გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტი ავსტრიიდან _ აქტიური სტუდენტობის ხიბლი

სურათი

თამუნა დოლიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალი ქულებით ჩაირიცხა, რაც 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობა გახდა. ამბობს, რომ სტუდენტობა წელიწად-ნახევრის შემდეგ იგრძნო, როცა სასწავლო პროცესო ჰიბრიდული მოდელით განახლდა. ის ამჟამად ERASMUS+-ით ავსტრიაში იმყოფება. პროგრამა ძირითადად მდგრადი განვითარების საკითხებს ითვალისწინებს.

თამუნა ავსტრიაში ორი კვირითაა. ის გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტს“ პროგრამის შესახებ ესაუბრება:

 _  წინსვლის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე. სკოლის პერიოდიდანვე დაინტერესებული ვიყავი არაფორმალური განათლებით.  აქტიურად ვმონაწილეობდი როგორც სასკოლო, ასევე საერთაშორისო პროექტებში, რაც დამეხმარა მსოფლმხედველობის გაფართოებასა და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.  სტუდენტობის პირველი წელი და ცხოვრებაში ეს ახალი სტატუსი, ზუმ განათლების გამო, ფაქტობრივად, ვერც კი შევიგრძენი. რა თქმა უნდა, ისიც კარგად მესმის, რომ მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ეს ერთადერთი უპირობო გამოსავალი იყო. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, გადავწყვიტე უფრო რთული გამოწვევა მიმეღო, მაგალითად გავმხდარიყავი ERASMUS+-ის წევრი. მონაწილეობა მივიღე პროექტში GLOCAL ACTION. ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელთა წარმატებით გადალახვის შემთხვევაში გადავდივართ სხვა, უფრო მნიშვნელოვან და პროდუქტიულ ეტაპზე. ამ შემთხვევაში ავსტრიაში გამგზავრება და პროექტში - GLOCAL ACTION- მონაწილეობა იყო ახალი და უდიდესი გამოწვევა, ვინაიდან ეს პირველი ევროპული გამოცდილებაა ჩემთვის. პროექტში ჩართულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანა: რუმინეთი, ავსტრია, ხორვატია, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია და საქართველო. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მხოლოდ შვიდი სტუდენტი ვართ აქ. გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს როგორც კულტურულ გაცვლით ნაწილს, ასევე მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობას,  ქვეყანაში არსებული პრობლემების განხილვას და მათი გადაჭრის გზების ძიებას. ვინაიდან, სწავლა-სწავლება შეუქცევადი პროცესია, პატივი მაქვს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად  ვისწავლო, მივიღო ახალი გამოცდილება, ცოდნა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში და გავუზიარო ჩემი დაგროვილი ცოდნა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სახელით. GLOCAL ACTION სრულიად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ორგანიზებას უწევს INICIATIV ANGOLA.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა