გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

კურსდამთავრებულთა 85-ე გამოშვება

სურათი

2022 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა 1650-მა სტუდენტმა დაამთავრა. უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთა 85-ე გამოშვება საზეიმოდ გააცილა. მათ გზა დაულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ქალაქიდან მოწვეულმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რექტორის მოადგილეებმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა. 190 სტუდენტს წარჩინებული სწავლის, აქტიური სტუდენტური  ცხოვრებისა და პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი გადაეცა. ჯანდაცვის სპეციალობის კურსდამთავრებულებმა ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. საღამო „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით დასრულდა.

საზეიმო ვითარებაში თეთრხალათიანთა რიგებში იდგნენ სტომატოლოგიის სპეციალობის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ლანა ჯაფარიძე, სალომე გვარიშვილი და ნინო კალაჯიშვილი. გოგონები ამბობენ, რომ მათთვის ეს საღამო რამდენადაც ემოციური იყო, იმდენად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ განვლილი წლებისა და მომავლის წინაშე.

„მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე,  მქონდა მოლოდინი, რომ ჩემს ცხოვრებაში იწყებოდა ახალი ეტაპი, რომელიც დატვირთული იქნებოდა სიახლეებით, გამოწვევებითა და საინტერესო მომენტებით. მოლოდინები გამართლდა, დამხვდა თბილი, მეგობრული გარემო, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით, სადაც ყველა სტუდენტის აზრი გათვალისწინებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხარისხიანი და კარგი განათლება მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტებს. პირველივე კურსიდან მიზნად დავისახე, რომ გავმხდარიყავი წარმატებული სტუდენტი, მიმეღო ხარისხიანი განათლება და გამომემუშავებინა პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ჩემს პროფესიაში მნიშვნელოვანია.  მონაწილეობას აქტიურად ვღებულობდი სამეცნიერო კონფერენციებსა და ღონისძიებაში. ასევე ვარ სამეცნიერო პროექტის ,,ძირითად სტომატოლოგიური დაავადებათა ეპიდემიოლოგია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში და მათი რისკ-ფაქტორების შესწავლა“ - გრანტის მფლობელი. მოგეხსენებათ, აქტიური სტუდენტური ცხოვრება არ არის მარტივი, დატვირთულია სიძნელეებითა და გამოწვევებით, აკადემიური თვალსაზრისით მეტად შრომატევადია, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა იყო წარმატებული.

ვფიქრობ, რომ ბსუ წლების განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება და უკეთესი უნივერსიტეტი ხდება. კონკრეტულად, სტომატოლოგიის მიმართულებაზე თუ ვისაუბრებთ, ბოლო წლებში სტომატოლოგიური კლინიკა - ,,ბსუ დენტი’’ აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, მულაჟებით, რაც ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოტივაციის გაზრდასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, სწავლის გაგრძელება გარდაუვალია,  ვაპირებ რეზიდენტურაში ჩაბარებას და მაქსიმალურად ვეცდები უნივერსიტეტში  შეძენილი ცოდნა აქტიურად გამოვიყენო როგორც პროფესიულ, ისე აკადემიურ სფეროში. არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, უნივერსიტეტში გამოშვების საღამოს წარჩინებულ სტუდენტად  რომ დამასახელეს. დამეთანხმებით, რომ ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება“, _  აქ განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს კურსდამთავრებული ლანა ჯაფარიძე.

„ახლა ბსუ-ს კურსდამთავრებული ვარ და უფრო და უფრო მომწონს ჩემი უნივერსიტეტი“, _ ამ სიტყვებით იწყებს საუბარს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტთან“ სალომე გვარიშვილი. ჩაქვის სასულიერო გიმნაზია ექსტერნად დაასრულა. ამბობს, თავიდანვე უგრძნობდა გული, რომ ბსუ-ს სტუდენტი გახდებოდა და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება ექნებოდა: „მეორე კურსიდან სტიპენდიანტი ვარ. მესამე კურსიდან პროფესიით ვმუშაობდი სტომატოლოგიურ კლინიკა „MY DENT“-ში, სადაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. ვმონაწილეობდი სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში, ვარ გამარჯვებული და გრანტის მფლობელი, სადაც ჩემი მენტორი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება, მედიცინის დოქტორი _ ბატონი ფრიდონ ჯაფარიძე. ჩემ მიერ არჩეულმა პროფესიამ ზუსტად მიჩვენა ცხოვრების გზები, სამომავლოდაც მიმიყვანს მიზნამდე და დამეხმარება პრობლემების დაძლევაში არამარტო მე, არამედ საზოგადოებასაც. ბედნიერებაა, როცა შეგიძლია სხვისი დახმარება და გახარება.

ვფიქრობ, რომ ბსუ-ში გატარებული 5 სტუდენტური წელი. ჩემთვის საუკეთესო და ემოციებით სავსე იყო.  პანდემიის დაძაბულ წლებსაც საინტერესოდ გავიხსენებდი...

არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შემოდგომიდან ექიმი-რეზიდენტის ამპლუაში ვიქნები.  მიხარია, რომ ბსუ-ს 85-ე გამოშვების ნაწილი ვარ.

ეს იყო საიუბილეო საზეიმო ღონისძიება, სადაც კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა პირადად მოგვილოცა და წარჩინებულ სტუდენტებს გადმოგვცა სერტიფიკატები, თეთრ ხალათებში დავდეთ ექიმის ფიცი.  ვფიქრობ, 2022 წლის კურსდამთავრებულებს ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი გამოშვება გვქონდა“.

„პროფესიასთან დაკავშირებით ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული შეხედულება მქონდა, თუმცა აბიტურიენტობის პერიოდში გავაანალიზე, რომ ჩემს თავს სამედიცინო სფეროში ვხედავდი, საბოლოოდ კი სტომატოლოგია ავირჩიე, უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გარკვეული მოლოდინები მქონდა, თუმცა შემიძლია თამამად განვაცხადო, რომს ბსუ-მ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ მქვია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამ  სტატუსს (ბსუელი)  ჩემს პროფესიასა თუ ცხოვრებაში, სხვადასხვა ეტაპზე სიამაყით ვატარებ.  მიმაჩნია, რომ  წარმატების საწინდარი იმ პროფესიის, საქმისა თუ სფეროს სიყვარულია, რომელშიც მოღვაწეობ და ჩემთვისაც სტუდენტობის 5 წელი იყო გამოწვევა ჩემი მომავალი პროფესიისადმი სიყვარული დამემტკიცებინა, რომელსაც ვფიქრობ, წარმატებით გავართვი თავი. სტუდენტობის წლებმა ბევრი რამ მომცა, მათ შორის ყველაზე ძვირფასი ჩემი მეგობრებია, მეგობრების სახით შევიძინე არა მხოლოდ კურსელები, არამედ პროფესორებიც, რომლებიც მუდამ ჩვენი პროფესიული წარმატების განმაპირობლები იქნებიან. ამ 5 წლის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე ემოციური იყო პირველი სტიპენდია, ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, რომ შენს შრომასა და მონდომებას აფასებენ, როდესაც შენს გარჯას გარკვეული შედეგი გამოაქვს, ყოველივე ეს გმატებს მოტივაციას და გაძლევს სტიმულს დაძლიო სხვადასხვა სირთულე.

ახლა, ამ 5 წლის თავზე, უკან ვიხედები  და ვფიქრობ, „ შევცვლიდი თუ არა რამეს?“  - რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ დღეს მე ბედნიერი ვარ ჩემი წარმატებით და ყველაფერი ის რაც მოხდა ამ წლების განმავლობაში, კარგიც თუ ცუდიც _ იყო ამ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი. ახლა უკვე ვარ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და კვლავაც ვიწყებ ცხოვრებაში კიდევ ერთ, ახლ წრეს , ახალი შემართებით, ემოციით, მოლოდინითა და მოტივაციით, ცხოვრებაში კვლავაც და კვლავაც არ სრულდება გამოწვევები, გამიჩნდა ახალი მიზნები, პირველ რიგში მსურს გავხდე რეზიდენტი - წარმატებული რეზიდენტი, როგორც ამბობენ „სწავლა სიკვდილამდეო“ - მეც არ ვაპირებ გაჩერებას, მსურს საფუძვლიანად შევისწავლო ჩემი პროფესიის სხვადასხვა მიმართულება და გავხდე წარმატებული სტომატოლოგი!

საკმაოდ ემოციურია, ჩაიცვა კურსდამთავრებულის მანტია და გააანალიზო, რომ ეს დღე  არის ბოლო დღე, რომელსაც გაატარებ იმ კედლებში, რომლებიც წლებმა მშობლიურ კედლებად გიქცია. ბედნიერი ხარ, რადგან ცხოვრებაში იწყებ ახალ ეტაპს, თუმცა ნოსტალგიაც თითქო აქედანვე იწყება და გიჭირს დათმო ყოველივე ის,  _ რასაც მიეჩვიე ამ ხუთი წლის მანძილზე, თურმე რამხელა სიყვარული გაკავშირებს უნივერსიტეტთან, ჩემთვის კი განსაკუთრებული გახდა გამოსაშვები დღე. სამწუხაროდ წინა დღეებში ვერ შეძლეს ტელეფონზე დამკავშირებოდნენ და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო დაჯილდოების ცერემონიალზე, წარჩინებულ სტუდენტთა შორის ჩემი სახელის გაჟღერება, ავივსე ემოციებით: სიხარული, სიამაყე, ბედნიერება... კვლავაც მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი შრომა ფასდება, ცხოვრების ყოველ ეტაპზე ეს არის ჩემი მოტივაცია! დაჯილდოების ცერემონიას მოჰყვა ჰიპოკრატეს ფიცის დადების ცერემონია, რომელიც არა ნაკლებ ამაღელვებელი იყო, აანალიზებ, რომ უკვე დგახარ იმ საზღვარზე, საიდანაც შენი პროფესიული საქმიანობა იწყება და  ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი ქუდების აყრის ცერემონიალის დროც დადგა, დასრულდა ჩემი 5 წელიწადი, რომელიც როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა - „ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული“, _  ემოციურად საუბრობს ნინო კალაჯიშვილი.

მარიამ და მირიან ფუტკარაძე ტყუპები არიან. ისინი წარჩინებულ სტუდენტთა რიგებშიც გვერდიგვერდ იდგნენ. მარიამი ეკონომისტია, მირიანი კი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

„მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და იმ ყველაფრის განხილვა, რაც გავიარე და რაც გასავლელი მაქვს. როცა წლების პირისპირ ვრჩები, არ მეშინია. არ მეშინია უკან მოხედვის, იმის რაც გავაკეთე. თუმცა უკმაყოფილობის გრძნობა მაინც მაქვს, ან შეიძლება იმედგაცრუების (არ ვიცი რა ქვია) რომ დრო, ყველაზე ძვირფასი დრო ვერ გამოვიყენე ისე მაქსიმალურად, როგორც ვგეგმავდი, როგორც მინდოდა _ რომ იმაზე მეტი გამოცდილება, ცოდნა და მეგობრები ვერ შევიძინე როგორც შემეძლო, ეს ყველაფერი ნაწილობრივ კორონა ვირუსმაც განაპირობა. შევცვლიდი მაგ პერიოდს, იმას, რომ უფრო აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრებით მეცხოვრა, ყველგან და ყველაფეში მეცადა ძალები. ჩემი მიზანია საკუთარი პროფესიით დასაქმება, კარიერულ კიბეზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასვლა. ასევე ველოდები მაგისტრატურის შედეგებს. სწავლას ამ საფეხურზე ისევ ბსუ-ში, ჩემივე მიმართულებით ვგეგმავ. ვფიქრობ, სწავლასა და მუშაობას შევუთავსებ ერთმანეთს.

ზოგადად ემოციური ადამიანი არ ვარ, თუმცა როცა ჩემი სახელი და გვარი ამოიკითხეს და სცენისკენ მიხმეს, უჩვეულოდ ავღელდი. გზაში ვფიქრობდი, ეს იმ ოთხი წელიწადის შრომის შედეგია, კენწეროში  რომ „გატკბილდების“. ის ზღვა ემოცია მივიღე, რასაც არ ველოდი. ცრემლებიც კი მომადგა თვალებზე. მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, მოლოდინს გადააჭარბა ნანახმა. 2022 წლის 5 აგვისტო ჩემს პირად კალენდარში, ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად მაქვს მონიშნული“, _ ემოციებს გვიზიარებს მარიამ ფუტკარაძე.

კურსდამთავრებულის გადასახედიდან, მირიან ფუტკარაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა:

„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ კმაყოფილი ვარ ბსუ-ში გატარებული წლებით. შევცვლიდი იმას, რომ აქტიურად ჩავერთვებოდი საერთაშორისო პროექტებსა თუ კონკურსებში, რაც კიდევ უფრო დამეხმარებოდა მსოფლმხედველობის გაფართოებაში, კვლევითი და სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

  სამომავლოდ მსურს მუშაობა დავიწყო ჩემი სპეციალობით სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში, რადგან დღეს საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა, სიტუაციის სწორი შეფასება და სწორი სტრატეგიული ანალიზი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი. ასევე ვაპირებ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ისტორიის ან განათლების ადმინისტრირების პროგრამის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. ვფიქრობ, სწავლას, მუშაობას და რეპეტიტორობას კარგად შეუთავსებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას.

5 აგვისტო არის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ისტორიული დღე, რომელიც არასდროს წაიშლება მეხსიერებიდან. ეს დღე ჩემთვის ემოციურად დატვირთული დღე იყო, რადგან სიხარულთან ერთად, მქონდა მწუხარების განცდაც. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაუხდი ღონისძიების ყველა ორგანიზატორს, უნივერისტეტს, ადმინისტრაციას და თითოეულ ფაკულტეტს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მეამაყება, რომ ბსუ-ელი ვარ“.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებულ და ბედნიერ წლებს უსურვებს. ბსუ-ს ისტორიას თითოეული თქვენგანი ქმნის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა