2022 წლის ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 29 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება. კონკურსანტები გამოცდას უცხო ენასა და სპეციალობაში ჩააბარებენ. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ თითოეულ მათგანს წარმატებებს უსურვებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კურსდამთავრებულები _ დიანა ანანიძე, მიხეილ პაპუნიძე და ნიკა დუმბაძე ფიქრისთვის დროს არ კარგავენ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა. მათი არჩევანი სწავლის მეორე საფეხურზეც ბსუ-ა.
დიანა ანანიძემ მათემატიკის სპეციალობა დაამთავრა. ამბობს, რომ ეს საგანი ბავშვობიდან უყვარს და დიდი წვლილი მისივე ოჯახს მიუძღვის. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მათემატიკის მასწავლებელი იქნებოდა: „მათემატიკის სიყვარულიც, ალბათ, გენებით მერგო. როცა ბაკალავრიატში ვაბარებდი, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის არჩევის დროს ბევრი არ მიფიქრია. თავიდანვე ვიცოდი რა უნდა მესწავლა. სწავლის დაწყების დღიდან, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბსუ-ში გატარებულმა ოთხმა წელმა ბევრი დადებითი და უარყოფითი მოგონება დამიტოვა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ვერ შევძელით სრულად საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა. თუმცა, პანდემიის პერიოდში, უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობდა, ჩვენი განათლების მიღების დონე არ დავარდნილიყო. მოკლედ რომ ვთქვა, ბსუ-ში გავატარე საინტერესო 4 წელი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. დამატებით სპეციალობად კომპიუტერული მეცნიერებები მქონდა არჩეული, სადაც ძალიან კარგი ლექტორები გვასწავლიდნენ. თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობდა საინტერესო ლექცია-პრაქტიკულების ჩატარებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მაგისტრატურაში სწავლის ამავე მიმართულებაზე გაგრძელება. არ მინდოდა სტუდენტური ცხოვრების შეწყვეტა... გარდა ამისა, ჩემი მეგობრებიც აქ აბარებენ, რამაც კიდევ უფრო გამახარა. დარწმუნებული ვარ, ეს ორი წელი ისეთივე სასიამოვნო და საინტერესო იქნება, როგორიც გასული წლები იყო“.
დიანას სამომავლო გეგმები
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა განვავითარო ჩემი სხვადასხვა შესაძლებლობა და მაქსიმალურად გამოვიყენო საკუთარი ნიჭი კარიერული წინსვლისთვის. ასევე, ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს, რასაც სამომავლოდ მეორე პროფესიად გამოვიყენებ.
არ ვიცი რა იქნება 10 ან 20 წლის შემდეგ, მაგრამ მინდა ჩემს თავს ვხედავდე წარმატებულ ადამიანად, რომელიც ეყვარება ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მოსწავლეებს. მინდა ვიყო ის პიროვნება, რომლითაც იამაყებენ ლექტორ-მასწავლებლები, რომ მე მათი აღზრდილი ვარ და რა თქმა უნდა, მოსწავლეები“.
მიხეილ პაპუნიძემ კომპიუტერული მეცნიერებები დაასრულა და მაგისტრატურაშიც ამავე მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ის უკვე სპეციალობით დასაქმებულია ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. დარწმუნებულია, რომ წინ ბევრი ახალი გამოწვევა ელოდება: „ბსუ-ში გატარებული 4 წელი საკმაო დაბრკოლებებით იყო აღსავსე. ვარ შშმ პირი და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ყოველ დღე მარტივად შევსულიყავი აუდიტორიაში და ჩვეულ რეჟიმში მიმეღო განათლება, რაზეც ნამდვილად არ შემქმნია პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო სტუდენტობის ნახევარი პერიოდი თვითიზოლაციაში გავატარე, მაინც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან ლექტორები, რომელთა დამსახურებითაც ნამდვილად უფრო წინ წავიწიე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. ვიყავი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მაქსიმალურად ვცდილობდით უფრო საინტერესო გაგვეხადა სხვა სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრება, რითაც ნამდვილად ვამაყობ. ის, რომ მაგისტრატურაში ისევ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას, აქ გატარებულმა 4-მა წელმა განაპირობა. გარდა ამისა, ჩემმა მეგობრებმაც აქ გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება, რამაც კიდე უფრო გაზარდა ჩემი სურვილი. ლექტორებთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ სასიამოვნო იქნება მათთან შემდგომი თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ახალი გამოწვევა მელოდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩემი მაგისტრანტობის პერიოდს ბსუ-ში“.
მიხეილის სამომავლო გეგმები
„სამომავლო გეგმებში პირველ რიგში შედის, რომ სამაგისტრო ნაშრომი შევასრულო მაღალ დონეზე, ასევე უფრო წარმატებული გავხდე ჩემს პროფესიაში, რასაც დიდი შრომა სჭირდება. ვიმედოვნებ, ერთ დღეს ლექტორი თავადაც გავხდები, რისთვისაც ერთი ეტაპი სწორედ მაგისტრის ხარისხის მოპოვებაა. მაქვს სხვადასხვა იდეები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებ სწავლის პარალელურად.
რთულია მომავალი წინასწარ განჭვრიტო, შეუძლებელიც კი. ვიმედოვნებ, რომ პროფესიულად ვიქნები წარმატებული და ცნობილი. ასევე მექნება უამრავი განხორციელებული პროექტი და რაც ყველაზე მთავარია, მეყოლება გუნდი, რადგან მოგეხსენებათ, პროგრამირება გულისხმობს გუნდურ მუშაობას. გარდა ამისა, ძალიან მინდა, რომ მქონდეს საკუთარი კომპანია და რაც მთავარია, მსურს, რომ მუდმივად სხვას გავუზიარო ცოდნა და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესო კომპიუტერული ტექნოლოგიებით“.
ნიკა დუმბაძემაც საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა წელს დაასრულა და სპეციალობით უკვე დასაქმებულია. ის სამშენებლო კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს. ამბობს, რომ მაგისტრატურაში ცოდნის გაღრმავების მიზნით აბარებს:
„გასულმა ოთხმა წელმა ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მოგონება დამიტოვა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო სტუდენტური ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდი. ერთი რამ უნდა ითქვას, პანდემიის პერიოდში, უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჩვენი განათლების მიღების დონე არ დავარდნილიყო, ლექტორ-მასწავლებლები ჩვენთან კომუნიკაციას და საინტერესო ონლაინ ლექცია-პრაქტიკულების ჩატარებას ახერხებდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ რადგან კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვსწავლობდი და შესაბამისად, შეხება კომპიუტერთან გვქონდა, ჩვენთვის ონლაინ სწავლას კრიტიკული დარტყმა არ მოუყენებია, თუმცა სამწუხაროდ, სხვა სტუდენტური ცხოვრების აქტივობებში ჩართვა რთული იყო. აქტიურად ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო კონფერენციებში, ვიყავი ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ვცდილობდი დავსწრებოდი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ კურსებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების გასავითარებლად. მოკლედ რომ ვთქვა, გავატარე საინტერესო 4 წელი, მაგრამ პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო, ჩემი სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ 2-წლიანი აღმოჩნდა.
ბევრი ამბობს, რომ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტს, კერძოდ, რომელსაც სურს პროგრამისტობა ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერაში მუშაობა, არ ჭირდება დიპლომი სამსახურის დასაწყებად, კერძოდ კი მაგისტრის ხარისხი. მეც დიდხანს ვფიქრობდი ამ საკითხზე გამეგრძელებინა უნდა თუ არა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე და გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა, რადგან ამით არაფერის ვკარგავ. პირიქით, მაგისტრის ხარისხიც მექნება და დამატებით ცოდნასაც შევიძენ, ასევე გავაგრძელებ სტუდენტურ ცხოვრებას. საბედნიეროდ, ბსუ-ში სწავლა ხორციელდება ჩემი სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე, რაც ჩემთვის კომფორტული და სასიამოვნო აღმოჩნდა. ვიქნები ისევ ჩემს მშობლიურ გარემოში და კომუნიკაცია მექნება ისევ იმ ლექტორ-მასწავლებლებთან, რომლებიც 4 წელია მიცნობენ და იციან ჩემი შესაძლებლობები“.
ნიკას სამომავლო გეგმები
„საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე წარჩინებით და მინდა სამაგისტრო პროგრამაც იმავე მოტივაციით და შემართებით დავასრულო. მინდა განვავითარო ჩემი სხვადასხვა შესაძლებლობა და მაქსიმალურად გამოვიყენო საკუთარი ნიჭი კარიერული წინსვლისთვის. ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ ვიყო წარჩინებული ადამიანი და კარგი პროგრამისტი.
მინდა ჩემს თავს ვხედავდე იმ წარმატებულ ადამიანად, რომელიც ეყვარება ოჯახს, სამეგობრო წრეს და კოლეგებს, იამაყონ ლექტორ-მასწავლებლებმა... ყოველთვის ვეცდები დასახული მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯო. რაც არ უნდა შეიცვალოს, 10 ან 20 წელში მე ვიქნები ადამიანი, რომელიც იმედს არასდროს კარგავს და ჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.
უკან |