააცნობს.
უკან |