გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ჩემი თემა 180 წამში“, _ ბსუ-ს დოქტორანტს მე-3 ადგილი ერგო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი „ჩემი თემა 180 წამში“ გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ფრანგულენოვანი დოქტორანტები მონაწილეობდნენ. კონკურსის მიზანი იყო საკვლევი თემის სამ წუთში მკაფიოდ და ლაკონურად ჩამოყალიბება. ჟიურის გადაწყვეტილებით, ჩვენი უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დოქტორანტ ანა კალანდიას მესამე ადგილი ერგო.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ გაგაცნობთ ახალგაზრდა მკვლევარს, მრავალშვილიან დედას, რომელიც პარალელურად, სადისერტაციო თემაზეც წარმატებით მუშაობს. 

_ სკოლის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლა წარჩინებით დავამთავრე და მაგისტრატურაც თსუ-ში დავასრულე. უცხო ენებისკენ მიდრეკილება ბავშვობიდანვე მქონდა. თავისუფლად ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს, გარდა ამისა, ვსწავლობდი ესპანურ ენას, შეხება მქონდა გერმანულთანაც. ოჯახის შექმნიდან ექვსს წელიწადში გარკვეული დროით ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და დღემდე აქ ვართ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გადავწყვიტე დოქტორანტურაში ჩამებარებინა და 2019 წელს ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლინგვისტიკის მიმართულებით. მოგახსენებთ, რომ შვიდი წელი ვიმუშავე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში უცხოენოვან გიდად, რამაც განაპირობა ჩემი დაინტერესება ტურიზმის სფეროთი. სწორედ ეს ინტერესი დაედო საფუძვლად ჩემს სადოქტორო თემას. ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელთან, შესანიშნავ ადამიანთან, ქალბატონ ირინე გოშხეთელიანთან ერთად გადავწყვიტე საკვლევად სწორედ ეს მიმართულება ამერჩია. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, ჩემი ხელმძღვანელის შესახებ. ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ქალბატონ ირინას პროფესიონალურ რჩევებსა და მითითებებს სწორი მიმართულებით მივყავარ დასახული მიზნისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობამ დიდი  გამოცდილება შემძინა. გარდა ამისა, აქ დამხვდა ძალიან თბილი, ოჯახური გარემო, სადაც თავს ამ გუნდის წევრად ვგრძნობდი. ამჟამად ვმუშაობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურში, სადაც მუდამ საქმიანი, მაგრამ ამავე დროს თბილი და კეთილგანწყობილი გარემოა. პარალელურად, ამავე უნივერსიტეტში სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებთან მიმყავს სალექციო კურსი ინგლისურ ენაში.

_ ანა, როგორ აღმოჩნდით კონკურსში?

_ ბსუ 2018 წლიდან არის AUF-ის ანუ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი. ამ ორგანიზაციიდან ყოველწლიურად მოდის ინფორმაცია სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. პირადად მე ამ კონკურსის შესახებ ინფორმაცია ბსუ-ს ფრანგული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნატალია სურგულაძემ მომაწოდა და მასში მონაწილეობა შემომთავაზა. ქალბატონ ნატალიას დახმარებით შევძელი ფრანგულ ენაზე წამეკითხა ჩემი დისერტაციის მოკლე ანოტაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.

_ 180 წამში სადისერტაციო თემის მონახაზის წარმოჩენა ისე, რომ აუდიტორია დააინტერესო, მარტივი არ არის. დროის მენეჯმენტის თქვენეული ხელოვნება რაში მდგომარეობს?

_ ნამდვილად არ არის ადვილი გადმოსცე შენი დისერტაციის თემა მაქსიმუმ სამ წუთში, მით უმეტეს, უცხო ენაზე და საკმაოდ სოლიდური აუდიტორიის წინაშე, მაგრამ ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს თვით ჩემი თემის დამსახურებაა, რადგან ის საკმაოდ აქტუალურია. ვეცადე, ძირითადი საკითხები წარმომეჩინა ისე, რომ გასაგები და საინტერესო ყოფილიყო მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის. ჩემი აზრით, როცა თავდაჯერებულად, აუღელვებლად, კონკრეტულად და ლაკონურად მიზანზე და შემდგომ შედეგებზე საუბრობ, ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს სიმპათიით განაწყობ.

_ უფრო კონკრეტულად რომ გვესაუბროთ საკვლევი თემის შესახებ...

_ ჩემი სადისერტაციო თემა არის „ტურიზმის დისკურსის ლინგვისტური თავისებურებები“. განვიხილავ როგორც ინგლისური ტურიზმის დისკურსს, ასევე, ქართული ტურიზმის დისკურსსაც. ჩემს თემაში დასმული საკითხები ნაკლებად არის შესწავლილი. გზამკვლევების, ტურისტული ტექსტების მაგალითებზე დაყრდნობით, ვცდილობ გამოვიკვლიო ამ ორი ენის ლინგვისტური თავისებურებები და გავაკეთო მათი შეპირისპირებითი ანალიზი.

_ თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები...

_ გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე სტატია და ვაპირებ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში ახალი თემების გაშუქებას. წინ აპრობაცია და შემდგომ დისერტაციის საჯაროდ დაცვა მელოდება, რისთვისაც საგანგებოდ ვემზადები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა