სამეცნიერო პიკნიკი ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. მასში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი არაერთი უნივერსიტეტი ღებულობდა. ,,შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკის“ ღონისძიების ფარგლებში მეცნიერ-თანამშრომლებმა დამთვალიერებლებს სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში უმასპინძლეს. ისინი დაინტერესებულ მნახველებს საექსპერიმენტო მიღწევებზე ესაუბრნენ. ამავდროულად, მათ თანამედროვე საცდელი ტექნოლოგიები და ორიგინალური ნაწარმი წარუდგინეს. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული განყოფილების უფროსს, ბატონ რაულ გოცირიძეს და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფროვნების მეცნიერ-თანამშრომელს, ქალბატონ ნანა ჯაბნიძეს ესაუბრა.
_ ბატონო რაულ, თქვენ მონაწილეობთ ,,შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკის“ სამეცნიერო ღონისძიებაში. რა არის დღეს შავი ზღვისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი და რა წარუდგინეთ დაინტერესებულ საზოგადოებას?
_ ყველაზე მტკივნეული საკითხი დაბინძურებული შავი ზღვაა. ორი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მონიტორინგს გონიოს ზღვიდან ქობულეთის ზღვის სანაპიროს ჩათვლით. სხვადასხვა სეზონზე ზღვის დაბინძურების ფაქტორები შევისწავლეთ. საქართველოში ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნავთობის ტრანზიტია ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. ტრანზიტის დროს ნავთობი იღვრება. ყველაზე მეტად დაბინძურებული ზღვა აღმოჩნდა ნავსადგურში. როგორც ჩანს, მაინც მიმდინარეობს ჩაქცევა ტანკერების გარეცხვის შედეგად. მონიტორინგის შემდეგ დავამუშავეთ ტექნოლოგია თუ როგორ შევძლოთ დაბინძურებული წყლის გასუფთავება. ჩვენ გავაკეთეთ საექსპერიმენტოდ აპარატურა, რომლის საშუალებითაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისაგან შავი ზღვასა და მასში ჩამდინარე წყლები გავასუფთავეთ. დამთვალიერებელს აპარატურის საშუალებით ვაჩვენეთ, თუ როგორ ხდება ნავთობის შემცველი წყლის სეპარაციის და შემდეგ ნავთობის სორბციის პროცესი.
ასევე მტკივნეული საკითხია ზღვაში ჩამდინარე დაბინძურებული მდინარეები. განსაკუთრებით საშიშია ჩამდინარე წყლებიდან ზღვაში მოხვედრილი მძიმე მეტალები, მაგალითად სპილენძი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მოიპოვება ოქრო და სადაც ოქროა, იქ დიდი რაოდენობით სპილენძია. ოქროს მოპოვების დროს კი სპილენძი იღვრება გამდინარე წყლებში. სპილენძს ნახავთ კაზრეთულას მდინარეში. ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად შევქმენით ახალი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ვიღებთ წყლებიდან მეტალებს. დღეს სადემონსტრაციოდ წარმოდგენილმა საპილოტე ელექტროდიალიზურმა მოწყობილობამ დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ელექტროდიალიზური აპარატით ხდება წყლის როგორც გასუფთავება, ასევე მეტალის იონის დაკონცენტრირებაც. მისი საშუალებით შესაძლებელია დაკონცენტრირებული სპილენძის რეკუპერიზაცია, ანუ კვლავ წარმოებაში დაბრუნება.
„ჩვენ შევადარეთ და დავასაბუთეთ, რომ მძიმე მეტალები ათჯერ უფრო საშიშია სიცოცხლისთვის, ვიდრე რადიაცია“, _ ამბობს ბატონი რაული.
სამეცნიერო ღონისძიებაში ბსუ-ს ფიტოფათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტიც მონაწილეობდა. მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების კვლევებზე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი ნანა ჯაბნიძე გვესაუბრა.
_ ქალბატონო ნანა, ბსუ-ს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკზე რა აქტუალური საკითხებით დააინტერესეთ დამთვალიერებელი? გთხოვთ, გვესაუბროთ რა სამეცნიერო მიღწევები გქონდათ წარმოდგენილი...
_ როგორც ცნობილია, მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის საჭირო ყველა აგროტექნოლოგიური წესის კომბინირებული გამოყენება და დაცვა, მათ შორის უპირველესია მავნე ორგანიზმების გავრცელების კონტროლი მცენარეებზე, რომლებიც მცენარეთა ნარგავების ნორმალურ ზრდა-განვითარებას უშლის ხელს, სწორედ აქედან და ჩვენი უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ვახდენთ დაავადებათა დიაგნოსტიკას, ასევე ექსპედიციების გზით კენკროვანთა ნარგაობის გამოკვლევას; შეგროვილი საწყისი ნიმუშებიდან დაავადების გამომწვევის გამოყოფა-იდენტიფიკაციას, გამოვლენილი დაავადებების კონტროლს, მათ წინააღმდეგ დროული და ეფექტური ბრძოლის ღონისძიებების გატარებას და სხვა.
აღნიშნულ სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი გვქონდა მცენარეთა დაავადებული ორგანოები და სუფთა კულტურაში გამოყოფილი ის მიკროორგანიზმები, რომლებიც იწვევენ მცენარეთა სხვადასხვა საშიშ დაავადებებს. პიკნიკზე არამარტო უფროსი თაობა, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, არამედ უცხოელი სტუმრებიც დიდ ინტერესს იჩენდნენ ჩვენი პროდუქტის მიმართ. დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს მიკროსკოპის საშუალებით ვაჩვენებდით დამთვალიერებლებს და ვუხსნიდით თითოეული დაავადების პათოგენურობას ამა თუ იმ მცენარის მიმართ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი რამ იცოდნენ მიკროორგანიზმებისა და მცენარეთა დაავადებების შესახებ, რაც მათ მიერ დასმულ კითხვებშიც კარგად ჩანდა. საერთოდ, პრობლემატიკიდან გამომდინარე, მცენარეთა დაცვა ძალიან აქტუალურია. შესაბამისად, მისდამი ინტერესიც დიდია.
_ რა არის თქვენი განყოფილების სამომავლო გეგმები?
უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და დაავადებათა გამომწვევი პათოგენების შესწავლა, ფიტოპათოგენთა არსებული კოლექციის გაახლება და ახალი შტამების მიღება-შენახვა. სამომავლო გეგმებში შედის ასევე საკვლევ კულტურებზე საკარანტინო და ახალი მავნებელ-დაავადებების გამოვლენა, მათი გავრცელების არეალის და განვითარების ხარისხის დადგენა, მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიკაცია როგორც კლასიკური, ისე მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ძირითადი პათოგენების ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ეპიდემიოლოგიის შესწავლა მათი კონტროლის ღონისძიებების შემუშავებისთვის, ბიოპრეპარატების გამოცდა საველე და ლაბორატორიულ პირობებში, პროფილაქტიკური და დამცავი ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავება კულტურების მიხედვით და სხვა.
მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სემინარებსა და პროექტებში. შესაბამისად, თანამშრომლობას გავაგრძელებთ როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. ასევე ფერმერებს მომავალშიც გავუწევთ შესაბამის მომსახურეობას მავნებელ-დაავადებათა დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით და გავცემთ რეკომენდაციებს.
სამეცნიერო ღონისძიება ,,შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკის“ ფარგლებში, შავი ზღვის პრობლემური საკითხები ფერებით გამოსახა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა. მან შავი ზღვის ნახატი ბსუ-ს ბენდის ცოცხალი მუსიკის ფონზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შექმნა. ღონისძიებაზე ასევე უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი იყო ფოტო-დოკუმენტური მასალები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი სახელმძღვანელოები.
უკან |