გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია _ 2022"

სურათი

ბსუ-ს ახალგაზრდა  მკვლევრების მოსაზრებები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 7 ფაკულტეტზე, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით, 20 პირველი ადგილის ნომინანტი სტუდენტი გამოვლინდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს დამადასტურებელი სერტიფიკატები უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა, რექტორის მოადგილეებმა _ თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ გადასცეს.

ჩვენი გაზეთის მკითხველს ამჯერად ნიკო ლეონიძეს, ნინო ბერიძეს და მელანო ანანიძეს გავაცნობთ. თანატოლთა რიგებში მათ პირველი ადგილი მოიპოვეს. ამბობენ, რომ სამეცნიერო საქმიანობა აქტიური სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ნიკო ლეონიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საფინანსო, საბანკო და სადაზღვეო საქმის მესამე კურსის სტუდენტი:

ნიკო პირველი კურსიდან მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში როგორც ბსუ-ში, ასევე სხვა უნივერსიტეტებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია და თეზისი.  ცდილობს, რომ დრო  თანაბრად გადაანაწილოს სასწავლო პროგრამის და სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად.

_ ნიკო, როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია სტუდენტისთვის სამეცნიერო კვლევით პროცესებში ჩართვა?

_ დღესდღეობით სამეცნიერო კვლევით პროცესებში მონაწილეობა არ არის რთული სტუდენტებისთვის, რადგან ამისთვის ყველანაირი ხელშემწყობი გარემოა შექმნილი როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვა უნივერსიტეტებში. არსებობს ბევრი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ყოველ წელს იმართება და დასწრება შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს, ნებისმიერი ადგილიდან აქტიურად ჩაერთონ, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით პროცესში.

_ რა აქტუალურ პრობლემატიკას ეხება თქვენი საკონფერენციო ნაშრომი?

_ კონფერენციაზე წარვადგინე თემა სახელწოდებით „სახელმწიფო ვალის ემპირიული ანალიზი და მისი კავშირი ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობასთან პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში“. ნაშრომში ყურადღება გავამახვილე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფო ვალის თეორიული მიმოხილვა და მისი სტრუქტურა საქართველოსთან მიმართებით, შევისწავლე საქართველოს სახელმწიფო ვალის სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით და მოვახდინე მისი ემპირიული ანალიზი; ასევე გავაანალიზე ქვეყნის ფისკალური სტაბილურობისა და სახელმწიფო ვალის ურთიერთკავშირი, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფო ვალის ცვალებადობა ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

_ გამარჯვებულთა შორის თქვენ პირველი ადგილი გერგოთ. რას გვეტყვით, რა ძალისხმევა სჭირდება სტუდენტს, რომ დამსახურებულად მიიღოს ეს ნომინაცია?

_ სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად ჩაერთოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში და წარმოაჩინოს თავისი ცოდნა. კონფერენციაში დამსახურებული პირველი ადგილის მიღებისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტმა სტანდარტებისა და წესების დაცვით შეძლოს აქტუალური საკითხის განხილვა, რომელიც დამყარებული იქნება როგორც სტატისტიკურ მონაცემებსა და დარგის ექსპერტების აზრზე, ასევე თვითონ სტუდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე, რადგან მნიშვნელოვანია ნაშრომში ჩანდეს სტუდენტის შრომა და დამოუკიდებელი მსჯელობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

_ რას ურჩევთ იმ სტუდენტებს, ვისაც კონფერენციაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ?

_  სტუდენტებს, რომლებსაც კონფერენციაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ, ვურჩევ, რომ სასწავლო პროცესის გარდა აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სახის კვლევით ღონისძიებებში, რადგან ეს დაეხმარება მათ ცოდნისა და გამოცდილების შეძენაში, რაც გამოადგებათ, როგორც კარიერულ განვითარებაში, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობით ისინი მიიღებენ გამოცდილებას და გაერკვევიან სამეცნიერო ნაშრომის შედგენისა და წარდგენის პროცესში, რაც დაეხმარებათ მათ სამომავლოდ სხვადასხვა საკითხებში კვლევების შედგენასა და პრეზენტირებაში.

ნიკო სამომავლოდ გეგმავს, რომ წარმატებით დაასრულოს საფინანსო, საბანკო და სადაზღვეო საქმის საბაკალავრო პროგრამა. მას სურს, რომ თავისი პროფესიით სამსახური იპოვოს და  უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ეფექტურად კარიერული წინსვლისთვის გამოიყენოს. ნიკო ასევე, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში  მშობლიურ უნივერსიტეტში აპირებს.

ნინო ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი:

_ ნინო, გვესაუბრეთ თქვენს  სტუდენტურ მიღწევებზე...

_ მიუხედავად ჩემიორ წლიანი სტუდენტის სტატუსისა, მხოლოდ ბოლო ერთი სემესტრია, რაც გავაცნობიერე და ვცდილობ, მოვირგო ეს როლი.  ჯერ კიდევ  სასკოლო ასაკიდან მიზიდავს სამეცნიერო-კვლევითი პროცესები, მაგრამ უშუალოდ ბოლო ორი წელია, პანდემიის პირობებში, ძალიან რთული იყო აქტიური სტუდენტური ცხოვრებით მეცხოვრა. არ ვთვლი, რომ ჯერ რაიმე განსაკუთრებული სტუდენტური მიღწევები მაქვს, მაგრამ სამომავლოდ მოტივაცია უფრო დიდია. მადლიერი ვარ, რომ აკადემიური მოსწრების გამო, სხვადასხვა სახის სტიპენდიას ვიღებ და წელს მეორეჯერ წარვადგინე თემა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების   ფაკულტეტის ორგანიზებით სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი” ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე.

რაც შეეხება ბსუ-ს ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია-2022-ს“,  წარვადგინე თემა „დღევანდელი გლობალური გამოწვევების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და კოვიდ-19-ის გავლენა მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.“ სამეცნიერო ხელმძღვანელი ეთერ ვარშანიძე, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტი გახლდათ.  მასთან თანამშრომლობით შედგა ნაშრომი.

თემის აქტუალობა, ვფიქრობ, თავისთავად ცხადია და მას კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება განაპირობებს. თანამედროვე სამყაროს წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელმა პანდემიამ და კონფლიქტმა, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყების სრულიად საფუძვლიან საშიშროებას ქმნის, ჩვენი ყოველდღიურობის თითქმის ყველა ასპექტი მოიცვა. ჩემს ნაშრომში განხილულია კოვიდ-19-ისა და უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გავლენა მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.  ძირითადი მიგნებები, რომელებიც სამეცნიერო ნაშრომში გამოიკვეთა, ჩატარებული კვლევის შედეგებზეა დაფუძნებული. ვფიქრობ, აუცილებელია გავიგოთ, რა ფსიქოლოგიური ეფექტები აქვს მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პრობლემებს მოზარდთა მენტალურ მდგომარეობაზე დღეს, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური საფრთხეები მომავალ თაობაში. ზოგადად, ნაშრომი ფოკუსირებული გახლავთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რადგან ეს არის საერთო კეთილდღეობის კრიტიკული, უაღრესად მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ, ნაკლებად მხარდაჭერილი ასპექტი, მით უმეტეს ქართულ რეალობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგებს გააჩნია პრაქტიკული ღირებულება როგორც აღმზრდელობითი პროცესებისთვის, ისე თერაპიული მიდგომებისათვის.

_ ნინო, თქვენი ნაშრომის ანალიზიდან ჩანს, რომ სტუდენტები აქტიურად უნდა ერთვებოდნენ ემპირიულ კვლევებში...

_ ჩვენი სამყარო მზარდი ტემპით იცვლება ტექნოლოგიური მოწყობილობების საშუალებით. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლიათ სტუდენტებს დარეგისტრირდნენ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ასევე თითის ერთი მოძრაობით ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები. ციფრული ერა გვაძლევს ბევრ ადამიანთან და დიდ ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობას. დღეს აღარ არის აუცილებელი საათობით ბიბლიოთეკაში ყოფნა და წიგნებში ქექვა ან პირადი ძალისხმევით გარკვეული ინფორმაციის პირველადი დამუშავება. საკუთარი კომფორტის ზონიდან შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ჩვენი სფეროს აქტუალურ სამეცნიერო-კვლევით ტენდენციებს, მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა, თვალი გადავავლოთ მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს და ა.შ.

მინდა აღვნიშნო, რომ ფსიქოლოგიის სექციაში თითოეული მონაწილე ღირსეულად წარსდგა. რა თქმა უნდა, იგრძნობოდა თითოეული სტუდენტის ძალისხმევა და მე, ჩემი სუბიექტური სტანდარტებით, ყველას პირველ ადგილს მივანიჭებდი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, _ თუ რამდენად ობიექტურად მერგო პირველი ადგილი, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პირადი ცნობისმოყვარეობა. როცა ნაშრომით ცდილობ უპასუხო შენს კითხვით ნიშნებს, ვფიქრობ, კვლევაც ანალოგიურად სრულყოფილ სახეს იძენს და აკმაყოფილებს მსმენელთა თუ მკითხველთა ინტერესებსაც.

_ სტუდენტებს, ვისაც კონფერენციაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ, ვურჩევდი, რომ...

_ აუცილებლად სცადონ. იცოდეთ, რომ დასაკარგი არაფერია. საპრიზო ადგილები უბრალოდ წამახალისებელი მექანიზმებია და ვერც პირველი, ვერც მეორე და ვერც მესამე ადგილი ვერ შეედრება იმ გამოცდილების ფასს, რომელსაც თქვენ შეიძენთ. ნაშრომზე მუშაობა დაგეხმარებათ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში, თქვენს ლექტორებთან ურთიერთობების გაღრმავებაში, მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და თეორიული ინფორმაციის გამოყენებაში. მართალია, ჩვენს კვლევებს ამ ეტაპზე შესაძლოა შეზღუდული მასშტაბები და დრო ჰქონდეს, მაგრამ ამგვარი ლიმიტები, ვფიქრობ, ბიძგს მოგვცემს სტუდენტებს, რათა სამომავლოდ უფრო სერიოზული, საზოგადოებისთვის პრაქტიკული და ინოვაციური სამეცნიერო ნაშრომები შევქმნათ.

_ თქვენი სამომავლო კარიერული გეგმები...

_ ფსიქოლოგიის სპეციალობას ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსთან აქვს გარკვეული კავშირი. ამიტომაც, ვფიქრობ, იგი ძალიან ბევრ კარიერულ შესაძლებლობას მთავაზობს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, თუ რაოდენ კარგი ნაბიჯი გადავდგი, როცა გადავწყვიტე ჩემი ინტერესები და შინაგანი იმპულსები პროფესიად მექცია და მომავალიც ფსიქოლოგიას დავუკავშირე. ჯერჯერობით ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი თუ რომელ სფეროს ავირჩევ. ალბათ, სწავლების მომდევნო ორი წელი უფრო ნათლად გამოკვეთს ჩემს სამომავლო გეგმებს.

მელანო ანანიძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი:

„2019 წლიდან, მას შემდეგ რაც აღნიშნულ პროგრამაზე ჩავაბარე, საკმაოდ აქტიურად მივყვები სტუდენტურ ცხოვრებას. ვცდილობ, ვიზრუნო ჩემს პროფესიულ განვითარებაზე.  სწავლისა თუ პრაქტიკის დროს ვაკვირდები თითოეულ დეტალს. აქტიურად ვესწრები სხვადასხვა კონფერენციასა და ტრენინგს. პირველივე წლიდან ვარ სტიპენდიანტი, რაც არის ერთგვარი სტიმული იმის, რომ ჩვენი შრომა და მონდომება ფასდება. მქონდა სახელმწიფო სტიპენდია, ვიყავი თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიანტი, ასევე გულო აღა კაიკაციშვილის სახელობის სტიპენდიანტი  და ასევე ვარ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი. აღნიშნულის გარდა, უნივერსიტეტმა მომცა სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. ვესწრები საინტერესო ღონისძიებებს, აქტიურად ვმონაწილეობ უნივერსიტეტში არსებული ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. ვარ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს წევრი, რომელიც  არის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და სხვადასხვა პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მჯერა, სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო და შედეგიანი აქტივობა მელოდება“, _ ამბობს მელანო ანანიძე.

_ ,,სწავლების უნივერსალური დიზაინი“, _ ეს ჩემი საკონფერენციო თემაა. ყურადღება გავამახვილე  ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა სასწავლო პროცესის დაგეგმვა სწავლების უნივერსალური  დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც პასუხობს  ინკლუზიური განათლების მთავარ კონცეფციას _ განსხვავებულობა არის ნორმა. ნაშრომში განხილულია სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინცი­პების დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობა“.

მელანო ფიქრობს, რომ სტუდენტის სამეცნიერო კვლევით პროცესებში ჩართულობის სირთულე, ნაკლებ ინფორმაციასა და შიშს უკავშირდება: „ვფიქრობ, რომ სტუდენტების უმეტესობას ან არ აქვს სრული ინფორმაცია, ან ეშინია იმისა, რომ ვერ გაუმკლავდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სჯეროდეთ საკუთარი თავის. ეტაპობრივად ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, მთავარია სურვილი. მართალია, სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და  მას  ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. მუშაობის პერიოდში ხდება როგორც საკითხის უკეთ შესწავლა და კვლევა, ასევე ვითარდება ჩვენი უნარ-ჩვევები. სწორედ ამიტომ, ნაშრომზე მუშაობის პროცესი მოითხოვს ყურადღებას, პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობასა და ძალისხმევას. თუმცა საბოლოო შედეგი  ნამდვილად ღირს ამ ძალისხმევად.

მიყვარს გამონათქვამი: ,,თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა". აღნიშნული ფრაზა ჩემთვის ერთგვარი დევიზია  და ვცდილობ მუდამ ვიზრუნო განვითარებაზე. ვიმედოვნებ, რომ  სამომავლოდაც ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას გავაგრძელებ, მონაწილეობას მივიღებ სხვადასხვა აქტივობაში და ეტაპობრივად გამოვიმუშავებ იმ თვისებებს, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მომავალი მასწავლებლისთვის“.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს პერიოდულად გააცნობს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა